მალე, ზამთარი მოვა და საციგურაო სეზონიც გაჩაღდება
მალე, ზამთარი მოვა და საციგურაო სეზონიც გაჩაღდება
26.09.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

შემოდგომის პირველ თვეს, ქართველმა მოციგურავეებმა ახალი სეზონისთვის გახურება დაიწყეს. ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების შემდეგ, ყველაზე პრესტიჟულ გრან პრის ახალი სეზონისთვის ქართველ მოციგურავეებს რამდენიმე ქვეყნიდან აქვთ შემოთავაზება. მოგეხსენებათ, სეზონის მანძილზე გრან პრის ექვსი ეტაპი ტარდება და იმისთვის, რომ ბოლო, დასკვნით, მეშვიდე (ფინალურ ეტაპზე) მოხვდე, სპორტსმენს (წყვილს) მინიმუმ ორ ეტაპზე უნდა ჰქონდეს მიღებული მონაწილეობა.

კიდევ ერთი დეტალი, გარნ პრის ორ ეტაპზე სპორტსმენებს რეიტინგისა და დამსახურების მიხედვით იწვევენ, შესაბამისა, საქართველო, მისთვის არატრადიციულ სპორტის სახეობაში, მიაღწია, რომ ფიგურული ციგურაობის რუკაზე, მისი შემჩნევა დაიწყეს.


ამერიკის ეტაპი (18-20 ოქტომბერი)

ნიკა ეგაძე

ანასტასია მეტელკინა / ლუკა ბერულავა

დიანა დევისი / გლებ სმოლკინი


საფრანგეთის ეტაპი (1-3 ნოემბერი)

ანასტასია გუბანოვა


იაპონიის ეტაპი (8-10 ნოემბერი)

ანასტასია მეტელკინა / ლუკა ბერულავა


Cup of China (22-24 ნოემბერი)

  • ნიკა ეგაძე
  • ანასტასია გუბანოვა
  • დიანა დევისი / გლებ სმოლკინი


გრან პრის ახალგაზრდულ სეზონებში ქართულ გუნდს საკმაოდ საინტერესო შედეგები აქვთ. ალბათ, გემახსოვრებათ, რომ 2023-2024 წლების ახალგაზრდული გრან პრის ფინალში იასპარეზა და მოიგო ქართულმა წყვილმა ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინამ.


ანალოგიური გრან პრის 2019-2020 წლების ფინალი მოიგო გიორგი რევიასა და მარია კაზაკოვას წყვილმაც, რომელმაც სამწუხაროდ, გასული სეზონის დასრულების შემდეგ, დაშლის შესახებ გამოაცხადეს გადაწყვეტილება. ჩვენი გვერდი, ამ წყვილის თემას, აუცილებლად, ახლო მომავალში და უფრო დეტალურად დაუბრუნდება.


თუმცა, ახლა ჩენები უკვე სენიორების ასაკობრივ ჯგუფში ასპარეზობენ, ამიტომ აქ, ათვლაც თავიდან იწყება.


მანამდე, საქართველოს 2023 წლის საუკეთესო ქალმა სპორტსმენმა ანასტასია გუბანოვა, 13-15 სექტემბერს იტალიის  ქალაქ  ბერგამოში გამართულ ტრადიციულ  ჩელენჯერის  სერიის   საერთაშორისო ტურნირში, "Lombardia  Trophy", მიიღო მონაწილეობა.  მოკლე პროგრამაში, გუბანოვამ 66.78 (36.59/30.1) ქულა აიღო და მეორე პროგრამის წინ, მხოლოდ მეოთხე იყო. თავისუფალ პროგრამაში 128.96 (65.28 /63.68) ქულა და მესამე ადგილი დაიმსახურა თუმცა, საპრიზო სამეულში შესასვლელად, ჩვენიანს ეს არ ეყო და აშშ-ს ორი და იაპონიის წარმომადგენლების შემდეგ, საბოლოოდ, 195.74 ქულით მეოთხე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.


ბერგამოში გამართული ტურნირი, სეზონის პირველი სტარტი გამოდგა ნიკა ეგაძისთვისაც. ვაჟთა ერთეულთა თანრიგში მოასპარეზე სპორტსმენმა 232,01   ქულით   22  სპორტსმენს   შორის   მე-5   ადგილი   დაიკავა. ნიკამ, მაყურებლის წინაშე ახლი მოკლე პროგრამა წარმოადგინა და 76.45 (42.47/33.98) ქულით, მე-4 პოზიციაზე დაასრულა ასპარეზობა. თავისუფალ პროგრამაში, ეგაძემ, 155.56 (82.96 /73.60) ქულით მეექვსე პოზიცია დაიკავა და საბოლოოდ, მე-5 ადგილს დასჯერდა.


ფიგურული ციგურაობის ქართული გუნდის მორიგი გაჩერება, ყაზახეთი და ასტანაში დაგეგმილი ჩელენჯერის სერიის ტურნირი, „დენის ტენის მემორიალია", რომელი 2-5 ოქტომბერს გაიმართება და მასში ნიკა ეგაძე, ანასტასია გუბანოვა, ასევე დიანა დევისისა და გლებ სმოლნიკის წყვილი მიიღებს მონაწილეობას. აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული ტურნირი ზამთრის ოლიმპიადის წინა წელს, სარეიტინგოა ქულების დაგროვების თვალსაზრისით.                         



საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ფოტო