
დღეს რუსთავის ახალ სპორტის სასახლეში დუდუ დადიანის სახელობის მემორიალი დასრულდა. რიგით 23-ე გათამაშების გამარჯვებული ვსა - ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდი გახდა.
ტურნირის ფინალში, რომელშიც 29 სექტემბრიდან, თავდაპირველად თორმეტმა გუნდმა აიღო სტარტი ფინიშამდე მოულოდნელად გაგრის „ამრამ" და ტურნირის დებიუტანტმა ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდმა გააღწიეს.
საკმაოდ დაძაბული შეხვედრის პირველი ტაიმი, ვსა-ს გამარჯვებით, 46-44 დასრულდა. ფრედ, 24-24 დასრულებული პირველი მეოთხედის შემდეგ, მეორე მეოთხედში, აკადემიელებმა მოახერხეს სათამაშო უპირატესობის მოპოვება და მესამე პერიოდიც აქტიურად დაიწყეს. ნელ-ნელა, დიდ შესვენებამდე აღებული 2-ქულიანი უპირატესობა 12 ქულამდეც გაზარდეს, თუმცა, გაგრელებმა, მეოთხედის მიწურულს მობილიზება მოახერხეს და საბოლოოდ, შეხვედრის ამ მონაკვეთში წარმოქმნილი სხვაობა 6 ქულამდე შეამცირეს. მეოთხედი 19-15 (65-59) დასრულდა ვსა-ს სასარგებლოდ. საინტერესო დასაწყისი ჰქონდა ბოლო მეოთხედს. „ამრას" ამერიკელმა ფორვარდმა ემანუელ ანსაჰმა მონაკვეთი ეფექტური 3 ქულიანით გახსნა, თუმცა, მას მალევე 3-ქულიანით ვსა-ს ამერიკელმა უკანახაზელმა ჯერმეინ ჰედიმ უპასუხა. ამასთან აკადემიელთა პირველმა ნომერმა ამ სამქულიანის, მალევე, თითქმის მოედნის ცენტრიდან კიდევ ერთი სამქულიანი მოაყოლა. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ჯერმეინი, დღევანდელ თამაშში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო და სრულიად დამსახურებულად ის MVP-დაც აღიარეს. ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდმა, ბოლო მეოთხედში უპირატესობა 13 ქულამდე გაზარდა, საბოლოოდ კი, ეს მონაკვეთი 17-12 მოიგო, მატჩი კი, 82-71 (მატჩის ოქმი) და დუდუ დადიანის თასს პირველად დაეუფლა.
გამარჯვებულ გუნდს, ტრადიციულად დუდუს თასი, მისმა ძმიშვილებმა სანდრო და ნიტა დადიანებმა გადასცეს.
აქვე გეტყვით, რომ რუსთავში, საკმაოდ სიმპათიური ახალი საკალათბურთო დარბაზი, ოფიციალურად ეროვნული სუპერლიგის მატჩით, 2024 წლის 20 მარტს გაიხსნა. ახალმა სივრცემ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტისა და ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშის, ტრაგიკულად დაღუპული დუდუ დადიანის მემორიალურ ტურნირს პირველად უმასპინძლა.
კალათბურთის ფედერაციის ფოტოები





ჩვენ







