
9 ოქტომბერს ათენთან ახლოს, გლიფადას სანაპიროზე საკუთარ აუზში გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთის ნაკრებისა და „პანათინაიკოსის" ფეხბურთელი ჯორჯ ბალდოკი. ინგლისში დაბადებულმა და ბებიის ხაზით ბერძენმა ბალდოკმა, 2024 წლის 26 მარტს თბილისში გამართულ საფეხბურთო მატჩშიც მიიღო მონაწილეობა, რომელშიც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბერძნები პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
BBC-ის ინფორმაციით, პოლიციელები, რომლებმაც ფეხბურთელი იპოვეს შეეცადნენ მის რეამინირებას, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ჯერ-ჯერობით პოლიცია ვერ ასახელებს ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზებს. 31 წლის ბალდოკი 2017-2024 წლებში „შეფილდ იუნაიტედის" ღირსებას იცავდა. საერთო ჯამში, ფეხბურთელს პრემიერ ლიგაში 219 შეხვედრა ჰქონდა გამართული. რამდენიმე თვის წინ კი, ის ბერძნულ „პანათინაიკოს" შეუერთდა, რომელთანაც სამწლიანი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული.
საბერძნეთის ნაკრები დღეს ლონდონში, უემბლიზე უეფა-ს ერთა ლიგის შეხვედრაში ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ნაკრებში ბალდოკი არ იყო გამოძახებული. იგი არ ყოფილა ბერძენთა შემადგენლობაში გამოძახებული არც აღნიშნული ტურნირის სექტემბერში გამართულ თამაშების დროს.
საბერძნეთის ნაკრების შემადგენლობაში ბალდოკმა სადებიუტო მატჩი 2022 წლის მაისში, ბელფასტში, ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ ჩაატარა. საერთო ჯამში კი, მან 12 სანაკრებო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ბოლო, სწორედ თბილისში გამართა.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ბალდოკის გარდაცვალების გამო, საბერძნეთის ნაკრებმა თხოვნით მიმართა უეფა-ს დღევანდელ შეხვედრაში ინგლისის წინააღმდეგ ითამაშოს შავი ლენტებით თანაგუნდელის საპატივცემულო, ასევე, მატჩის დროს წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ ბალდოკის ხსოვნას.
როგორც ირკვევა, ბალდოკს, რამდენიმე საათის მანძილზე ეძებდა ცოლი, რომელსაც ფეხბურთელი სატელეფონო ზარებზე არ პასუხობდა. ამის შემდეგ, ქალმა, იმ სახლის მფლობელს მიმართა, რომელშიც ბალდოკი ცხოვრობდა. სწორედ, სახლის მეპატრონემ აღმოაჩინა ფეხბურთელი სახლის აუზში.
საბერძნეთის პოლიცია, ბალდოკის გარდაცვალების თაობაზე, ოფიციალურ განცხადებას დღეს, დღის ბოლომდე გააკეთებს. საბოლოო დასკვნა კი, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნდება, თუმცა, პოლიციიდან გამოჟონილი ინფორმაციის საფუძველზე, ბალდოკის ცხედარს ძალადობის კვალი არ ემჩნევა.





ჩვენ











