ქართველებმა ორივე სპარინგი მოიგეს
ქართველებმა ორივე სპარინგი მოიგეს
25.09.2018
ავტორი:

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა 24 და 25 სექტემბერს გერმანიაში, ადგილობრივ ნაკრებთან დაგეგმილი ორივე ამხანაგური შეხვედრა მოიგო, 2-4 და 1-3. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ამ მატჩებით მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის სამზადისი ოფიციალურად დაიწყო.

გერმანიაში გამგზავრებამდე, ქართველთა მთავარი მწვრთნელი აღნიშნავდა, რომ გერმანიის ნაკრებთან ეს ორი სპარინგი, ქართველ ფეხბურთელებსაც და სამწვრთნელო შტაბსაც გამოცდილებას შემატებადა. მითუმეტეს, რომ მწვრთნელმა ამ შეკრებაზე ბევრი ახალი მოთამაშე გამოიძახა.

გერმანიაში გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულები იყვნენ მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი), თორნიკე ბუკია (ვალეტა,მალტა);  წინა ხაზი: შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), გია ნიყვაშვილი (ვალეტა, მალტა), ნიკა კურტანიძე (პსპ, თბილისი), სიმი საიოტი (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ტატიშვილი,თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში,ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში,ბელარუსი),  შოთა ჭანუყვაძე (თელასი, თბილისი) მურთაზ კაკაბაძე (ვალეტა,მალტა) რონინიო და სილვა (ხერსონი, უკრაინა), როდრიგო ანდრეი სილვა სანტოსი (ხერსონი, უკრაინა), გიორგი ნიშნიანიძე (ტატიშვილი, თბილისი).




პირველი ამხანაგური მატჩში, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა 2-4 დაამარცხა მასპინძლები. ჰამბურგში, ახალი სეზონის პირველი გოლი რონინიოს ანგარიშზეა. მომდევნო გოლები კურტანიძემ, სიმი საიოტიმ და თოდუამ გაიტანეს.  ამ მატჩში ავთანდილ ასათიანმა თამაში შემდეგ შემადგენლობას დააწყებინა: კუპატაძე, სებისკვერაძე, სიმი, რონინიო და ნიშნიანიძე. მეორე მატჩი, ასათიანმა შემდეგ შემადგენლობას დააწყებინა: ბუკია, თოფურია, სიმი, რონინიო და ფუმასა.


„სამწვრთნელო შტაბს, გერმანიის ეს შეკრება ძალიან წაგვადგა.  პირველ თამაშში სამწუხაროდ, იყო შეცდომები იმ  დავალებების შესრულების მხრივ და შემადგელობებითაც რაც დავაყენეთ. შემადგენლობების მხრივ ვეცადეთ, რომ დაგვებალანსებინა ოთხეულები. იმიტომ, რომ ამხანაგურ თამაშში ყოველთვის ვცდილობთ, ოთხეულებით ვითამაშოდ, რადგან ძირითადი აქცენტი გადატანილი გვაქვს შეთამაშებებზე, კომბინაციებზე და არა შედეგზე. ამასთან ერათად, სასიხარულოა, რომ მოვიგეთ", - ამბობს ავთანდილ ასათიანი, TSFF.GE-სთან საუბარში.

  

ამ შეკრებაზე, ქართველთა გუნდს, ერთი ბრაზილიელი - თალეს დამატა აკლდა. გუნდში არ იყვნენ, ქართველი ქომაგებისთვის ცნობადი რამდენიმე სახეც. თუმცა, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხაზსს უსვამს იმ გარემოებას, რომ ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი და გერმანიასთან სათამაშოდ არმოხვედრილი მოთამაშეები, სხვა მატჩების დროს, შესაძლოა კვლავ დაბრუნდნენ საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. გერმანიის შეკრებაზე კი თბილისიდან არასრული შემადგენლობით წასულ გუნდს, ადგილზე 5 მოთამაშე, მათ შორის გუნდის მეკარე ზვიად კუპატაძეც შეუერთდნენ.

 

„მართალია, 5 ფეხბურთელი გერმანიაში შემოგვიერთდა. ჩათვალეთ, რომ ერთი ვარჯიშიც კი ვერ მოვასწარით მთლიანი შემადგენლობით, მაგრამ ესეც ფეხბურთის ნაწილია. რაღაც მომენტში, ამას შეგუებულები ვართ. ამ ბიჭებს, საკუთარ გუნდებში, ჩემპიონთა ლიგის თამაშები აქვთ სათამაშო და გუნდების მწვრთნელების თხოვნაც იყო, რომ ნაკრებში მაქსიმალურად მცირე დროით გამოუშვებდნენ. თუმცა, რაც შევძელით, თეორიულ შეკრებაზე, როდესაც თამაშის წინა თეორია გავიარეთ, ვეცადეთ რომ დაგვებალანსებინა. ამ შეკრებაზე გერმანიაში შემოგვიერთდა ფუმასაც, რომელსაც რუმინეთთან თამაშის შემდეგ არ უთამაშია ნაკრებში", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.


 

 

ანგარიშით 1-3 დაამარცხა მეორე შეხვედრაში საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიის ნაკრები. კვლავ უგოლოდ არ დატოვეს მოედანი სიმი საიოტმა და ირაკლი თოდუამ. კიდევ ერთი საქართველოს ნაკრებიდან ფუმასას ანგარიშზეა.

 

 „ძალიან კმაყოფილი დავრჩით ამ 2 თამაშით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმიტომ არა, რომ ორივე მატჩში გავიმარჯვეთ. პირველ თამაშში, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და ალბათ, კლასით უფრო მაღალი გუნდები, ამას არ გვაპატიებდნენ. ყველაზე კარგია ის, რომ  პირველი მატჩის შემდეგ, ძირფესვიანად გავიარეთ ყველა შეცდომა გუნდთან ერთად და მაქსიმალურად ნულამდე დავიყვანეთ ისინი მეორე შეხვედრის დროს. ამას გარდა, მეორე თამაშში, მოგებაზე მეტად გამიხარდა ის გარემოება, რომ პირველი თამაშის შეცდომები ფაქტიურად აღარ გაგვიმეორებია. ყველაფერთან ერთად, 2 თამაშის მოგება გერმანიაში, ადვილი არაა და კარგი სპარინგი გამოვიდა. ახლა გავაგრძელებთ მუშაობას და მომდევნო სპარინგი ოქტომბერში გვექნება. მზად ვართ ყველაფრისთვის", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.

 

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, გერმანიაში 23 სექტემბერს გაემგზავრა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა, მანამდე თბილისში 6 დღიანი შეკრება გაიარა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისთვის გერმანიაში დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრები, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს.