
ბუდაპეშტში, 45-ე საჭადრაკო ოლიმპიადის პარალელურად, ფიდე-ს (მსოფლიო საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაცია) 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობს. ერთ-ერთი 19 სექტემბერს გაიმართა. ამ დღეს, ფიდე-ს წარმომადგენლებმა, ორგანიზაციის 100 წლიანი არსებობის მანძილზე გამორჩეული საჭადრაკო ორგანიზაციები და ცალკეული მოღვაწეების, განსაკუთრებული მიღწევებისა და ჭადრაკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოეს.
ყველა დროის საუკეთესო ქალთა გუნდად საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები დასახელდა. „1957 წლიდან 1988 წლამდე, საბჭოთა კავშირის ბატონობა ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადებზე შთამბეჭდავი იყო. საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის შემდეგ კი, ლიდერის პოზიცია საქართველომ დაიკავა. საქართველომ ქალთა ნაკრებმა ჯამში 6 ოქროს მედალი მოიპოვა," - ნათქვამია ფიდე-ს მიერ გამოცემულ კომუნიკეში.
ჯილდო ქართული და მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდამ, ნონა გაფრინდაშვილმაც ჩაიბარა. ფიდე-მ ის, სპეციალური პრიზით დააჯილდოვა. ალბათ, ნონას შესახებ, ყველამ ყველაფერი იცის, თუმცა, მაინც შეგახსენებთ, რომ მსოფლიო და ქართული ჭადრაკის ლეგენდამ, დიდოსტატმა, მსოფლიოს თავი აგრესიული თამაშის სტილით დაამახსოვრა. ნონა, ქალთა შორის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია. ის, დაუმარცხებელი იყო 1962 წლიდან 1978 წლამდე. გაფრინდაშვილმა, სსრკ-სა და საქართველოს ნაკრებების შემადგენლობაში 11 საჭადრაკო ოლიმპიადა მოიგო და პირველი ქალი იყო, რომელმაც 70-იანი წლებში ჭადრაკის დიდოსტატის წოდება მიიღო. თუმცა, ფიდე ნონასთვის სპეციალური ჯილდოთი შემოიფარგლა. საუკეთესო მოჭადრაკე ქალად კი, უნგრელი იუდით (ჟუჟა) პოლგარი დაასახელა.
ფიდე-მ, ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში საუკეთესო ვაჟ მოჭადრაკედ - მაგნუს კარლსენი, საუკეთესო გუნდად კი, ჩვენი მეზობელი სომხეთის ნაკრები დაასახელა.
ფოტო: საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია





ჩვენ







