
ეს გამარჯვებული გუნდის ფოტოა. მნიშნელოვანი მატჩს წინ, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ბოლოჯერ ივარჯიშა. ხვალ, 25 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრ ფლეი-ოფში კარგად ნაცნობ ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ქართული ქალთა ფეხბურთის ისტორიაში, ევროს ფლეი-ოფი არის ახალი ეტაპი, ფეხბურთი კი თამაში, სადაც ყველაფერი შესაძლოა მოხდეს.
„ვიცით, რომ მაღალი ხარისხის გუნდია და იმ გუნდის მოთამაშეები მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში, ინგლისის ჩემპიონატში თამაშობენ. ვიცით, რომ ძლიერი გუნდია და მათთან გვაქვს თამაშები გამართული. თუმცა, რაც ისტორიაა, ის უკვე წარსულია. ახლა, ჩვენ წინ ვიყურებით და რაც მნიშვნელოვანია, ვინც ახლა გუნდშია, ყველა მზადაა თამაშისთვის. გოგოებმა საკმაოდ ბევრი იშრომეს ამ მომენტამდე, მთელი შესარჩევი ციკლი და დარწმუნებული ვარ, ხვალ ყველაფერს გააკეთებენ. ჩვენ ვართ გუნდი და არა ცალკეული ადამიანები, ეს ისაა, რაც შევქმენით, ამ საკვალიფიკაციოს დროს, ჩვენ მოვახერხეთ ტაქტიკურად გამართულად ითამაშონ ფეხბურთელებმა, მოვახერხეთ, რომ ფეხბურთელებმა იაზროვნონ დამოუკიდებლად, დაინახონ რის გაკეთებას აპირებს მოწინააღმდეგე. ხვალინდელი მატჩიდან სწორედ ამ ცოდნის გამოვლენას ველი ჩემი ფეხბურთელებისგან. ყველაფერი რაც უკვე ვისწავლეთ, ცოტა უკეთესად მინდა შეასრულონ. ფეხბურთში, ყველაფერი შესაძლებელია და ამისთვის, მათ უნდა ირწმუნონ, თავდაუზოგავად იმუშაონ თამაშის დროს და თუ ყველა დავალებებს ზუსტად შეასრულებს, შედეგი გვექნება", - ამბობს ირის ანტმანი, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომლის ხელმძღვანელობის პერიოდში ქართული ქალთა ფეხბურთი (ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები) ახალ ეტაპზე გადავიდა.
საქართველოს ნაკრებს, ხვალინდელ თამაშში რამდენიმე ფეხბურთელი, თანაც გოლის გამტანი ფეხბურთელები თეონა ბაქრაძე და ნინო ბუხრიკიძე დააკლდებიან. ორივე მათგანს ყვითელი ბარათების გამო უწევს თამაშის გამოტოვება. თუმცა, ირის ანტმანი თვლის, რომ ასეთი ვითარება, ფეხბურთში ხშირად შეიძლება იყოს. ამიტომ, ყველა ვინც ხვალ მოედანზე გავა, უნდა აჩვენოს, რომ ის ქვეყნისთვის იბრძვის.

„ნაკრებში პოზიტიური განწყობაა. საბედნიეროდ, ოპტიმალური შემადგენლობით ვართ. არავის აქვს ტრავმა. კი, ირლანდიას ვეთამაშებით, მაგრამ როგორც ყველა თამაშისთვის, ახლაც, ვემზადებით სრული შემართებით. როგორც ფეხბურთელისთვის და ნაკრების წევრისთვის, უმნიშვნელოვანესი ეტაპია ჩემს კარიერაში. ასევე, ყველა ჩემი გუნდელისთვის. თამაში, ღირსების თამაშია - ეროვნული ნაკრების მაისური რომ გაცვია, არ აქვს მნიშვნელობა ეს არის ოფიციალური, ამხანაგური, ფლეი-ოფი, ყველა თამაშზე გავდივართ სრული მოტივაციით", - ამბობს ნინო პასიკაშვილი, ქალთა ეროვნული ნაკრების გამოცდილი ფეხბურთელი.
სოციალურ ქსელებში გამოხმაურებებიდან, დიდი ალბათობაა, რომ ხვალ მიხეილ მესხი 2-ზე გულშემატკივარი მრავლად იქნება. აქვე შეგახსენებთ, რომ თამაშზე დასწრება თავისუფალია. ქალთა ეროვნულ ნაკრებში ფიქრობენ, რომ სწორედ ამ თაობის ქალ ფეხბურთელთა დამსახურებაა, რომ ქალთა ფეხბურთისადმი საქართველოში ინტერესი გაჩნდა. შესაბამისად, დღევანდელ ეტაპზე, გულშემატკივრის გვერდში დგომაც, გოგონებს უმნიშვნელოვანეს გარემოებად მიაჩნიათ.
„ჩვენთვის გულშემატკივარის ყოფნა თამაშზე მთავარია. ასეთ დროს, ორმაგი და ასმაგი მოტივაცია გვაქვს. შესაბამისად, თუკი ტრიბუნაზე გვეყოლება ქომაგი, ისინი ძალიან დიდ როლს შეასრულებენ, ისეთი მნიშვნელოვან მატჩში, როგორიც ხვალ არის", - ამბობს გვანცა ქადაგიშვილი.
საქართველოსა და ირლანდიის ქალთა ეროვნული ნაკრებების შეხვედრა, ხვალ, 25 ოქტომბერს, მიხეილ მესხი 2-ზე თბილისის დროით, 20:00 დაიწყება.
სფფ-ის ფოტოები





ჩვენ







