
რამაზ სვანაძის გუნდს, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალამდე ორი ნაბიჯი აშორებს. იმისთვის, რომ ჩვენმა 21-წლამდე ნაკრებმა 2025 წელს ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზოს და სასიამოვნოდ „გვანერვიულოს", ორი შეხვედრის ჯამში ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებთან მოგება სჭირდება. პირველი თამაში 15 ნოემბერს, თბილისში, მიხეილ მესხზე გაიმართება და მასზე დასასწრები ბილეთების ყიდვა, ფეხბურთის ჭეშმარიტ გულშემატკივარს კვლავ შეუძლია მითითებული ბმულით.
საპასუხო მატჩს კი, ჩვენები 19 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე ხორვატიულ რიეკასთან მდებარე, რუევიცას სტადიონზე გამართავენ.
ალბათ, კარგი იქნებოდა, რომ საპასუხო შეხვედრა საქართველოში ყოფილიყო, თუმცა, დღევანდელი მოცემულობით კარგია, რომ საპასუხო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებში დისკვალიფიკაციის შემდეგ საბა ხვადაგიანი და ნოდარ ლომინაძე დაბრუნდებიან. თბილისში კი, სვანაძის გუნდს, მათ გარეშე მოუწევს თამაში.
მომავალი თამაშებისთვის და შემოდგომის „მოსავლის" ასაღებად, სვანაძის სამწვრთნელო შტაბმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა და მათ შორის ორი დებიუტანტია. ახალგაზრდული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში იქნებიან 17, 19 და 20-წლამდე ასაკობრივი გუნდების ყოფილი ნახევარმცველი დაჩი ლორდქიფანიძე. ასევე პირველად, თანაც ფლეი-ოფის მატჩებისთვის დაუძახეს ირაკლი იაკობიძესაც, „დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილს, რომელიც „გაგრას" 2024 წლის სეზონიდან შეუერთდა.
მომავალი თამაშებისთვის რამაზ სვანაძის გუნდი, რომელი 2023 წლის ევროს შემდეგ, თითქმის სრულად გადახალისდა, მომდევნო ევროს ფინალში გასასვლელად, შემდეგი შემადგენლობით მოემზადება:
მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი („დინამო", ბათუმი), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი"), ლევან თანდილაშვილი („თელავი"); მცველები: ირაკლი აზაროვი („შახტარი", უკრაინა), საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი"), ნიკოლოზ უგრეხელიძე („დინამო თბილისი"), საბა მამაცაშვილი („სირიუსი", შვედეთი), გიორგი მაისურაძე („ჟიტომირი", უკრაინა), ლადო ოდიშვილი („თელავი"), ლუკა ლაცაბიძე („ჩერნომორეცი", უკრაინა), ირაკლი იაკობიძე („გაგრა"), თორნიკე მორჩილაძე („თელავი"); ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი („იბერია 1999"), გიზი მამაგეიშვილი („იბერია 1999"), ლევან ოსიყმაშვილი („დინამო თბილისი"), ირაკლი იეგოიანი („ვიტესი", ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე („დინამო მოსკოვი", რუსეთი), ნოდარ ლომინაძე („დილა" გორი), დაჩი ლორდქიფანიძე („კრემონეზე", იტალია), გაბრიელ სიგუა („ბაზელი", შვეიცარია); თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი („დინამო თბილისი"), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე", იტალია), გიორგი აბუაშვილი („კოლხეთი 1913", ფოთი), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია)





ჩვენ







