ლეგიონი, რომელიც თითქოს არ გვახსოვს - „ქიზილქუმის“ ქართველობა
ლეგიონი, რომელიც თითქოს არ გვახსოვს - „ქიზილქუმის“ ქართველობა
20.09.2024
ავტორი: TSFF.Ge

„ამ ეტაპზე, ჩვენი გუნდის მიზანი ლიგაში დარჩენაა", - ამბობს ჩვენს ვებ-გვერდთან საუბარში გუჯა ლობჯანიძე, ქართველი ფორვარდი, რომელსაც ერთდ დროს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ხშირად იძახებდნენ, თუმცა ახლა, ევროპის ფარგლებს გარეთ მოთამაშე სხვა ფეხბურთელების მსგავსად ისიც, თითქოს, თვალთახედვის არეში აღარ ხვდება.

ალბათ, ყველას გახსოვთ, რომ უზბეკეთის საფეხბურთო ჩემპიონატში არის ერთი კლუბი, „ქიზილქუმი", რომელშიც სამი ქართველი ფეხბურთელი, გუჯა ლობჯანიძე, გიორგი კუხიანიძე და აკაკი შულაია ირიცხებიან. ქართველების კლუბი, 19 მატჩის შემდეგ, 20 ქულით მხოლოდ მე-9 ადგილზე არის, თუმცა, ჩვენებიდან ერთ-ერთი გუჯა ლობჯანიძე, უზბეკეთის გოლეადორთა დავაში 6 გატანილი გოლით მე-7 ადგილზეა. სხვათა შორის, გუჯა, სულ ერთი ბურთით ჩამორჩება, ფეხბურთის ქართველი ქომაგისთვის კარგად ნაცნობ, ყოფილ თბილისის დინამოელ, ზორან მარუშიჩს.


ქართველმა ფორვარდმა ელგუჯა ლობჯანიძემ მე-6 გოლი 19 სექტემბერს, გასვლით შეხვედრაზე „ნეფჩის" გაუტანა, 70-ე წუთზე და შეიძლება ითქვას, საკუთარ დაბადების დღეზე, საუკეთესო საჩუქარიც გაიკეთა.


აქვე გეტყვით, რომ 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა კუხიანიძის სათვალავშია. ანალოგიური მაჩვენებელი აქვს აკაკი შულაიასაც.