ქართველი ხელბურთელები ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას ღირსეულად გეგმავენ
ქართველი ხელბურთელები ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას ღირსეულად გეგმავენ
08.11.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 6 ნოემბერს ევროპის 2026 წლის შესარჩევ ეტაპზე დაიწყო ასპარეზობა. ქართულმა გუნდმა, რომელსაც კონტინენტის ფორუმზე დებიუტი 2024 წელს ჰქონდა, ჯგუფის პირველი შეხვედრა გასვლაზე გამართა, საბერძნეთის წინააღმდეგ და ერთი ბურთით 27-26 დამარცხდა.


„გვაქვს პროგრამა მინიმუმი  -  ჯგუფიდან გავიდეთ და მხოლოდ მონაწილეობა არ მივიღოთ აღნიშნულ შესარჩევში. ამისთვის,  ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა  ვაჩვენოთ და მეორედ მოვახერხოთ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა. აღნიშნულ თემაზე მეტი კითხვა არ უნდა დაისვას", - ამბობს ტიტე კალანდაძე და კიდევ ერთხელ იმეორებს ბერძნებთან დასრულებული თამაშის შემდეგ ნათქვამს, „რამდენიმე წლის წინ თამაშამდე, ვიღაცას რომ ეთქვა, ჩვენ ერთი ბურთით დავთმობდით ამ მატჩს, არ დავუჯერებდი. საბერძნეთი, უხერხული მასპინძელია ყველა ტოპ გუნდისთვის და იქ, თავისუფლად ვერავინ თამაშობს. არც იმ განწყობაზე ვართ, რომ ვიძახოთ, რა კარგად გვითამაშია, კარგია ერთი ბურთით წაგებაო. ან შემდეგ, საქართველოში, მინიმუმ ორი ბურთით მოვიგოთ და გვეყოფა. თამაშის მსვლელობა ისე მიდიოდა, რომ უნდა მოგვეგო"...


საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით გუნდში მცირე ტრავმები არის თუმცა, სერიოზული არაფერი: „ჩვენი გუდნის სატკივარი ნიკოლოზ კალანდაძე,  ვერ გვეხმარება. მისი არყოფნა კიდევაც გამოჩნდა. ალბათ, ის რომ ყოფილო ბერძნებთან თამაშს, ნამდვილად არ წავაგებდით. დანარჩენი, ჯანმრთელობის მხრივ, გუნდში ყველა კარგად არის".


საქართველოში, ნაკრები დღეს გამთენიისას დაბრუნდა და რიგიანად, მატჩის შემდგომ, თამაშის ანალიზი ჯერ არ გაუკეთებიათ, თუმცა, „მაქსიმალისტი" ქართველები, თვლიან, რომ ბიჭების კარგი თამაშის ფონზე, ბერძნებთან გამარჯვებამ უბრალოდ „ხელიდან გაუსხლტათ". მატჩის შემდეგ, გამოითქვა მოსაზრება, რომ ჩვენებს გათვლებში შეეშალათ. დღეს, თბილისში, მედიასთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იტყვის, რომ: „მეტოქის შეუფასებლობის დროს, გუნდი თითქოს მოდუნებულია და ისე არ მიდის თამაში, მაგრამ ჩვენ, პირველ წუთებში ანგარიშში წაყვანა მოვახერხეთ. ვაჩვენეთ, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი, წესით ასე უნდა გვეთამაშა მეორე ნახევარშიც, მაგრამ ბევრია სამუშაოა ბოლო წამებზე გაშვებულ გოლებზე, ასევე დისციპლინის თვალსაზრისით. გვაქვს პრობლემა მეორე ტაიმის „ცუდ დასაწყისთან" დაკავშრებით. ვფიქრობ, ეს ფსიქოლოგიური ამბავია, რადგან როცა შევდივართ თამაშში, შემდეგ, სხვანაირად გამოგვდის. ჩვენშია რაღაც გადასაფასებელი. ჩვენ ზრდისა და განვითრების პროცესში ვართ და თუკი, თავიდან გვქონდა მიზანი, 3-4 წელიწადში მებრძოლ გუნდად ჩამოვყალიბებულიყავით, ახლა, მეტი მოთხოვნა გვაქვს. ყველა მოწინააღმდეგე გუნდი უკვე გვიყურებს, როგორც ანგარიშგასაწევ ძალას".


ახლა, საქართველოს ნაკრებს მომდევნო თამაში 10 ნოემბერს აქვს. ამჯერად თბილისში, თბილისი არენაზე, რომელშიც ტოპ გუნდებთან მიახლოებულ ისლანდიის ნაკრებს უმასპინძლებს.  სხვათა შორის, ისლანდიელები ჯგუფის ფავორიტებად არიან მიჩნეული და შესაბამისად, თბილისში საინტერესო დაპირისპირების მოწმენი შესაძლოა გავხდეთ.


„საბრძოლო განწყობა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ სამწუხარო, პირველ თამაშში მარცხი განვიცადეთ.  სეროზული თამაში გველის. ბუნებრივია, მატჩამდე, განვიხილავთ ყველა თამაშს და გავდივართ საბრძოლველად. შევეცდებით, საშინაო თამაშში საბერძნეთი დავამარცხოთ და ბოსნია-ჰერცეგოვინასთანაც პლიუსში გავიყვანოთ თამაში, გავიდეთ გათამაშების მომდევნო ეტაპზე. წინაზე 2 ქულა საკმარისი იყო, ევროზე მოსახვედრად. მომდევნო ეტაპზე გასვლა მესამე ადგილითაც შესაძლებელია. ეს არის ჩვენი პროგრამა მინიმუმი",  - ამბობს თეიმურაზ ორჯონიკიძე, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების კაპიტანი და დასძენს, „ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ქართველი ქომაგების გვერდში დგომას ჩვენ ვგრძნობთ, ისინი, ჩვენი მერვე მოთამაშე არიან მოედანზე. ვისურვებდი, რომ ისლანდიასთან თამაშზე რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი მოვიდეს და რაც შეიძლება ხმაურიანად შევხვდეთ ისლანდიელებს, საქართველოში".


მაშ ასე, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროშესარჩევის მომდევნო შეხვედრას 10 ნოემბერს გამართავს. საქართველოს ნაკრებში იციან, რომ ისლანდიასთან მოგებას, თუნდაც „სახლის თამაშზე" ვერავინ დაგეგმავს, თუმცა, ქართული გუნდი პირობას დებს, რომ ღირსეულად იასპარეზებს და ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას შეეცდება.


მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია. და ბოლოს, გეტყვით იმასაც, რომ საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ლევან სალუქვაძის განცხადებით, ფედერაცია აგრძელებს კონფლიქტის ზონებში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას და ამ მიზნით, 10 ნოემბრის თამაშზე დასასწრებად, აღნიშნული რეგიონიდან 500-800 ბავშვამდე ჩამოიყვანს.