ორი ტურით ადრე ქართველი ქალები 45-ე საჭადრაკო ჩემპიონატის მოგების შანსს ინარჩუნებენ
ორი ტურით ადრე ქართველი ქალები 45-ე საჭადრაკო ჩემპიონატის მოგების შანსს ინარჩუნებენ
20.09.2024
ავტორი: TSFF.Ge

ბუდაპეშტში, რიგით 45-ე საჭადრაკო ოლიმპიადა მიმდინარეობს, რომელშიც ბუნებრივია, საქართველოს ქალთა ნაკრებიც ასპარეზობს და თანაც, აღნიშნული გათამაშების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ორი ტურით ადრე, ქართველი ქალები მთავარი ტიტულის მოსაგებად შანსებს კვლავ ინარჩუნებენ, თუმცა, ამისთვის დარჩენილ ტურებში მაქსიმუმის გაკეთება მოუწევთ. ქალთა შორის გამარჯვებულს, 23 სექტემბერს დააჯილდოებენ.

ცხრა ტურის შემდეგ ოლიმპიადას ყაზახეთი ლიდერობს 16 ქულით, ერთი ქულით ნაკლები აქვს ინდოეთს. საქართველოს ქალთა ნაკრები 14 ქულით III-XI ადგილებს ინაწილებს. ჩვენ ქალებს საპრიზო სამეულში მოსახვედრად, სწორედ გათამაშების ლიდერთან ყაზახეთის გუნდთან უწევთ მეათე ტურში შეხვედრა. ამავე ტურში ინდოეთი - ჩინეთს, პოლონეთი - გერმანიას, აშშ - უკრაინას და ესპანეთი - სომხეთს დაუპირისპირდება.


მეცხრე ტურში კი, საქართველოს ქალთა ნაკრებმა დიდი ანგარიშით დაამარცხა საფრანგეთის გუნდი. პარტიები მოიგეს: ნანა ძაგნიძემ, ნინო ბაციაშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა. ლელა ჯავახიშვილმა კი, შეხვედრა ყაიმით დაასრულა.


და ბოლოს გეტყვით, რომ საქართველოს ქალთა ნაკრებს, რომელსაც 2462 (მონაწილეთა საშუალო რეიტინგი)  სარეიტინგო ქულა აქვს, უკრაინელი გროსმაისტერი ვლადიმირ ტუკმაკოვი კაპიტნობს.  მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელის განკარგულებაში უნგრეთში საქართველოს ქალთა გუნდში ნანა ძაგნიძე (2508), ლელა ჯავახიშვილი (2446), ნინო ბაციაშვილი (2461), ბელა ხოტენაშვილი (2432) და სალომე მელია (2293) ასპარეზობენ.


ფოტო: საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია