„შავი“ ლოს-ანჯელესის ოლიმპიური ლიცენზიისთვის იბრძოლებს
„შავი“ ლოს-ანჯელესის ოლიმპიური ლიცენზიისთვის იბრძოლებს
21.10.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი ჯუდოკა, ლაშა შავდათუაშვილი, ოთხ წელში მორიგ ოლიმპიადას შეუტევს. ამის შესახებ, „შავიმ" საკუთარ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და მომავალი ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოსაპოვებლად სრული მზადყოფნა გამოაცხადა.

„მოგესალმებით, ჩემო გულშემატკივრებო. ძალიან გაფასებთ, მიყვარხართ და დიდ მოტივაციას მაძლევთ ცხოვრებაში. ასევე, მადლობელი ვარ ჩემი ოჯახის წევრების. ისინი მუდამ ცდილობენ, რომ საუკეთესო ვიყო. ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა, ჩემს კარიერაში ისეთ ტიტულებს მივაღწიე, რომ ერთ დროს თავად ჩემთვისაც წარმოუდგენელი იყო, ამისათვის თავდაუზოგავად ვშრომობდი და ვცდილობდი, რომ ყოველთვის საუკეთესო ვყოფილიყავი. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ადამიანმა რამდენიც არ უნდა იშრომოს ვფიქრობ, რომ ყველაფერი ღმერთის ნებაა, ამისათვის უსაზღვროდ მადლიერი ვარ.


განსაკუთრებულად ვემზადებოდი პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის, ჩვენ ყოველთვის გვინდა, რომ გავიმარჯვოთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს - სპორტში როგორც გამარჯვებას იღებ ღირსეულად, ისე მარცხის მიღებაც უნდა შეგეძლოს, თუმცა ამ შემთხვევაში მე ძალიან გამიჭირდა დამარცხების მიღება განსაკუთრებით ოლიმპიადაზე, საკმაოდ მტკივნეული იყო ჩემთვის. დიდი სურვილი და მოტივაცია არ მაძლევს უფლებას ჩემი სპორტული კარიერა აქ დასრულდეს, ამიტომ ვიბრძოლებ ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშებისთვის მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. ვეცდები, რომ კიდევ მოგანიჭოთ სიხარული ჩემი გამარჯვებებით. მჯერა, იმ საუკეთესო მომენტების რასაც უფალი გვიმზადებს," - წერს ქართველი ჯუდოკა საკუთრ სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ორგზის (2013-რიო დე ჟანეირო, გუნდური; 2021-ბუდაპეშტი, უნგრეთი), ევროპის 2012 (ჩელიაბინსკი, გუნდური), 2013 (ბუდაპეშტი, გუნდური), 2016 (ყაზანი, გუნდური), 2017 (ვარშავა, გუნდური) ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების 2012 წლის ჩემპიონი, 2016 წლის ბრინჯაოსა და 2020 წლის ვერცხლის მედლის მფლობელი, ასევე მრავალი საერთაშორისო ტურნირის (გრან სლემი, გრან პრის) გამარჯვებული, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, მედლებისთვის ბრძოლას, ყველასათვის მოულოდნელად პირველი წრიდან გამოეთიშა. ამის შემდეგ, ქართველი IJF-ის ეგიდით გამართულ არც ერთ ტურნირზე არ გამოჩენილა. დღეს გავრცელებული ამ ინფორმაციის შემდეგ, კი ქართული ჯუდოს მოყვარულები, „შავისგან" ახალი წარმატებების მოლოდინის რეჟიმში გადავდივართ. არაა გამორიცხული ლაშა შავდათუაშვილმა წელი 2024 წლის ტოკიოს გრან სლემზე დახუროს, რომელიც, 7-8 დეკემბერსაა ჩანიშნული და ჯერ მხოლოდ 3 ათეული მონაწილეა დარეგისტრირებული.