მეორე ევრომდე ერთ ნაბიჯში...
მეორე ევრომდე ერთ ნაბიჯში...
15.10.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატს მიუახლოვდა. რამაზ სვანაძის გუნდს, ზედიზედ მეორედ, ევროპის მთავარ ახალგაზრდულ ფორუმზე მოსახვედრად ერთი ნაბიჯი, ფლეი-ოფში, საერთო ჯამში, ორ შეხვედრაში გამარჯვება აკლიათ. ჩვენი მეტოქის ვინაობა 17 ოქტომბერს, უეფა-ში გაირკვევა, სავარაუდო მოწინააღმდეგე კი, ბელგიის, ხორვატიას, ჩეხეთის, ფინეთისა და ნორვეგიის გუნდებიდან ერთ-ერთ იქნება. აქვე გეტყვით, რომ თამაშები 11-19 ნოემბრის შუალედში, გაიმართება.


საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფლეი-ოფში თამაშის უფლება ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მას შემდეგ მოიპოვა, რაც ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ვასილიოს გორდეზიანისა და ნოდარ ლომინაძის გოლებით 2-1 დაამარცხა. სხვათა შორის ვიდრე უშუალოდ თამაშს მიმოვიხილავთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს შესარჩევი ციკლი, საქათველოს ნაკრებმა ქუთაისში, 2023 წლის 6 სექტემბერს, გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დაიწო. აქვე ვთქვათ, რომ სვანაძის გუნდმა შესარჩევი ეტაპის 10 შეხვედრიდან 6 თამაში მოიგო, 3 მატჩში დამარცხა და ერთიც ფრედ ითამაშა. ჯგუფში, ნიდერლანდების შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა და საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდები ფლეი ოფში მოხვდა. ახლა, ქართველები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად დარჩენილი 4 საგზურისთვის იბრძოლებენ.


შვედეთში, შესარჩევი ეტაპის ბოლოს წინა მატჩისგან განსხვავებით, რომელშიც ქართველებმა გოლები, რეალურად საკუთრი შეცდომების გამო გაუშვეს, დღეს, ამ კუთხით, ვითარება მეტ-ნაკლებად დალაგებული იყო. მეტ-ნაკლებად იმიტომ რომ ზოგჯერ, ფისნიკ ისაკი მაინც ახერხებდა ხოლმე ქართველთა შეწუხებას. სხვათა შორის, მეორე ტაიმის დასაწყისში, 52-ე წუთზე სწორედ მან მოახერხა ანგარიშის გახსნა.


საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ახალგაზრდული ნაკრებების ქუთაისური დაპირისპირების პირველი ტაიმი, მასპინძელთა დიდი უპირატესობით წარიმართა. ქართველებს კარის მიმართულებით, შეხვედრის ამ მონაკვეთში შვიდჯერ ჰქონდათ დარტყმული, მეტოქეს არც ერთხელ. სვანაძის გუნდმა პირველ ტაიმში ბურთის გაკონტროლებაც სრულად მოახერხა. შეიძლება ითქვას, ერთადერთი, რაც იმ ტაიმს აკლდა იყო გოლი. რომელიც ყველანაირი ლოგიკით, საქართველოს ნაკრებს უნდა გაეტანა. თუმცა, ფეხბურთი ის თამაშა, რომელიც ხშირად, ლოგიკას არ ექვემდებარება და სტუმრებმა, როგორც ზევით აღვნიშნეთ, მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე მოახერხეს ანგარიშის გახსნა. სხვათა შორის, კონკრეტულად ამ მცირე მონაკვეთში სვანაძის გუნდს, ცოტა ნერვიულობა ეტყობოდა, რამდენიმე მომენტში, არადამაჯერებელი იყო ჩვენი გუნდის მეკარეც. თუმცა, გაშვებული გოლის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა მოახერხა თამაშის სადავეების კვლავ ხელში აღება და შეცვლაზე შემოსულმა გორდეზიანმა გიორგი მაისურაძის გადაცემის შემდეგ, ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ შესარჩევის პირველი თამაშში, გორდეზიანმა სადებიუტო სანაკრებო გოლი გაიტანა, უნდა ვიფიქროთ, რომ „გორდეზას", ამ სტადიონზე გოლების გატანა უყვარს. გამარჯვების გოლი კი, 71-ე წუთზე, ნოდარ ლომინაძის დარტყმულს მოჰყვა, როდესაც ბურთმა მაკედონიელთა მოთამაშისგან აისხლიტა და ოდნავ შეიცვალა მიმართულება. ეს კი, საკმარისი აღმოჩნდა, რომ მარკო ალჩევსკის, ამ შეხვედრაში მეორე შეცდომა დაეშვა, სხვა მხრივ, მოწინააღმდეგის მეკარე, გუნდში საუკეთესო იყო.


და ბოლოს, ვიდრე ფლეი-ოფის თამაშები ჩატარდება, აუცილებლად აღნიშვნის ღირსია, რომ რამაზ სვანაძის გუნდმა, ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლით, თვის მხრივ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისთვის ისტორიული შედეგი დააფიქსირა, როგორც სატურნირო ცხრილში პოზიციის, ასევე,  დაგროვებული 19 ქულის მხრივ.


ფოტო: სფფ