შეგვეძლო მოგებაც, ქულის აღებაც, თუმცა...
შეგვეძლო მოგებაც, ქულის აღებაც, თუმცა...
06.11.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დაიწყო ასპარეზობა. ჯგუფის პირველი შეხვედრა ტიტე კალანდაძის გუნდმა საბერძნეთის წინააღმდეგ გამართა და ერთი ბურთით 26-27 წააგო (მატჩის სტატისტიკა).


„თამაშამდე ორი დღით ადრე ვინმეს რომ ეთქვა, დღევანდელ შეხვედრას მხოლოდ ერთი ბურთით წავაგებდით, კმაყოფილები ვიქნებოდით. თუმცა, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდა დღევანდელი თამაში, დასანანია რომ არ მოვიგეთ, ან არ ავიღეთ ერთი ქულა. თუმცა, ჯგუფში ახლა იწყება თამაშები და ჩვენსას ვცდით," - ამბობს ტიტე კალანდაძე თამაშის დასრულების შემდეგ.


საქართველოს ნაკრებმა პრინციპში გამართულად ითამაშა, პირველი მეოთხედი 12-13 მოიგო. ტიტე კალანდაძის გუნდმა, გიორგი ცხოვრებაძის კარგი თამაშს წყალობით ანგარიში 6-10 წაიყვანა. თუმცა, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, ტაქტიკური შეცდომები დაუშვა, რის გამოც საბოლოოდ შეხვედრა დავთმეთ. ბუნებრივია, მოსალოდნელი იყო, რომ შესვენების შემდეგ, მასპინძლები მოუმატებდნენ. ამ მონაკვეთის სტარტზე ბერძნებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს (14-14), მოგვიანებით ეს, კიდევ ერთხელ გააკეთეს (21-21). შეხვედრის მიწურულს კი, საქართველოს ნაკრები თამაშში გოირგი ცხოვრებაძის გოლმა დატოვა (26-26). თუმცა, სათამაშო კიდევ 23 რჩებოდა, რომელიც ბერძნებმა გამოიყენეს და საბოლოოდ გაიმარჯვეს. მასპინძელთაგან, ყველაზე შედეგიანები ნიკოლოას ლიაპისი და ახილეას ტოსკასი იყვნენ, რომლებმაც 7-7 გოლი გაიტანეს. ორივე გუნდში, ყველაზე შედეგიანი კი, 11 გატანილი გოლით გიორგი ცხოვრებაძე იყო.


ჩვენი გუნდის შემადგენლობა და სტატისტიკა დღევანდელ თამაშში ასე გამოიყურება: გ. ცხოვრებაძე (11 გოლი), თ. ორჯონიკიძე 5, ხ. რუსტამოვი 4, ე. არსენაშვილი 3, გ. ლაპიაშვილი 1, ი. კბილაშვილი 1, მ. გავაშელიშვილი 1, ა. პატაშური, გ. არეშიძე, ი. გოგოლაძე, ზ. გოგავა, დ. გრიშიკაშვილი, ზ. აბრამიშვილი, გ. დიხამინჯია


ზ. ცინცაძე - 34 დარტყმა / 8 მოგერიება / 23%

დ. ნიქაბაძე - 1 დარტყმა / 0 მოგერიება


შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 10 ნოემბერს, თბილისი არენაზე, ისლანდიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მე-3 საკვალიფიკაციო ჯგუფში ასპარეზობს ისლანდიის, საბერძნეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებებთან ერთად. მომდევნო, ფინალურ ეტაპზე ჯგუფის 2-2 საუკეთესო გუნდი გადის. მათ გარდა, ფინალურ ეტაპზე (ევროპის ჩემპიონატი სამ ქვეყანაში დანია, ნორვეგია, შვედეთი) გასვლის შანსი საუკეთესო შედეგის მქონე ოთხ მესამეადგილოსანსაც აქვს.