უეფა-ს კიდევ ერთი ჯილდო ქართულ ფეხბურთს
უეფა-ს კიდევ ერთი ჯილდო ქართულ ფეხბურთს
26.09.2018
ავტორი:

კიდევ ერთი ჯილდო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ევროპული ფეხბურთის სათაო ოფისიდან. ამჯერად, ფეხბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის და მასში ჩართული ადამიანების რიცხვის ზრდის მიმართულებით განსაკუთრებული დამსახურებისთვის,  უეფამ მის წევრ ქვეყნებს შორის საქართველო გამოარჩია და ვერცხლის ჯილდო გადასცა.

 

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წელს პირველად მიიღო ვერცხლის ჯილდო მასობრივი ფეხბურთის განვითარებისათვის საუკეთესო პროექტის კონცეფციისთვის. როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელ რეალობაში ფეხბურთში ჩართული ადამიანების რიცხვის ზრდა არის აღმოსავლეთ ევროპის მთავარი გამოწვევა. შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის სწორედ ეს მიმართულება განსაკუთრებით პრიორიტეტულია. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საფეხბურთო პირამიდის საყრდენი სწორედ მასობრივი ფეხბურთია და სწორედ ამ საფეხურიდან უნდა დავიწყოთ განვითარება. უეფას ჯილდო დასტურია იმისა, რომ პროექტი, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა, ნამდვილად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფეხბურთის განვითარებაში,"- აღნიშნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ.


უეფა-ს  ვერცხლის ჯილდო, რომელიც საქართველოს წელს პირველად, პროექტისათვის „მოყვარულთა ლიგა" დაიმსახურა, მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში გადაეცემა. უეფა-მ, რომლის მთავარი პრიორიტეტიც ფეხბურთის მასობრიობის ზრაა, საუკეთესო მეორე ადგილი და კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოუტანა ქართულ ფეხბურთს.

მოყვარულთა ლიგა, საქართველოში 2016 წლიდან ტარდება და წლიდან წლამდე, მთავარ მიზანს, რაც შეიძლება მეტი მოყვარული ჩართოს ფეხბურთში, ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების ფერხულში ამართლებს. ოფიციალური ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, მოყვარულთა ლიგაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტის 400 გუნდი თამაშობს, 11X11-ზე ფორმატის ფეხბურთს, შესაბამისად 8000-ზე მეტი მოყვარული მონაწილე ჰყავს.

უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის ჯილდო 2010 წლიდან, სხვადასხვა კატეგორიებში, მათ შორის - საუკეთესო ლიდერი, საუკეთესო კლუბი და საუკეთესო პროექტი, ყოველწლიურად გადაეცემა ეროვნულ ასოციაციებსა თუ ფედერაციებს.

ტრადიციულად, ჯილდო მასობრივი ფეხბურთის მიმართულებით განსაკუთრებული დამსახურებისათვის გადაეცემათ საუკეთესოებს, რადგან უეფას მიაჩნია, რომ ფეხბურთის მასობრიობა არის გადამწყვეტი სფეროს განვითარებისა და წარმატებისთვის. საუკეთესო პროექტის ჯილდო მიზნად ისახავს გამოარჩიოს ინიციატივები, რომელიც წარმოადგენს ინოვაციას, აქვს სოციალური დატვირთვა და ემსახურება ფეხბურთში ადამიანების ჩართულობის ზრდასა და შენარჩუნებას და მხარს უჭერენ კამპანია "UEFA RESPECT" პრინციპებს.