
ჩვენი ანალიზი, გუნდის ანალიზი, გულშემატკივრის ანალიზი - ბუნებრივია, ყველა ჩვენი კუთხით ჩვენს სათქმელს ვიტყვით, განსაკუთრებით ჩვენ მედია და გულშემატკივარი ვიხმაურებთ, ალბათ, უფრო სოციალური ქსელით და მერე, ისევ ისე მივწყნარდებით, როგოროც ეს 14 ოქტომბერს, საქართველო - ალბანეთის საფეხბურთო მატჩისას ხდებოდა მიხეილ მესხზე. არ ვიცი, ვინმე დააკვირდა თუ არა... მე მხოლოდ ერთ ფრაგმენტს გავიხსენებ - ქომაგებს აქვთ შეძახილების მთელი ჩამონათვალი. ერთ-ერთი შეძახილი „საქართველოა". ალბათ, გახსოვთ ბარაბანი აძლევს რიტმს და ქომაგები შესაბამისად სკანდირებენ „სა-ქარ-თვე-ლო". ბოლოს, ეს რიტმი მატულობს და „საქართველოც" დანაწევრების გარეშე გაისმის. ჰოდა, ქომაგები, აღნიშნულ შეხვედრაზე სთხოვდნენ სხვა სექტორებსაც აჰყოლოდნენ. ხალხი შეძახილს, მხოლოდ ბოლოსკენ უერთდებოდა და მერე ისევ იქ ვბრუნდებოდით, სამარისებულ სიჩუმეში, არა ქომაგების სექტორიდან ალაგ-ალაგ შეძახილში. კი, რა თქმა უნდა მადლობა ყველას, ვინც ბილეთით თუ უბილეთოდ (რადგან ასეთიც ბევრი იყო) სტადიონზე შემოსვლა მოახერხა და წვიმიან ამინდში, ბოლომდე მიხეილ მესხზე იყო. მაშინაც კი, გუნდი რომ აგებდა. მადლობა, იმის გამოც, რომ ადრინდელივით, 90 წუთი ხან ერთი, ხან მეორე ფეხბურთელის გინება არ ისმის. თუმცა, არ მიწყინოთ და უკვე დროა, ნელ-ნელა მზესუმზირის კვნეტასაც გადავეჩვიოთ და თავიდან ბოლომდე ვიყოთ ჩართული თამაშში და არა მხოლოდ, ეროვნული ნაკრების.

ახლა დავწერ, პირადად მე რა არ მომეწონა და დავიწყებ, ჩემთვის ყველაზე „შინაურით". როდესაც მატჩის წინა პრესკონფერენციაზე, მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშე, ისმაილი იძახის რომ ტირანაში მისმა გუნდმა მოახერხა საქართველოს ყველაზე სახიფათო მოთამაშის, ხვიჩა კვარაცხელიას განეიტრალება და თუ, მათ ეს, ერთხელ შესძლეს, ახლაც არ გაუჭირდებათ, ვიღაცამ უნდა იფიქროს, რომ მეტოქეს, „კვარასთვის" „გასაღები" აქვს. რეალურად, ალბანეთის ნაკრებმა გუშინ ეს მოახერხა. კი, ხვიჩა, თავის ფინტებით თავბრუს ახვევდა რიგ მომენტებში მოწინააღმდეგეს, მაგრამ „კვარა შოუ", რეალურად ამოვარდნილი იყო, გუნდის საერთო სურათიდან. ბოლო მომენტში, კვარაცხელიას არც არავინ ეხსნებოდა და ბურთიც იკარგებოდა. შესაძლოა, ჩემი ეს აქცენტი ფეხბურთელს ეწყინოს. ალბათ, მსგავსი წყენის თავიდან ასაცილებლად, ბევრმა გუშინ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ამის თაობაზე კითხვის დასმაც ვერ გაბედა. შერეულ ზონაში, მედიის დიდმა ნაწილმა ფეხბურთელი ვერ ჩაწერა... აქ, მარტო „კვარას" არ ეხება და ყველას გასაგონად ვიძახი, როგორც მოგების შემდეგ უნდა კითხვებზე პასუხების გაცემა, წაგებული თამაშის შემდეგაც საჭიროა ამის გაკეთება.

არ ვიცი, გიფიქრიათ თუ არა - რატომ განსხვავდება საკლუბო და სანაკრებო ფეხბურთი? ჩვენ, მედიასაც და გულშემატკივარსაც, ზოგჯერ არ მოგვწონს მწვრთნელის გადაწყვეტილება რატომ არ გამოიძახა, ან რატომ არ დააყენა სასტარტოში, ან რატომ არ მისცა მეტი სათამაშო დრო ამა თუ იმ ფეხბურთელს. შემდეგ, მწვრთნელის პასუხო ან მოგვწონს, ან არა. საქართველო-ალბანეთის თამაშზე, წინა სასტარტო შემადგენლობებიდან გამომდინარე „ახალი" სახეები ბევრს გვესიამოვნა, ახალი სისხლით შეივსო გუნდი, მითუმეტეს, სათამაშო კალენდრიდან გამომდინარე, ეს „სისხლი" აუცილებელი იყო და თან, ამ „ახლებსაც" თავის დამტკიცების საშუალება მიეცემოდათ. თუ არ ჩავთვლით პირველ ტაიმში ერთ მომენტს, ბუდუ ზივზივაძეს მხოლოდ მე ვერ ვხედავდი მინდორზე, თუ სხვაც იყო ჩემი მსგავსი? მატჩის შემდეგ, ვილი სანიოლი იტყვის, რომ მის გუნდს დააკლდა ბოლო გადაცემა. თუმცა, ბოლო გადაცემის გარდა, ჩემი სუბიექტური აზრით, ხაზებს შორის ხშირად იყო წყვეტა. ჰოდა, რატომ არ მიდიოდა ეს ბურთი ზივზივაძემდე? ან კიდევ სხვანაირად ვიკითხავ - ბუნებრივია, ფეხბურთელი უკეთ გრძნობს, როდის უნდა დაარტყას და როდის გადაცემა გააკეთოს, მაგრამ რატომ მომეჩვენა რომ ამ შეხვედრაში, ყველაფერს პირიქით აკეთებდნენ? ან ზედმეტად სწრაფად იღებდნენ გადაწყვეტილებას და ამის შესახებ, მატჩის შემდეგ სანიოლმაც ისაუბრა, როდესაც თქვა, რომ მისი ფეხბურთელები ხშირად ჩქარობდნენ. ან კიდევ, იყო „დასარტყმელი" და ამ დროს ბურთს, მარტივად, რომ ვთქვათ, ათრევდნენ...

ისე, ალბათ, აქვე უნდა ითქვას, რომ ისევ და ისევ, ჩემი სუბიექტური გადმოსახედიდან სტაბილური, ამ შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილი იყო, რომელიც, მარტივად ყველას შეცდომას ასუფთავებდა.
მატჩის შემდგომ, ვილი სანიოლმა აღნიშნა, რომ გადახალისებულ ტაქტიკას, გუნდმა მარტივად აუღო ალღო, რეალურად დავიწყეთ 4-3-3-დან თამაშის დასასრულს 4-4-2 ვცადეთ. ფაქტია, რომ გუშინ, რეალურად სათადარიგო სკამზე, ფეხბურთელი, რომელიც რეალურად გააძლიერებდა სკამიდან თამაშს, არ გვყავდა. ფაქტია და აბსოლუტურად ვეთანხმები, ქართველთა მწვრთნელის იმ მოსაზრებასაც, რომ გუნდს, რამდენიმე ვარიანტი უნდა ჰქონდეს, ამ ვარიანტებზე უნდა იმუშაოს და სადღაც, საქმეშიც გამოსცადოს. „არ დაგვავიწყდეს, ჩვენ მსოფლიო შესარჩევი გვაქვს" წინო, ამბობს სანიოლი. გამოუვალი მდგომარეობის შესაბამისად, მაგალითად ევროზე დაგვეტყო „კიტეს" არ ყოფნა, ამჯერად, „ქოჩორა" დააკლდა გუნდს, ხომ? ჰოდა, ამ მდგომარეობის შესაბამისად, უნდა იყოს ალტერნატიული გეგმა, რომელსაც სჭირდება დახვეწა და ეს თუ არა, თამაშში, ვარჯიშებზე ვერ დალაგდება. ასეთ დროს კი შესაძლოა, წააგო. არ გაამართლოს ტაქტიკამ, ან სათამაშო სქემაში ჩართულმა ფეხბურთელებმა. საქართველო - ალბანეთის თამაში, სწორედ ამის დასტური იყო.
მედიამ გიორგი მიქაუტაძის საკლუბო პრობლემებზე ჰკითხა ვილის აზრი. ამ დროს, ჟორჟი, „კიტესა" და „მამარდას" გარდა, რომელსაც რეალურად საქმე არ ჰქონია, იმ გაშვებული გოლის გარდა, სადაც დაცვა ჩავარდა და „მამარდაც" ვერაფერს იზამდა, ჟორჟმა ყველაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. რა თქმა უნდა, საკლუბო „პრობლემების" (სათამაშო დროის სიმცირე კლუბში) ფონზე. ალბათ, უფრო მეტს ველოდი გიორგი ჩაკვეტაძისგან და სასტარტო შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილის სახით, მეგონა უფრო მეტი „ცეცხლი" დაინთებოდა. თუმცა... ალბათ, ეს ის ნაწილია, რომელზეც ჩემზე უკეთ, ცივ გონებაზე ანალიზის შემდეგ, მწვრთნელები, ყველაზე კარგად მოახერხებენ ახსნან გუნდთან (ან ინდივიდუალურად) რა და როგორ იყო.

სოციალურ ქსელში, დილით სქროლვისას დაცვის ხაზის თამაშზეც გადავაწყდი გარკვეულ პოსტებს. მეც დავწერე, რომ გოლის მომენტში დაცვის ხაზი ჩავარდა, კიდევ იყო რამდენიმე შეცდომა, რომელიც ჩემი აზრით თამაშის ნაწილია და რომ არა შეცდომები, მაშინ ფეხბურთი იდეალური თამაში იქნებოდა, ალგორითმით გაწერილი... თუმცა, შეცდომები მოსდით, გუშინაც იყო ასე. არ ვიცი, რამდენად ჩანდა დეტალებში ეს ტრიბუნიდან, მაგრამ როდესაც ფოტო-კამერით ხელში მინდვრის გასწვრივ ზიხარ და ვიზირში აკვირდები დეტალებს, კარგად ხედავ, რამდენჯერ, ლუკა ლოჩოშვილმა, ლაშა დვალმა (სხვათა შორის მას მერეც, რაც ყვითელი ბარათი უკვე ჰქონდა) და გურამ კაშიამ „ბეწვის ხიდზე", ჯარიმის პირზე.
მატჩის შემდეგ, მედიასთან შეხვედრისას, რომელიც აშკარად უფრო გვიან დაწყო, ვიდრე ეს პროტოკოლით არის გაწერილი ვილის სანიოლიმ აღნიშნა: „ზოგჯერ, როდესაც აგებ გინდა რომ თქვა ნეგატიური, რამ იმუშავა რამ არა, ჩემი პირველი განცდაა, რომ ვერ მოვახერხეთ გატანა. მათ რამდენიმე შანსი ჰქონდა და მოახერხეს გოლის გატანა. დაგვაკლდა აგრესიულობა. როცა ვერ გაგაქვს ფეხბურთში ეს შედეგია. სწორი ბოლო პასი რომ გაგვეკეთებინა, შესაძლოა სხვა შედეგი ყოფილიყო, ამას ყველაფერს გავაანალიზებთ".

ერთი წამის ეფექტზე გააკეთა აქცენტი სილვინიომაც: „ჩვენ ეს თამაში მოვიგეთ არა რაიმე ტაქტიკის გამო, რომლითაც დღეს საქართველომ ითამაშა. შეიძლება გქონდეს წამი და ის უნდა გოლად გარდასახო. ეს გააკეთა საქართველოსთან უკრაინამ, მუდრეკმა როცა გაიტანა და ეს გავაკეთეთ ჩვენ". სხვათა შორის, ამ „წამზე" და მოწინააღმდეგე გუნდის „შეცდომაზე", რომელსაც მისი გუნდი მონადირესავით ჩასაფრებული დაელოდებოდა, ალბანელები, მატჩის წინაც საუბრობდნენ. ფაქტია, ეს წამი ჩვენ გაგვეპარა. ამ ბოლო დროს დავაკვირდი და ქართულ ხასიათად ყალიბდება, ტაიმების საწყის და უკანასკნელ წუთებზე მოდუნება. ფაქტია, რომ ალბანელებთან, ტრადიციულად ორი განსხვავებული ტაიმის ფონზე, წასაგები თამაში ნაღადა არ ყოფილა. ფაქტია, რომ რაღაცამ არ იმუშავა. არ ვიცი, იქნებ გადაღლამ? დატვირთულ საკლუბო განრიგს, სამ დღიან შუალედში თამაშიც დაემატა. ან იქნებ, საერთოდ, ტირანაში მოგებული მატჩის გამო, თბილისში, ჩვენი ნაკრები, ზედმეტად თვითდაჯერებული იყო? ყოველ შემთხვევაში ქართველი გულშემატკივრის დიდი ნაწილი, რაღა დაგიმალოთ და მეც, დარწმუნებული ვიყავით, რომ სამი ქულა ჯიბეში გვედო.
მოკლედ, ასეა თუ ისე, გუშინ, წაგებული თამაშის შემდეგ, პირველად დამეძინა. კი, წლებია, საქართვლოს ეროვნული ნაკრების შემდეგ, თეთრად გათენებული ღამეები, ჩვეულია ჩემთვის, თუმცა, ამჯერად ასე არ იყო და ახლა ცივ გონებაზე, ამ სტატიის დაწერაც „გავბედე", რადგან მინდა, გზა, რომელსაც ვადგავართ, მანამდე დავინახოთ, ვიდრე ურემი გადაბრუნდება. ერთა ლიგის გათამაშებაში, საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც ასტანაში, D დივიზიონიდან დაიწყო, კარგი შანსი აქვს, მეოთხე ტურნირში A დივიზიონში იასპარეზოს. ამისთვის კი, ნოემბრის ფანჯარაში „must win games"-ები (აუცილებლად მოსაგები თამაშები) გავიჩალიჩეთ.






ჩვენ







