ქართული საკალათბურთო ლეგიონის ამბები
ქართული საკალათბურთო ლეგიონის ამბები
13.10.2024
ავტორი: ირაკლი პერტაია / კალათბურთის ფედერაცია

ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში შედეგიანად ითამაშა ბექა ბურჯანაძემ, რასაც ვერ ვიტყვით მის გუნდზე, რომელიც სტუმრად დამარცხდა. ლეიმა ბასკეტ კორუნა სტუმრად ეთამაშა მორაბანკ ანდორას. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 112-87 დასრულდა. 

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე თავის გუნდელთაგან ყველაზე მეტი - 28:31 წუთი ითამაშა. ბურჯანაძემ 6-ჯერ ესროლა სამქულიანიც, ორქულიანიც და საჯარიმოც. ბექამ 1 ორიანი და 3-3 სამქულიანი და საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე 14 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა. საერთო შედეგიანობით ბურჯანაძე თავის გუნდში მხოლოდ ბრენდონ ტეილორს ჩამორჩა, რომელმაც 16 ქულა და 7 პასი მიითვალა.


1 მოგებითა და 2 მარცხით კორუნა ბასკეტი 18-გუნდიან ლიგაში მე-15 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ბურჯანაძის გუნდი 19 ოქტომბერს, შინ უნიკახასთან გამართავს. დღეს მე-3 ტურის მატჩს გიორგი შერმადინის ტენერიფე ჩაატარებს, რომელიც კატალონიურ ბარსელონას უმასპინძლებს.


***

სანდრო მამუკელაშვილის ყველაზე შედეგიანი მატჩი მიმდინარე სეზონში. მართალია, ჯერ ნბა-ს რეგულარული ჩმპიონატი არ დაწყებულა, თუმცა საგამოფენო მატჩები სწორედ მისთვის მოსამზადებლად და გუნდის ოპტიმალური შემადგენლობის შესარჩვადაა საჭირო.


სანდროც ყოჩაღობს და როგორც ჩანს, სან ანტონიოს როტაციაში საკმაოდ კომფორტულ ადგილს დაიკავებს, სადაც სათამშო დრო  საკმარისად ექნება და დანარჩენი პირადად მასზე იქნება დამოკიდებული. მესამე საგამოფენო შეხვედრა სფურსმა სან ანტონიოში იუტა ჯაზთან გამართა და 126-120 დაამარცხა.


მამუკელაშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე 18 წუთი გამოჩნდა. ქართველმა ფორვარდმა ფორვარდმა 15 ქულა, 5 პასი და 2 მოხსნა მოაგროვა. სანდრომ 4-დან 2 ორქულიანი, 6-დან 3 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მასზე მეტი სფურსის ერთ-ერთმა ლიდერმა, კელდონ ჯონსონმა ჩააგდო, რომელიც ასევე სათადარიგო იყო და 23 წუთში თავი 20 ქულას მოუყარა.


„სპურსი" მომდევნო მატჩს 16 ოქტომბერს მაიამიში გამართავს.