
საქართველოს დავითი ყიფიანის თასის ფინალში, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი, თუმცა, მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის ყველაზე ახალგაზრდული გუნდი „დინამო თბილისი", ეროვნული ლიგა 2-ის ცოცხალ ცხრილში, მეოთხე საფეხურზე მყოფ „სპაერს" დაუპირისპირდება. ფინალი, თბილისში, 5 დეკემბერს ჩატარდება. მიხეილ მესხის მთავარ არენაზე შეხვედრა ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყება.
თუმცა, ფინალამდე, რომელიც ერთ თვეშია ჩანიშნული, საკმაოდ საინტერესო ნახევარფინალური დღე იყო, რომელიც მახათას მთის მახლობლად, „სპაერის" ხელოვნურსაფარიან მოედანზე ჩატარდა და რომელშიც „სპაერი", ელიგის გადასათამაშებელ ზონაში მყოფ „გაგრას" დაუპირისპირდა. გამომდინარ იქიდან, რომ „სპაერი" ძლიერთა ლიგაში გადმოსვლას ცდილობს, „გაგრა" კი, ამ ლიგაში ადგილის შენარჩუნებას, არაა გამორიცხული ამ გუნდების „დუელი" დეკემბერში კიდევ გაიმართოს. თუმცა, დღეს, თასის 1/2 ფინალი საკმაოდ საინტერესო და დრამატული გამოდგა. ანგარიში მე-13 წუთზე გაგრელმა გიორგი ხარებაშვილმა გახსნა. 48-ე წუთზე, 11-მეტრიანით, ანგარიში გიორგი ა. ცეცხლაძემ გაათანაბრა. აქვე უნდა ვთქვათ, რომ შეხვედრაში გიორგი კიკაჩეიშვილს, საკმაოდ ბევრი ყვითელი ბარათის ჩვენება მოუხდა, საბოლოოდ, ერთი ფეხბურთელი გააძევა კიდეც. მეორე ტაიმში დანიშნული 11-მეტრიანის გარდა, კიდევ ერთ პენალტში, დამატებითი მეორე ტაიმის მიწურულს დანიშნა და საერთოდ, წყვილში გამარჯვებულიც, 11-მეტრიანების სერიამ გამოავლინა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1-1, ხოლო დამატებით 2-2 დასრულდა. გაგრელებმა თამაში პენალტების სერიაში სწორედ ამ მერე ტაიმის დამატებით დროში გაიტანეს 11 მეტრიანი, თუმცა, პენალტების სერია 5-4 წააგეს. „სპაერი" ფინალშია (იხილეთ მატჩის ოქმი).
შეხვედრის მეორე ტაიმში, ხელით თამაშისთვის დანიშნულმა 11-მეტრიანმა გადაწყვიტა მეორე ფინალისტის ბედიც. „დინამო თბილისისა" და ფოთის „კოლხეთი 1913"-ს შორის დაპირისპირებაში, მიუხედავად იმისა, რომ მთელი შეხვედრა თბილისელთა მეტ-ნაკლები უპირატესობით წარიმართა, გამარჯვებული შეცვლაზე შემოსული მათე ვაწაძის მიერ გატანილმა გოლმა გამოავლინა. გოლი 65-ე წუთზე გავიდა. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები უფრო უხეშობდნენ და „დარტყმა" ძირითადად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების დინამოელებზე მოდიოდა, ყვითელი ბარათები სწორედ ნიკა უგრეხელიძემ და ლევან ოსიყმაშვილმა მიიღეს. დინამოელთაგან გაფრთხილებული კიდევ ერთი ფეხბურთელი, ნიკა ნინუა კი, მე-14 წუთზე, ტრავმის გამო იძულებით შეცვალეს. მატჩის შემდეგ, გაირკვა, რომ ნინუას, ნოემბრის თვე გაუცდება (ერთი დადებითი ისაა, რომ ჩემპიონატი სანაკრებო შესვენებაზე გადის და შესაბამისად, ფეხბურთელს, რეაბილიტაციისთვის ხელსაყრელი გარემო შეექმნა). რადგან სიტყვა დისციპლინარულ მხარეს შეეხო, გეტყვით, რომ დღევანდელი შეხვედრა, თბილისელთაგან სანდრო კალანდაძემ, ფოთელთაგან კი, გეორგი მელქაძემ გამოტოვეს. ამ უკანასკნელს, „გაგრასთან" ელიგის 30-ე ტურში ჯერ მიღებული წითელი ბარათის და შემდეგ, მატჩის შემდგომი ჩხუბის გამო (სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურად იძალადა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელზე), 7 თამაშიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. და ბოლოს ისევ თამაშს რომ დავუბრუნდეთ, თბილისელებს, რამდენჯერმე ჰქონდათ ანგარიშის ჯერ გახსნის, შემდეგ კი გაზრდის შესაძლებლობა. პირადად ჩვენი სიმპათია ამ დღეს, ბენსონ ანანგიმ დაიმსახურა, რომელიც ყველგან ასწრებდა. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის მიწურულს, ფოთელებმა მთელი ძალებით შეუტიეს თბილისელთა კარს და კლიმატური პირობებითაც, ზურგის ქარმა მათ სასარგებლოდ დაუბერა, თბილისელთა ახალგაზრდა მეკარემ, მიშო მაქაცარიამ, კარის დაცვა მოახერხა. საბოლოოდ, „დინამო თბილისმა" მინიმალური ანგარიშით, 1-0 გაიმარჯვა (იხილეთ მატჩის ოქმი) და დავით ყიფიანის თასის ფინალში გავიდა.





ჩვენ







