ბოლო ორი სპარინგი და ბევრი კითხვის ნიშანი კარზე მომდგარი მეინ რაუნდის წინ
ბოლო ორი სპარინგი და ბევრი კითხვის ნიშანი კარზე მომდგარი მეინ რაუნდის წინ
07.11.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდში ასპარეზობის წინ მზადება დაასრულა. ერთი წლის მანძილზე საქართველოს ნაკრებმა 8 სპარინგი ჩაატარა, რომელთაგან ხუთში გაიმარჯვა, ორი ფრედ დაასრულა, ერთში კი დამარცხდა. სხვათა შორის, სწორედ ამ ბოლო, წაგებულმა შეხვედრამ, საქართველოს ნაკრების წაუგებელი ციკლიც დაასრულა, რომელიც 2023 წლის ნოემბრის შემდეგ გრძელდებოდა.

„ამხანაგური თამაშები საკმაოდ ვითამაშეთ. ვფიქრობ, ჩატარებული რვა სპარინგის დროს, გვგქონდა საკმაოდ დრო იმისთვის, რომ დეკემბრისთვის მზად ვყოფილიყავით. ბოლო წაგებული თამაში არაა სასიამოვნო, მაგრამ განვიხილავთ რა შეცდომები დავუშვით და ვპირდებით ყველას, მინიმუმამდე დავიყვანთ შეცდომებს, რადგან დეკემბერში ვიყოთ იმ კონდიციაში, რომელიც ჩვენს ნაკრებს ჩვევია", - ამბობს ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ფუტსალი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


მოსამზადებელი ეტაპის ბოლო სპარინგები 6 და 7 იანვარს ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა. თამაშები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდა. პირველ შეხვედრაში ავთანდილ ასათიანის გუნდმა ფრედ, 2-2 ითამაშა. ჩვენი ფეხბურთელები მთელი თამაშის მანძილზე აგებდნენ და თამაში, მატჩის დამთავრებამდე წუთნახევრით ადრე, ჯერ ერთი გოლი გაქვითეს, შემდეგ კი, შეხვედრა ფრედ, დაასრულეს. ქართველთაგან დუბლი (38'06", 39'48") შოთა თოფურიას და გიორგი ღავთძის გადაცემების შემდეგ, გიორგი ჩიმაკაძემ გაიტანა  (მატჩის ოქმი).


პირველი სპარინგის მსგავსად, ანგარიში, მეორეშიც სტუმრებმა გახსნეს, მალე პენალტით ორი გოლით დაწინაურდნენ, ტაიმის მიწურულს კი ქართველთა კარში მესამე გოლიც გაიტანეს. შეხვედრის ამ მონაკვეთში საქართველოს ნაკრებმა ერთი ბურთი გაქვითა, გოლი 19'23" გიორგი ღავთაძემ გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში,  27'02" წუთზე სხვაობა ერთ გოლამდე შეამცირა არჩილ სებისკვერაძემ, რომლისთვისაც დღეს გამართული შეხვედრა მე-100 იყო ეროვნული ნაკრების მაისურით. თუმცა, ეს იყო ის მაქსიმუმი, რის გაკეთებაც ასათიანის შეგირდებმა მოახერხეს. ქართველებმა გარისკეს, ზედმეტი მოთამაშით გადაწყვიტეს თამაშის შემოტრიალება, თუმცა, ასეთი თამაშისთვის ჩვეული გოლები გაუშვეს ცარიელ კარში. საბოლოოდ, ჩვენმა გუნდმა 2-6 წააგო (მატჩის ოქმი).


„შედეგით კმაყოფილები არ ვართ, ფრე და დამარცხება სახლში ლატვიის ნაკრებთან არ არის დადებითი შედეგი, მაგრამ  მეორეს მხრივ გვაჩვენა ბევრი ის მხარე, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რათა ერთი თვის შემდეგ ვიყოთ მზად. რაც ბრაზილიელი ფეხბურთელები გამოგვაკლდნენ, ნებისმიერი ეროვნული ნაკრები არის ანგარიშგასაწევი მოწინააღმდეგეა და არ გვაქვს ის განწყობა, რომ ვინმეზე ძლიერები ვართ", - ამბობს  გიორგი ღავთაძე, რომელმაც პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, დღეს ის ფეხბურთელი იყო მოედანზე, ვის ხილვასაც მიჩვეულნი ვართ.


გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის ჩემპიონატს ლატვია უმასპინძლებს, ბუნებრივია, რომ ჩვენი დღევანდელი მეტოქეები, მომავალი ევროპის ჩემპიონატისთვის განსაკუთრებით ემზადებიან. შესაბამისად, გუნდში ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომლებიც, ქართველთა მეტოქეებმა დღეს საკმაოდ ბევრი გამოსცადეს და ჩვენი გადმოსახედიდან კარგი შთაბეჭდილებაც დატოვეს. განსაკუთრებით მეკარემ რაინერს მუმიეკსიმ, რომელმაც გოლიც გაგვიტანა და ზოგადად, გუნდმა დაცვაში გამართული თამაშით. სხვათა შორის, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დღეს დებიუტი ჰქონდა, „დინამო თბილისის აკადემიის" აღზრდილ მეკარეს, ლუკა ხარშილაძეს, რომელიც მეორე წელია ფუტსალში „დაფუძნდა" და დღეს ეროვნული ნაკრების მაისურიც მოიგო.


„ეს ორი შეხვედრა ემსახურებოდა ევროპის შესარჩევი ეტაპის დაწყებას, რომელიც დეკემბრიდან არის დაგეგმილი. პირველი თმაში, ყველამ ვიცით, რომ ძალიან მნიშნელოვანი იქნება. სამწუხაროა, რომ დღეს დავმარცხდით, თუმცა, მეორე მხრივ უნდა შევხედოთ და ის შეცდომები, რომლებიც დღეს დავუშვით, გამოვასწოროთ. კარგია, რომ ახლა დავუშვით და არა დეკემბერში. ასე რომ კარგია, ახლა გვაქვს დრო, წაგება კარგად გავაანალიზოთ, ვიმუშაოთ იმ შეცდომებზე რაც იყო და კოსოვოს თამაშს კარგ განწყობაზე შევხვდეთ. ვფიქრობ, გვაქვს შანსი ვიბრძოლოთ ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.


ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს, ემახსოვრება, რომ საქართველოს ნაკრებს ნატურალიზებული ფეხბურთელების გახმაურებული პრობლემის გამო ერთი წლის წინ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური, უხეშად, რომ ვთქვათ ჯიბიდან ამოაცალეს. შესაბამისად, 2023 წლის ბოლოდან, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ახალ რელსებზე დაიწყო გადასვლა და მთლიანად, თუ არ ჩავთვლით რონინიოს, რომელიც ყველა წესით ჩვენი გუნდის სრულუფლებიანი წევრია, მხოლოდ ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტდა. სხვათა შორის რონინიოს, ბოლო სპარინგებში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, ის გუნდთან ერთად იყო.


ჯერ-ჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ზვიად კუპატაძე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მეკარემ, სანაკრებო კარიერის შესახებ განაცხადა და რეალურად, შემოდგომაზე ჩატარებულ სპარინგებშიც არ მიუღია მონაწილეობა.


ასეა თუ ისე, დეკემბრისთვის, ავთანდილ ასათიანს და მის სამწვრთნელო გუნდს, უმოკლეს დროში, თანაც გამომდინარე იქიდან, რომ ამხანაგური თამაშის საშუალება აღარ რჩება, ბრმად მოუწევს შემადგენლობის შესახებ ჩამოყალიბდეს.