
კალათბურთში, საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, „ქუთასის 2010"-ს, მინიმუმ 30 ქულით უნდა მოეგო, რომ ფიბა-ს ევროპის თასის ჯგუფიდან გასასვლელად სასწაული თეორიული შანსი გასჩენოდა. ესპანეთში, J ჯგუფის ლიდერის „ბილბაოს" წინააღმდეგ, ქართულმა კლუბმა 91-63 (მატჩის სტატისტიკა) წააგო და ეს, თეორიული შანსიც დაკარგა.
„ჩვენ ახლები ვართ ამ ტურნირზე. დღეს, ესპანეთის და ზოგადად, ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ. დიდებული მწვრთნელი, დიდებული მოთამაშეები, კარგი გამოცდილება ჩვენთვის. ფანების მიერ შექმნილი ატმოსფეროც გადასარევი იყო. ჩვენ გავაკეთეთ რაც შეგვეძლო, ვეცადეთ, პირველი მეოთხედი, მეტ-ნაკლებად საჩვენოდ კარგად წარიმართა, მაგრამ შემდეგ... მოხდა, რაც მოხდა... ამას ველოდით კიდეც. თქვენს გუნდს ვუსურვებთ, რომ მოიგოთ ტიტული, რადგან მართლა ძალიან კარგი გუნდია ევროპაში, ასე რომ ხვალიდან, უკვე თქვენი გუნდის ფანები ვხდებით", - იტყვის კოტე ტუღუში მატჩის დასრულების შემდეგ.
კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა კლუბმა პირველი მეოთხედი 0-6 წაიყვანა და პირველი მეოთხედი 16-18 მოიგო კიდეც. თუმცა, მეორე მეოთხედის შუაწელიდან მასპინძლებმა უფრო კომპაქტურად დაიწყეს თამაში და ქართული გუნდის ხარვეზებიც თვალსაჩინო გახდა. მეორე მეოთხედი ქართულმა გუნდმა, 22-10 წააგო. მომდევნო 11 ქულით, 25-14. შესაბამისად, ბოლო მონაკვეთის წინ, მასპინძელთა უპირატესობა, უკვე იმდენად სოლიდური იყო, რომ კოტე ტუღუშმა პარკეტზე სარბიელი ახალგაზრდებს დაუთმო და მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ასეთი გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაახმოვანა კიდეც.
„რეალურად, ჩვენი გუნდისთვის ეს პირველი ევროპული ტურნირი იყო. გუნდში, ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს. მე მართლა ვთვლი, რომ ასეთი თამაშები მათ დაეხმარებათ გაიზარდონ მოთამაშეებად, დააგროვებენ გამოცდილებას. გუნდში, თუ დააკვირდით, მხოლოდ ორი ამერიკელი გვყავს და ეს, იმიტომ გავაკეთეთ, რომ ბევრ ქართველ მოთამაშეს მიეცეს შანსი ითამაშონ. ეს ის კალათბურთელები არიან, რომლებმაც მომავალში საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსება უნდა დაიცვან. ასე რომ ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია", - ამბობს კოტე ტუღუში.
დღევანდელი შეხვედრის ბოლო პერიოდშიც სურათი დიდად არ შეცვლილა, „ბილბაომ" თამაში გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა, მეოთხედი ამჯერად 0 ქულიანი უპირატესობით 28-21 მოიგო. ხუთი სათამაშო ტურის შემდეგ, ესპანელთა ჩაგდებული 451 და მიღებული 298 ქულების რაოდენობაც, ამ გუნდის თამაშზე ბევრს მეტყველებს. რეალურად, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, „ბილბაოსთან" საშინაო და გასვლით თამაშზეც, მატჩამდე წაგებული გავიდა პარკეტზე.
საინტერესო დეტალი, ქართული გუნდიდან 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ ორი კალათბურთელი, გუნდის ლეგიონერები გადასცილდნენ. ელიან ჯოინერმა 12, მარკუილ სმიტმა 11 ქულა დააგროვეს. მარგი ქმედების კოეფიციენტის გრაფაში, ქართული გუნდიდან ყველაზე მეტი , 9% (!) კაკი დვალიშვილის გვარის გასწვრივ ეწერა. გასაგებია, რომ „ბილბაოსთან" „დაგეგმილი წაგება" იყო ალბათ გათვლილი, თუმცა, ფაქტია, რომ ქუთაისელებს თამაშში ბევრი შეცდომა გამოსასწორებელი აქვთ.
„ვფიქრობ, ჩვენი გუნდისთვის კარგი გამოცდილება იყო. ჩვენ, მართლა ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშეთ. ცოტა დაღლილები ვიყავით, იქიდან გამომდინარე, რომ ამ შეხვედრამდე ჩვენი სუპერლიგის ორი მატჩის ჩატარება მოგვიწია. საკმაოდ კარგი თამაში იყო და კარგი გამოცდილება მივიღეთ,"- იტყვის თამაშის შემდეგ ბერეკაშვილი.
ესპანეთში, „ბილბაოსა" და „ქუთაისი 2010"-ის შეხვედრას ქართველი ქომაგებიც ესწრებოდნენ. კარგი იქნება, თუკი ფიბა ევროპა თასის ბოლო თამაშზე, რომელიც 13 ნოემბერს, კვლავ თბილისი არენაზე გაიმართება ბულგარული „კერავნოსის" წინააღმდეგ, მაყურებელი სოლიდურად მოვა.
სატურნირო მდგომარეობა ამ მომენტისთვის.
ფოტო: © FIBA





ჩვენ







