
თორნიკე შენგელია მოედანს იტალიის სერია A-შიც დაუბრუნდა. მცირე ტრავმის გამო მან იტალიის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი გამოტოვა, მეორეში კი 25 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა. ბოლონიელებმა პისტოიას უმასპინძლეს და 84-68 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 25 წუთი გაატარა და ორმაგ დუბლთან ახლოს იყო. მის ანგარიშზე 8 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრაა. თოკომ 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 6-დან 4 საჯარიმო, მან პერიმეტრიდან მხოლოდ ერთხელ ისროლა და უშედეგოდ. შენგელიას ასევე ჰქონდა თითო ჯარიმა და დაკარგვა, რაც 25-წუთიანი თამაშის კვალობაზე საკმაოდ ცოტაა (კარგი შედეგია).
ვირტუსის მხრიდან საუკეთესო 16 ქულით ისაია კორდინიე იყო, პისტოიას მხრიდან კი იგივე მაჩვენებლით მაიკლ ფორესტი გამოირჩა. შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 10 ოქტომბერს ევროლიგაზე გამართავს, სერია A-ში კი 13 ოქტომბერს ვენეციას ესტუმრება.
ესანეთის უმაღლესი ლიგის სენსაციური გამარჯვებით დაწყების შემდეგ ბექა ბურჯანაძის "ლეიმა კორუნა ბასკეტი" პირველად დამარცხდა. ლიგის დებიუტანტმა პირველ ტურში მადრიდის რეალი ქულით დაამარცხა, მომდევნო შეხვედრა კი სტუმრად, გრან კანარიასთან გამართა და 72-80 დამარცხდა.
ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, თუმცა მოედანზე საკმაო დროით - 28:33 წუთი დაჰყო და თავისიანთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველ ფორვარდს ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა. მან 10 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
გრან კანარიაში ითამაშა საქართველოს ნაკრების წევრმა ჯო ტომასონმა, რომელმაც 20 წუთი გაატარა პარკეტზე, ხსენებულ დროში კი 6 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი შესძინა თავის გუნდს.
ლეიმა კორუნიას ორი ტურის შემდეგ თითო მოგება/წაგება აქვს და მომდევნო ტურში მორაბანკ ანდორას ეთამაშება, ხოლო გრან კანარიამ ორივე თამაში მოიგო და მომდევნო შეხვედრა მანრესასთან აქვს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი, 24 წლის ცოტნე ცარციძე რუმინეთის ჩემპიონატში აქტიურად თამაშობს. მორიგი, მე-3 ტურის მატჩში მისი გუნდი, პლოეშტის პეტროლული ორადეას ესტუმრა და დიდი სხვაობით, 66-82 დამარცხდა.
ქართველი ფორვარდი გუნდის სასტარტო ხუთეულში იყო, მან 36 წუთში 7 ქულა (ერთი სამქულიანი) და 9 მოხსნა მიითვალა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ცოტნე ახალ გუნდში 10-ქულიან ზღვარს ვერ აცდა (20 და 18 ქულა თასზე, 14 ქულა ჩემპიონატში). პეტროლულს 2 მატჩში 2 მარცხი აქვს. 12 ოქტომბერს ცოტნეს გუნდი ტერგუ მურეშს მასპინძლობს.
ესპანეთის უმაღლეს ლიგაში თამაში დარბაზის ტექნიკური გაუმართაობის გამო გადაიდო. ბრეოგანი გიორგი შერმადინის ლაგუნა ტენერიფეს მასპინძლობდა, როცა დარბაზში წყალი ჩამოვიდა, მოედანი დასველდა და მსაჯმა თამაში შეწყვიტა. ტექნიკური ხარვეზი დროულად ვერ მოგვარდა, რის გამოც თამაში შეწყდა და გადაიდო. მისი ჩატარების დრო მოგვიანებით გამოცხადდება.
ბრეოგანის ხელმძღვანელობამ ტენერიფეს ქომაგებს ბოდიში მოუხადა, რადგანაც მათ კიდევ ერთხელ მოუწევთ ლუგოში ამ მატჩის გამო ჩასვლა. გიორგი შერმადინს მეორე პერიოდის სტარტზე 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი ჰქონდა დაგროვილი.
შეგახსენებთ, რომ ტენერიფემ პირველ ტურში ბასკონიას 88:80 მოუგო. შერმადინის გუნდის მეტოქე მესამე ტურში ბარსელონა იქნება.





ჩვენ







