
დღეს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ და სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა უეფა-ს ერთა ლიგის მოახლოებული სანაკრებო თამაშების წინ პრეს-კონფერენცია გამართეს. ნაკრების შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ, მედიასთან უკვე ტრადიციად ქცეულ შეხვედრაზე რეალურად, ახალზე, არაფერზე ილაპარაკეს, თუ არ ჩავთვლით გუნდის ახალწვეულებს და მიზეზს, თუ რატომ დაუძახა ვილიმ მათ ნაკრებში.
„გულიაშვილი საინტერესო მოთამაშეა, განსხვავებული ტიპის შემტევია. თუმცა, მიმაჩნია რომ ევროპის ჩემპიონატისთვის მისი გამოძახება ნაადრევი იყო. ამჯერად, მისი კლუბიდან, „სარაევოდან" ფეხბურთელის შესახებ, საკმაოდ საინტერესო ინფორმაციები მოდის და ნაკრებში გამოძახების შანსს იმსახურებდა. ასევე შემიძლია ვთქვა ნონიკაშვილზე. ადრე, გოგლიჩიძეს მივეცით შანსი", - ამბობს ვილი სანიოლი.
კიდევ, ახალი რაც გავიგეთ გიორგი გველესიანისთვის ირანიდან თბილისამდე მარშრუტია. ბუნებრივია, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სფფ-ში ფიქრობენ, თუ როგორ შეიძლება მოხერხდეს, საქართველოში, ქართველი ფეხბურთელის უსაფრთხოდ ჩამოყვანა. ალექსანდრე იაშვილის ინფორმაციით, ირანში, საქართველოს საელჩოც საქმის კურსშია და ყველა ერთად ეცდება, „გველესა" ხვალინდელი საკლუბო მატჩის შემდეგ, შეკრებას უსაფრთხოდ შეუერთდეს.
სხვათა შორის, მედიასთან შეხვედრაზე, დაისვა ტრადიციული კითხვა - რატომ არ არის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ირაკლი აზაროვი, რაზეც ალექსანდრე იაშვილმა მცირე განმარტება გააკეთა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელებს შორის. სწორედ შვედეთთან მატჩის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ირაკლი აზაროვი ახალგაზრდულ ნაკრებთან იქნება. ამ კომუნიკაციის შედეგად, მთავარი მწვრთნელები იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ოპტიმალური იქნება ორივე გუნდისთვის", - ამბობს იაშვილი.
გულშემატკივრისგან დიდი მოლოდინი და ფეხბურთელების ხარისხი, სტაბილურობა ნახევარდაცვაში და შანსი, ახალგაზრდა ფეხბურთელები ნაბიჯ-ნაბიჯ ინტეგრირდნენ - ეს არის ის „მცირედი", რაზეც ვილი სანიოლი დღეს, მედიასთან შეხვედრისას ამახვილებს ყურადღებას და კიდევ პოზიტიურ სერიაზე, რომლის გაგრძელებაც, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელს ამ ეტაპზე, საკუთარ კარიერულ წინადადებებზე წინ აქვს დაყენებული.
„შესანიშნავი ზაფხულის შემდეგ პოზიტიურ, სექტემბერი არ იყო შემთხვევითი. ოქტომბერში ვეთამაშებით უკრაინას და ალბანეთს და ვიცით, რთული თამაშია. მაგრამ არის 23 მოთამაშე და რომლებსაც ყველა გუნდის წინააღმდეგ შეუძლია თამაში, მჯერა ამ პოზიტიურ სერიას გავაგრძელებთ", - ამბობს ვილი და რამდენიმე წუთის შემდეგ, უკვე სხვა შეკითხვასთან მიმართებაში ამატებს, რომ სფფ-სა და მისი თანამშრომლობით სრულიად კმაყოფილია. ამას გარდა, კონკრეტულ მომენტში ქართველთა ფრანგი მწვრთნელის პრიორიტეტში მოახლოებული ორი თამაშია. ალბათ, აქვე დავამატებთ, იაშვილის მოსაზრებას, რომ როდესაც მხარეებს თანამშრობლობის სურვილი აქვთ, გზები ყოველთვის გამოინახება - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მიზნად აქვს ნაკრები კიდევ უფრო წარმატებული იყოს და ეს, შემდეგ უფრო გამოჩნდებაო, დასძენს „იაშკა".
კიდევ ერთი საინტერესო, ტრადიციული თემა, შეიძლება ითქვას, ჩვენი „აქილევსის ქუსლი", კლუბებში ფეხბურთელებისთვის მიცემული სათამაშო დროის სიმცირეა. ამ შემთხვევაში, ერი და ბერი, ჟორჟ მიქაუტაძეზე დარდობს.
„მიქაუტაძეს არ აქვს მარტივი სიტუაცია „ლიონში", მაგრამ ის ეძებს ძალას და უნდა იბრძოლოს, მაქსიმალურად გამოიყენოს ის წუთები, რომლებიც ეძლევა და დაიბრუნოს თავდაჯერება. არ გვავიწყდება ის პოზიტიური რაც ბოლო წლების მანძილზე ნაკრებისთვის გააკეთა . ზოგჯერ არის აღმასვლა, ზოგჯერ პირიქით და მან უნდა იპოვოს გამოსავალი", - ამბობს ვილი ჟორჟიზე. ერთ-ერთ კითხვაში კი, ხვიჩა კვარაცხელიას თემასაც ეხება: „ხვიჩას კონტე საინტერესოდ ხედავს. განსხვავებულ პოზიციაზე ათამაშებს, მაგრამ იცით, ხვიჩა იმ კატეგორიის მოთამაშეა, რომელიც შეიძლება სხვაზე უკეთესი მოთამაშეა, მაგრამ ფორმაში ადრე თუ გვიან შედის. ნაკრებში, მე ხვიჩასთან დაკავშირებით რაც მაფიქრებდა მისი ფიზიკური კონდიცია იყო. ახლა, რასაც ვაკვირდები და ჯერ, მხოლოდ 6 კვირაა დაიწყო სეზონი ის უკეთესად გამოიყურება, ვიდრე შარშან იყო და ამის გამო ბედნიერი ვარ".
როგორც იცით, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოქტომბრის თამაშებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის, ერთი დებიუტანტია, „სარაევოს" ფორვარდი, ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატის ბომბარდირი გიორგი გულიაშვილი. ამას გარდა, აღნიშნულ შეკრებაზე მოიხმო ლევან შენგელია და კიდევ, სოლომონ კვერკველია, რომელიც ეროვნული ლიგის ერთადერთი წარმომადგენელია, სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბებს თუ არ ჩავთვლით.
საქართველოს ნაკრები, ოქტომბრის ორი მატჩიდან პირველის გასამართად, 7 ოქტომბერს, პოლონეთში შეიკრიბება და პირველი დაპირისპირებისთვის იქ მოემზადება. უკრაინის ნაკრებთან მატჩი პოზნანში 11 ოქტომბერს გაიმართება. უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ, სფფ-თან თანამშრომლობით, ქართულ მხარეს 6000-ზე მეტი ადგილი გამოიყო. ბილეთები კი, TKT.Ge-ს პლატფორმიდან გაიყიდა, ასე რომ პოზნანში ქართული ხმა, ომახიანად უნდა გაისმას. რეალურად, თუ არ ჩავთვლით, ევრო 2024-ზე გერმანიაში ქართველ ქომაგთა სიმრავლეს, უკრაინის წინააღმდეგ მატჩს, პოლონეთში ყველაზე მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება.
„უკრაინას შესახებ ბევრ ვიცით, ისინი კარგ თამაშს აჩვენებენ, მაღალი ხარისხით მოთამაშეები ჰყავთ და ვიცით, რომ რთულ ითამაშ იქნება, მაგრამ ქართული მხარე, აღნიშნულ თამაშს უდგება საკმაოდ სერიოზულად. მეტოქეებმაც იციან, რომ საქართველოს ნაკრებში ბევრი კვალიფიციური ფეხბურთელია. ადრინდელისგან განსხვავებულ თამაშს ველოდებით და ამის გამო, მგონია ბევრად საინტერესო თამაში იქნება", - ამბობს ვილი სანიოლი.
პოლონეთიდან ვილის გუნდი საქართველოში გადმოინაცვლებს და 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხზე ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. რატომ „მესხი", რატომ ბათუმი და არა, ყველაზე დიდი სტადიონი საქართველოში - კითხვა, რომელიც იაშვილს კიდევ ერთხელ დაუსვეს.
„დინამო არენის" საკითხის თაობაზე ბევრჯერ ვისაუბრეთ. ჩვენ გვინდა სტადიონზე ყველა მაყურებელი დაესწროს და არ იყოს ნახევრად ცარიელი. ჩვენ გვინდა სრულიად შეივსოს ტრიბუნები. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს ნაკრებმა არ ითამაშოს მხოლოდ თბილისში და ითამაშოს ბათუმშიც. თუმცა, თუკი, მარტისთვის იქნება „დინამო არენა" მზად ვითამაშებთ „დინამო არენაზე"- ამბობს ალექსანდრე იაშვილი. აქვე შეგახსენებთ, რომ ნოემბერში, უეფა-ს ერთა ლიგის ნოემბრის თვეში დაგეგმილი ბოლო შეხვედრებიდან პირველს, საქართველოს ეროვნული ნაკრები, 16 ნოემბერს სწორედ ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე ჩაატარებს.





ჩვენ







