ბათუმმა საფეხბურთო ფესტივალს უმასპინძლა
ბათუმმა საფეხბურთო ფესტივალს უმასპინძლა
29.09.2018
ავტორი:

საფეხბურთო ფესტივალმა, დღეს, ბათუმში, აუტისტ ბავშვებს ჩააკითხა. მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში, სფფ-მ მეგობრებთან ერთად, ბათუმის ბულვარში აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის პატარა საფეხბურთო ფესტივალი მოაწყო.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ ფეხბურთი ეკუთვნის ყველას მიუხედავად იმისა ვინ არის, როგორ თამაშობს და რა მიზნები აქვს. ფეხბურთი იქცა ამ ბავშვების ცხოვრების განუყოფელ ნაწილად და სწორედ, ესაა სპორტის ამ სახეობის მთელი ხიბლი. ესაა ჩვენი მიზანი და მთავარი პრიორიტეტი - ყველას მივცეთ საშუალება, ისიამოვნონ ფეხბურთით. ამიტომაცაა, რომ ჯილდო, რომელიც მოყვარულთა ლიგის პროექტის კონცეფციისთვის ავიღეთ, გვეკუთვნის ყველას, რადგან ფეხბურთის მასობრიობა არის ამოსავალი წერტილი ჩვენი წარმატებისთვის. მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო ფესტივალის პარტნიორს - წიგნის მაღაზიათა ქსელ ბიბლუსს, რომელთაც გამოიჩინეს მისაბაძი სოციალური პასუხისმგებლობა და ჩაერთნენ პროექტში, რათა გაახარონ პატარა ფეხბურთელები. ვიმედოვნებ ეს მხოლოდ დასაწყისია ჩვენი თანამშრომლობის და ამასთან. ბიბლუსის ეს აქტივობა იქნება მისაბაძი სხვა კომპანიებისთვისაც. მადლობა ჯორჯიან ბეიქერის, რომლებიც მხარს გვიჭერენ ბათუმის საფეხბურთო ფესტივალზე და რა თქმა უნდა, აჭარის ფეხბურთის ფედერაციას, რომლის წარმომადგენლებიც არამხოლოდ დღეს, არამედ, ბათუმში აუტიზმის მქონე ბავშვთა საფეხბურთო კლუბის არსებობის მანძილზე მხარში უდგანან მათ. და სწორედ ესაა ფეხბურთი - მასობრივი სპორტი და თერაპია ბავშვებისთვის, სპორტი - ყველასთვის", - ამბობს ლევან კობიაშვილი, სფფ-ს პრეზიდენტი.




ბათუმის საფეხბურთო ფესტივალში, რომელიც სფფ-სა და საფეხბურთო გუნდი „ვორიორსი" ორგანიზებით ჩატარდა 40 ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და აუტიზმის მქონე ბავშვთა საფეხბურთო გუნდი „ვორიორსი" უკვე 3 წელია, რაც ერთობლივი ძალისხმევით ქვეყნის 5 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, გორში, თელავსა და რუსთავში 6-15 წლამდე ასაკის აუტიზმის მქონე ბავშვებს ყველანაირ პირობას უქმნის იმისთვის, რომ ითამაშონ ფეხბურთი. ბათუმში გუნდი უკვე, 2 წელია ჩამოყალიბდა და აჭარის ფეხბურთის ფედერაციის აქტიური ჩართულობით, რეგულარულ ვარჯიშებსაც მართავს.




აღსანიშნავია ისიც, რომ ფესტივალი ბათუმში წელს პირველად ჩატარდა. ასევე პირველია პროექტში კომერციული სექტორის ჩართულობა- ფესტივალის მთავარი პარტნიორი წიგნის მაღაზიათა ქსელი ბიბლუსი იყო, რომელმაც თითოეულ მონაწილე განსაკუთრებული საჩუქრებით გაახარა. ხოლო, ღონისძიების მხარდამჭერმა საკონდიტრო საწარმო ჯორჯიან ბეიქერსი ბავშვებს საკუთარი ნაწარმით გაუმასპინძლდა.

სამომავლოდ მსგავსი ტიპის გუნდების ჩამოყალიბება ქუთაისში, ზუგდიდში, ზესტაფონსა და ახალციხეში იგეგმება.







სფფ-ს ფოტო-მასალა (ავტორი: ლაშა კუპრაშვილი)