
თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამ წუთებში, ალბანეთის ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის B დივიზიონის 1 ჯგუფის მეოთხე კალენდარული მატჩის წინ ბოლო ვარჯიშს ასრულებს. ალბანელები, თბილისში, აშკარად „ჯოჯოხეთურ" გარემოში არ არიან და პრეს-კონფერენციაზეც საქართველოს ეროვნული ნაკრების ხვალინდელ მეტოქეს, მასპინძელი მედიის წარმომადგენლებმაც, მხოლოდ ამ გუნდების სექტემბრის მატჩის დღეს ტირანაში, საქართველოს ჰიმნის დროს მომხდარი „დესტრუქცია" შეახსენეს. „ჩვენ პროფესიონალი ფეხბურთელები ვართ და აქ, ჩამოვედით ფეხბურთის სათამაშოდ. შესაბამისად, რა ხდება თამაშის იქით, ჩვენ ის არ გვაინტერესებს", - ასეთი იყო, ალბანეთის ნაკრებისა და „ემპოლის" მოთამაშის, ადრიან ისმაილის პასუხი ქართველი ჟურნალისტის შეკითხვაზე. სხვათა შორის, ისმაილმა, ჩვენი, ქართული მედიის კიდევ ერთ კითხვას, ტექნიკურად აარიდა თავი. კერძოდ, სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, სერია ა-ში „ემპოლისა" და „ნაპოლის" უწევთ თამაში. ქართველი ჟურნალისტი კი შეეცადა ისმაილთან გაერკვია, ხომ არ ჰქონდა მას საგანგებო დავალება იტალიური კლუბისგან, „კარგად ერტყათ ფეხებში" კვარაცხელიასათვის.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საუკეთესო თამაშისთვის და შედეგის მისაღწევად. შევეცდებით, არ დავუშვათ იგივე შეცდომები, რაც საქართველოსთან მატჩის დროს გვქონდა სექტემბერში. საქართველო კარგი იყო კონტრშეტევაზე. ვეცდებით, მოვერგოთ, მათ 5-3-2 სქემას, რომელიც კარგად მოქმედებდა", - ასეთი იყო პასუხი ქართული მედიისთვის, თუმცა, ალბანური მედიის მიერ კვარაცხელიას თემაზე დასმულ შეკითხვაზე ისმაილმა ცოტა სხვაგვარი პასუხი გასცა - „ტირანაში, ჩვენ კვარაცხელიას პერსონალური მეურვეობა გავუწიეთ და ეს ჩვენ გამოგვივიდა. დიდა გეგმები არც ხვალ შეიცვლება, შესაბამისად, როცა მის წინააღმდეგ გუნდურად ვითამაშებთ, აუცილებლად შევძლებთ მის ნეიტრალიზებას".
ბუნებრივია, როცა ერთი ფეხბურთელის მეურვეობას „მთელი გუნდი" დაიწყებს, იქ აუცილებლად გაჩნდება ზონები, სხვა ფეხბურთელებისთვის, რომლებიც საქართველოს ნაკრებში გვყავს, თან სწრაფები. ეს ალბათ, ქართული გუნდისთვის უნდა გახდეს კოზირი. ბარემ ისმაილის თემა რომ მოვრჩეთ, აქვე გეტყვით, რომ ალბანელმა საკმაოდ თბილად ისაუბრა თანაგუნდელზე საბა გოგლიჩიძეზე და არც საქებარი სიტყვები დაიშურა. „საბა ერთი წელია ჩვენს გუნდში თამაშობს. მას საკმაოდ კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს და კარგი ხარისხის ფეხბურთელია. გამომდინარე იქიდან, რომ ის სისტემატურად ხვდება სასტარტო განაცხადში, ნიშნავს, რომ ის მას იმსახურებს. ვფიქრობ, სამომავლოდ მას კარგი კარიერა ექნება", - ამბობს ისმაილი.
ხვალინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით, მიხეილ მესხზე, მედიასთან შეხვედრაზე შემოსულმა ფეხბურთელმაც და ალბანელთა ნაკრების ბრაზილიელი მთავარმა მწვრთნელმაც, უფრო ალბანური მედიის კითხვებზე პასუხებში ყურადღება გაამახვილეს, რომ თბილისში სამი ქულის ასაღებად არიან ჩამოსულები. სხვა შედეგის შემთხვევაში მათი გუნდი, ჯგუფში მაღალი საფეხურის დაკავებაზე ოცნებებს უნდა შეეშვას. ორივემ, სტუმარი გუნდის მედიასთან პირობა დადო, რომ ხვალ, საქართველოსთან კარგი ხარისხის თამაშს აჩვენებს.
ალბანელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ, მას შემდეგ რაც ალბანური მედიისთვის (საერთო ჯამში ასეთი დღეს მიხეილ მესხზე სულ სამი იყო), გადაწყვიტა რომ ორ თარჯიმანს (იტალიურიდან-ინგლისურად, ან იტალიურიდან-ალბანურად), ერთის (ინგლისურ-ქართულის) დახმარებით ესარგებლა და „გაფუჭებული ტელეფონით" თამაშს, ქართული მედიის კითხვებს პასუხები ინგლისურ ენაზე გასცა.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ფიზიკურობა, ტექნიკურობა, ხარისხი, კვალიფიკაცია - ეს იმ თვისებების ჩამონათვალია, რომელიც ალბანელთა მთავარ მწვრთნელს მისი ხვალინდელი მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეებში ხიბლავს.
„შესარჩევი ეტაპის დაწყებისთანავე აღვნიშნავდი, რომ დაბალანსებული ჯგუფია და გამოკვეთილი ლიდერი არ ამ ჯგუფში არ იყო. შესაბამისად, ყველა გუნდს შეუძლია მოწინააღმდეგეს ქულები დააკარგვინოს. ალბანეთი -საქათველოს თამაში, რომელიც ტირანაში ჩატარდა, ჩემი აზრით თანაბარი იყო, 50/50-ზე ფიზიკურად, ტექნიკურად და ტაქტიკურად. რასაც სანიოლი ქართულ გუნდში აკეთებს ძალიან კარგად ჩატარებული სამუშაოა. საქართველო ნაკრები საერთო ჯამში, კარგი გუნდია. ჰყავს ბევრი კარგი ფეხბურთელი. ისეთები. რომლებიც ევროპის დონეზე ბევრ კლუბს გამოადგება. ბუნებრივია, ხვალინდელ თამაშში, შეიძლება რაღაც ახალი გავაკეთო (აქ ალბანელთა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრებიც იგულისხმა - სარედაქციო მინიშნება), მაგარმ უფრო მნიშვნელოვანია, როგორი იქნები 90 წუთის მანძილზე მოედანზე და იქ რას გავაკეთებთ. ხვალ, ვეცდებით ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ და ეს გავაკეთოთ მიუხედავად საქართველოს ნაკრებისადმი ჩვენი დიდი პატივისცემის მიუხედავად", - ამბობს სილვინიო.
ქართული ფეხბურთის მოყვარულებს ალბათ ახსოვთ, რომ ალბანელთა თავკაცმა ტირანაში დასრულებული მატჩის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში ცალსახად აღნიშნა, თამაში კი იყო თანაბარი, მაგრამ ჩვენი გუნდი აშკარად მოგებას იმსახურებდაო. დღეს, სილვინიო, უფრო თავშეკავებული იყო და როგორც ჩანს, ცივ გონებაზე ნანახი და გაანალიზებული თამაშის ხილვის შემდეგ, უფრო ზომიერ პასუხებს იძლეოდა.
„უკრაინასთან საქართველოს ნაკრების დაპირისპირებას რა თქმა უნდა ვუყურე. ისევე, როგორც ჩვენთან, ამჯერადაც თამაში 50/50-ზე იყო. ისეთი თამაში იყო, სადაც ბალანსი შესაძლოა ცოტათი საქართველოსკენ იყო, მაგრამ ერთი შეცდომა, შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იყოს. დაახლოებით, ასეთ თამაშს ველოდები მე პირადად ხვალაც. ვიცით, რომ რთული თამაში იქნება და საქართველოს ნაკრებისგან დაველოდები შეცდომებს", - ამბობს სილვინიო.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთს დაუპირისპირდება. ამ გუნდების პირველი შეხვედრა, ერთი თვის წინ ტირანაში, ვილიო სანიოლის გუნდის გამარჯვებითა და გიორგი ქოჩორაშვილის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით დასრულდა. ხვალ „ქოჩარა" არ ითამაშებს. მას ალბანელებთან მატჩის გამოტოვება ყვითელი ბარათების გამო უწევს. რაც შეეხებათ ალბანელებს, მათ დღეს, ვარჯიში პროტოკოლით გათვალისწინებულ დროსთან შედარებით 10 წუთით ადრე დაიწყეს და შესაბამისად, თბილისის დროით 18:51 წუთზე დაამთავრეს. მიხეილ მესხის გასახდელში, მუსიკაც საკმაოდ ხმამაღლა ჩართეს და ხვალინდელი მატჩის წინ, ცდილობენ განწყობა შეიქმნან. როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, ალბანელები თბილისში, თავს „ჯოჯოხეთში" არ გრძნობენ. შესაბამისად, ტირანასგან განსხვავებით, აქაური, ყველაფერი „სამოთხესავით" ეჩვენებათ, მხოლოდ ხვალამდე, რადგან, ჩვენის მხრივ, იმედს ვიტოვებთ, რომ თბილისიდან ალბანეთის ნაკრებში სახლში, ხელმოცარული დაბრუნდება.
დავით ქარელისა და ზიზუ ჯიქიას ფოტოები





ჩვენ











