ხვალიდან ხელბურთელთა ეროვნული ევროპის შესარჩევს იწყებს
ხვალიდან ხელბურთელთა ეროვნული ევროპის შესარჩევს იწყებს
05.11.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, 6 ნოემბერს საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატისთვის ასპარეზობას უძველესი ბერძნული ქალაქი ქალკისში დაიწყებს. სადებიუტო ჯგუფურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები Tasos Kampouris-ის არენაზე საბერძნეთს დაუპირისპირდება. თამაში თბილისის დროით, 19:00 საათზე დაიწყება.

ჯგუფის მეორე და 2024 წლის ბოლო ოფიციალურ შეხვედრას, ჩვენი გუნდი ამ თამაშიდან რამდენიმე დღეში, 10 ნოემბერს თბილისში ჩაატარებს და თბილისი არენაზე ისლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება. საერთო ჯამში, ჩვენებს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ჯგუფში მოხვდნენ 6 მატჩის ჩატარება უწევთ. უკვე ხსენებული ორის გარდა, ოთხი თამაში 2025 წელს არის დაგეგმილი:


12-13 მარტი / საქართველო - ბოსნია-ჰერცეგოვინა

15-16 მარტი  / ბოსნია-ჰერცეგოვინა - საქართველო

7-8 მაისი / საქართველო - საბერძნეთი

10-11 მაისი  / ისლანდია - საქართველო


აქვე გეტყვით, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის 8 ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე 2-2 საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრების  პირდაპირ გააგრძელებს ასპარეზობას. თუმცა, მათ გარდა 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის შანსი საუკეთესო შედეგის მქონე 4  მესამეადგილოსანსაც აქვს. გეტყვით იმასაც, რომ ევროპის 2026 წლის ჩემპიონატი ხელბურთში სამ ქვეყანაში დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში გაიმართება. შესაბამისად, ამ ქვეყნის ნაკრებებს ფინალურ ეტაპზე ასპარეზობა ავტომატურ, მასპინძლის სტატუსში აქვთ მოპოვებული.


აღნიშნული თამაშებისთვის გუნდის მთავარ მწვრთნელს ტიტე კალანდაძეს შემდეგი მოთამაშეები ჰყავს გამოძახებული - მეკარეები: #12 ზურაბ ცინცაძე (Azoty Pulawy, პოლონეთი), #87 დავით ნიქაბაძე (SGAU-Saratov), მოედნის მოთამაშეები: #3 გიორგი ლაპიაშვილი (BSB ბათუმი, საქართველო), #7 ხაზეინ რუსტამოვი (RK Sloboda, ბოსნია და ჰერცეგოვინა), #6 აკაკი პატაშური (RK Sloga Doboj, ბოსნია და ჰერეგოვინა), #9 გიორგი არეშიძე (SCM Poli Timisoara, რუმინეთი), #10 ირაკლი კბილაშვილი (AHC Potaissa Turda, რუმინეთი), #11 გიორგი ცხოვრებაძე (VfL Gummersbach, გერმანია), #14 თეიმურაზ ორჯონიკიძე (GRK Ohrid, ჩრდ. მაკედონია), #15 ირაკლი გოგოლაძე (BSB ბათუმი, საქართველო), #18 ერეკლე არსენაშვილი (Tremblay, საფრანგეთი), #24 ზურაბ გოგავა (TV Aldekerk, გერმანია), #28 დავით გრიშიკაშვილი (HC პეგასი, საქართველო), #30 ზურაბ აბრამიშვილი (BSB ბათუმი, საქართველო), #34 მირიან გავაშელიშვილი (RK Metaloplastika Sabac, სერბეთი), #71 გიორგი დიხამინჯია (Azoty Pulawy, პოლონეთი).