
დღეს, რუსთავში, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრში საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრებმა, ორი დაგეგმილი ამხანაგური მატჩიდან, პირველი გამართა აზერბაიჯანელი თანატოლების წინააღმდეგ და დიდი ანგარიშით, 4-0 გაიმარჯვა.
„უეფა-ს განვითარების ტურნირის შემდეგ, რომელიც ჩვენმა გუნდმა აპრილში ითამაშა, აღნიშნული ნაკრებისთვის პირველი შეკრება იყო. მოგების მიუხედავად, ვფიქრობ, იყო ხარვეზები, რომლებიც შემდეგი თამაშებისთვის უნდა გამოვასწოროთ. ამაზე სამუშაოა, თუმცა, რა თქმა უნდა 4-0 მოგება ძალიან კარგია, გოგოებიც კარგ განწყობაზე არიან. ვფიქრობ, ნელ-ნელა ჩადგებიან ოპტიმალურ ფორმაში და როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურად, ნოემბრის თამაშებისთვის კარგად იქნებიან. დღეს კი, გოგონებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ გულშემატკივრისთვის, კარგი თამაში შეეთავაზებინათ", - ამბობს სალომე ხუბულური.
ქართველმა გოგონებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს, მე-9 წუთზე ანანო წიქარიძემ, ანგარიში სწრაფი გოლით გახსნა. მე-15 წუთზე თაკო ბულიამ, ქართული გუნდი ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა. 22-ე წუთზე კი, თაკო ბულიას საგოლე გადაცემის შემდეგ, ანანო წიქარიძემ დუბლი გაიფორმა. შესაბამისად, მატჩის დაწყებიდან უკვე ნახევრ საათში, ხუბულურის გუნდი 3-0-ს იგებდა. ამ შეხვედრაში ბოლო გოლი, 90-ე წუთზე გავიდა. მატჩს წერტილი სოფო ბერულავას გადაცემის შემდეგ, კესარია მეტონიძემ დასვა (იხილეთ მატჩის სრული ოქმი).
აღნიშნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, სალომე ხუბულურს, სექტემბრის ამ ორი თამაშისთვის გამოძახებული 23 ფეხბურთელი ჰყავს. გუნდში არის ხუთი ახალწვეულიც. ერთ-ერთი ესპანურ „ლევანტეში" მოთამაშე ანა ბოლოთშვილია, რომელსაც დღევანდელ შეხვედრაში დებიუტიც ჰქონდა. მატჩის შემდეგ, ნაკრების მთავარი მწვრთნელის შეფასებით, ბოლოთაშვილმა „თავი კარგად წარმოაჩინა, კარგად გაიხსნა".
გამოძახებულ ფეხბურთელ გოგონათა შორის არიან: მეკარე: ანასტასია დობროვოლსკაია ("რუსთავი"), ანანო სიგუა („რაჭა 2020"), თათია ფხაკაძე ("ვერე"); დაცვა: ლოლიტა კალოიანი ("რუსთავი"), ელენე ბოლქვაძე ("ბათუმი"), ელიზაბეტ რიჟამაძე (კვარტალი), ლიზი უშხვანი ("ნორჩი დინამო"), მარიამ გოგუაძე ("ნორჩი დინამო"); ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანანო მიქაბერიძე ("რუსთავი"), ლიზი კაკულია („დინამო გაგრა"), თაკო ბულია („კოლხეთი ხობი"), ანანო ჯოჯუა („კოლხეთი ხობი"), ნატო გუტიკაშვილი ("რუსთავი"), ქეთევან ჭურკვეიძე ("ბათუმი"), ანა გრიგალაშვილი („თეთრიწყარო"), ნინო ჩხეტიანი ("რუსთავი"), ანა დოლიშვილი („ახალგორი), სოფო ბერულავა ("ნორჩი დინამო"), ანასტასია ბუჩუკური ("ნორჩი დინამო"), კესო მეტონიძე („რაჭა 2020"), ნინო მეტრეველი ("რუსთავი"), ანანო წიქარიძე ("ნორჩი დინამო"), ანა ბოლოთაშვილი („ლევანტე" ბადალონა, ესპანეთი).
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები 30 სექტემბერს, აზერბაიჯანელი თანატოლების წინააღმდეგ, კიდევ ერთ სპარინგს გამართავს. თამაში კვლავ რუსთავში, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრში ჩატარდება და ის, თბილისის დროით, 13:00 საათზე დაიწყება.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. სალომე ხუბულურის გუნდი, მიმდინარე წლის ნოემბერში სლოვაკეთს, მონტენეგროსა და ლატვიას დაუპირისპირდება. ქართველი გოგონები პირველი შეხვედრას 5 ნოემბერს, სლოვაკეთის წინააღმდეგ გამართავენ.
ფოტო: სფფ-ს არქივიდან





ჩვენ







