ქართველები ოკეანის გადაღმა
ქართველები ოკეანის გადაღმა
08.10.2024
ავტორი: ირაკლი პერტაია / კალათბურთის ფედერაცია

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო ნბა-ს საგამოფენო მატჩები, რაც ახალი სეზონისთვის მოსამზადებლადაა. საქმეში ერთ დღეს ჩაებნენ გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის გუნდები. ორივე კალათბურთელი მათთვის დათმობილი დროის გათვალისწინებით საკმაოდ შედეგიანი იყო.


სანდრო მამუკელაშვილმა სან ანტონმიო სფურსთან ერთწლიანი კონტრაქტი ფგააფორმა და მომავალ სეზონში ეცდება ტეხასელებისთვის საკუთარი ძალის კიდევ ერთხელ დამტკიცებას. სან ანტონიომ ოკლაჰომას უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში  107-112 დამარცხდა.


მამუკელაშვილი სათადარიგო იყო და მთლიანობაში 17:41 წუთი ითამაშა, რა დროშიც 14 ქულის მოგროვება შეძლო. სანდრომ ერთიდან ერთი ორქულიანი და ოთხიდან სამი სამქულიანი ჩააგდო, ასევე ოთხიდან სამი საჯარიმოც ზუსტად მოათავსა კალათში. თამაშიდან სროლების სიზუსტემ 80% შეადგინა. ამასთან ერთად სანდროს 3 მოხსნა (სამივე დაცვაში), 1 პასი და 1 ჩაჭრაც ჰქონდა, ბურთი კი მხოლოდ ერთხელ დაკარგა.


მასზე მეტი ქულა გუნდში მხოლოდ ჯულიან შემპენის ჰქონდა (22), რომელმაც 21:20 წუთი ითამაშა. ეს უკანასკნელი მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეც გახდა. ოკლაჰომადან საუკეთესოები ანჯაი მიტჩელი (19 ქულა), ჯეილენ უილიამსი (18) და დილონ ჯონსი (17) იყვნენ.


მამუკელაშვილის სან ანტონიო მოსამზადებელი პერიოდის მომდევნო მატჩს 10 ოქტომბერს, გოგა ბითაძის ორლანდოსთან გამართავს.


***


ორლანდო მეჯიქის ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სეზონში პირველი საგამოფენო მატჩი გამართა. ორლანდო მეჯიქი ნიუ ორლეან პელიკანსს შეხვდა და შეხვედრა 106-104 დათმო, ქართველი ცენტრი კი მოედანზე ბოლო პერიოდში გამოჩნდა. ეს არაა სანერვიულო. საგამოფენო მატჩებში სათამაშო დროს უმეტესად ისეთი მოთამაშეები იღებენ, რომლებსაც ფორმაში შესვლა და საკუთარი ძალის დამტკიცება სურთ. მიუხედავად იმისა, rომ მოედანზე მხოლოდ 10 წუთი იმყოფებოდა, გოგამ 9 მოხსნა მიითვალა, რასაც 7 ქულა და 1 პასი მოაყოლა. ბითაძის ანგარიშზე 2 დაფარებაცაა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია გუნდში.


წაგებულთა რიგებში პაოლო ბანკერომ 15 ქულა მიითვალა, კოულ ენტონიმ და ჯეილენ საგსმა კი 11-11. მოხსნებით გუნდში (და მატჩშიც) ყველას გოგამ აჯობა. ნიუ ორლეანს ჯორდან ჰოუკინსმა ულიდერა 18 ქულით. ზაიონ უილიამსონის ანგარიშზე 16 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასია.


ერთი საინტერესო ფაქტი: ორლანდოს სასტარტო ცენტრმა ვენდელ კარტერ ჯუნიორმა კოჭის ტრავმა მიიღო და მან ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო. თუ მისი დაზიანება სერიოზულია, გოგას მეტი თამაში მოუწევს. შემდეგ მატჩში, 10 ოქტომბერს, ორლანდო სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიოს დაუპირისპირდება.