
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის გათამაშების ბოლო მატჩებისთვის ორშაბათიდან, 11 ნოემბრიდან, საგურამოში შეიკრიბებიან. ვილი სანიოლის გუნდი 16 და 19 ნოემბერს ორ შეხვედრას გამართავს, თავდაპირველად ბათუმში უკრაინის, ხოლო შემდეგ გასვლაზე ჩეხეთის წინააღმდეგ. აქვს, თუ არა, ქართულ გუნდს შანსი, ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდეს? რა თქმა უნდა შანსი არის, თუმცა, ის ძალიან ბევრ გარემოებებზეა დამოკიდებული.
„ყველაფერი, ყოველთვის დამოკიდებულია თუ სად გინდა დაინახო შენი თავი. როცა ხარ ქართველი ფანი, გიყვარს ქვეყანა, ამ გადმოსახედიდან უნდა მოიგო ორი თამაში და გადახვიდე A ლიგაში. მეც ასე ვიფიქრებდი. ეს ერთა ლიგა უნდა გამოვიყენოთ გასაძლიერებლად.
ჩემი, როგორც მწვრთნელის აზრით, ყველა თამაშს კარგად ვერ ითამაშებ, ზოგჯერ მოიგებ, ზოგჯერ ვერა, მაგრამ ის ორი თამაში (* ლაპარაკია ოქტომბრის სანაკრებო ფანჯარაზე) ისეთი იყო, რომ უნდა მოგვეგო, მაგრამ ასე არ მოხდა. ფეხბურთი, ისეთი სპორტია, რომ ყოველთვის ვერ მიაღწევ სასურველს. უნდა გქონდეს გეგმა საშუალო ან გრძელვადიანი, რაც ყოველთვის მოგება-წაგებაზე არაა დამოკიდებული. მომდევნო ორ თამაშზე ის შემიძლია ვთქვა მხოლოდ, რომ ცოტა უფრო ფოკუსირებული და კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, მაგრამ შევინარჩუნოთ ჩვენი გუნდის მენტალიტეტი და ხასიათი მიზნის მისაღწევად. არ დავივიწყოთ ისიც, რომ ეს ფეხბურთელები სწავლობენ. ამ განწყობას თუ შევინარჩუნებთ, ნოემბერშიც და მომავალშიც მივაღწევთ წარმატებას", - იტყვის ვილი სანიოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მედიასთან გამართული შეხვედრის დასასრულს. სხვათა შორის, ქართველთა ფრანგი მწვრთნელი, მენტალიტეტს, გრძელვადიანი პერსპექტივის დადებით მხარეებს, ქართული გუნდის ხასიათს, პრეს-კონფერენციის მანძილზე რამდენჯერმე დაუბრუნდება. თუმცა, ისევე როგორც ოქტომბრის თვეში წაგებულ, განსაკუთრებით, ალბანეთთან თამაშსა და განცდილ მარცხს.
„ალბანეთთან გადაწყვეტილებების მისაღებად, სკამიდან გამომდინარე, დიდი არჩევანი არ მქონდა. შეცვლილი ტაქტიკა არ იყო ჩვენი პირვანდელი გეგმა, მაგრამ შემდეგ მოგვიწია ცვლილებები. რა თქმა უნდა, გული დაგვწყდა, რამდენჯერმე ვუყურე ამ თამაშს. ვთვლი, შეგვეძლო უკეთესად გვეთამაშა, მინიმუმ ქულა მოგვეპოვებინა. ახლა მოდის ორ ძლიერ გუნდთან, ორი რთული თამაში. უნდა ვაჩვენოთ, როგორც შეგვიძლია შევინარჩუნოთ ჩვენი სახე და ვიყოთ ძლიერ ლიგაში. ჩვენ რეალისტები ვართ და გრძელი ვადით უნდა დავინახოთ ჩვენი გუნდის განვითარება. უნდა გავიაროთ ფაზები. ახლა რთულ ფაზაში ვართ, მაგრამ ასეთ ლიგაში, სადაც ახლა სადაც ვართ, რეალურად არის კიდეც ჩვენი ადგილი. გვინდა უკეთეს ლიგაში ვიყოთ? ასე, C ლიგიდანაც უნდათ გუნდებს დაწინაურება. გრძელ პერსპექტივაში განვითარება მრავალმხრივია - 6 თვე, მეტი... ჩვენ ვიცით, რომ არ იქნება ეს სწრაფი პროცესი. ბევრი რამ მოხდა ბოლო 12 თვეში. ეს არის რთული პროცესი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სამწვრთნელო შტაბი ფეხბურთელები, ფედერაცია, ვეცდებით ვიაროთ უკეთესობისკენ, ამასთან უნდა შევინარჩუნოთ ის, რასაც მივაღწიეთ, რადგან მერე ვთქვამთ, ჩვენ შეგვიძლია უფრო ზევით ასვლა. ეს ორი თამაში იქნება შესაძლებლობა ჩვენთვის ვანახოთ ევროპულ ფეხბურთს, რომ „ევრო"-ზე თამაში არ იყო შემთხვევითობა", - ამბობს ვილი სანიოლი.
ბარემ ოქტომბრის თვის თემა რომ ამოვწუროთ, ვიტყვით იმას, რითაც მედიასთან დღევანდელი შეხვედრა დაიწყო. კერძოდ, რატომ გადაწყვიტა ვილიმ და მისმა შტაბმა, განსაკუთრებით ალბანეთთან მატჩში ტაქტიკის შეცვლა.
„ძლიერ ტაქტიკური ცვლილებები არ მიყვარს. ბოლო წლებია ძირითადად ერთი და იგივე ტაქტიკით ვთამაშობთ. თუმცა, ალბანეთთან თამაში გამონაკლისი იყო, რაც ქოჩორაშვილის არყოფნით და სხვა მიზეზებით იყო გამოწვეული. ხშირი ცვლილებები გუნდისთვის არაა კარგი. მნიშვნელოვანია, სამომავლოდ სათამაშო სტილი და იდენტობა შევინარჩუნოთ. დიდ ცვლილებებს ამიტომ არ უნდა ველოდოთ და ფეხბურთელებმაც უნდა იცოდნენ როგორ ვითამაშებთ, როდესაც ნაკრებში მოდიან", - ამბობს სანიოლი.
ნოემბრის სანაკრებო ფანჯრის თამაშებზე ვილი სანიოლიმ, ეროვნულ ნაკრებში ძველი და კარგად ნაცნობი სახეები დააბრუნა. დღეს, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ყურადღება ორ მათგანზე, ანრი მექვაბიშვილზე და ნიკა კვეკვესკირზე გაამახვილა.
„მექვაბა" და „კვეკვე" ჩემთვის გუნდის განუყრელი ნაწილია. მოგეხსენებათ, „მექვაბა" ტრავმირებული იყო. ახლა, მან დაიწყო თამაში და ამით არის განპირობებული მისი დაბრუნება. მექვაბიშვილი, ყოველთვის საინტერესო ფეხბურთელი იყო ჩემთვის. მაშინაც კი, როცა ის „დინამო თბილისში" თამაშობდა და ეროვნულ ნაკრებში თამაშის გამოცდილება არ ჰქონდა. რაც შეეხება „კვეკვეს", ის ცოტა სხვა სტილის მოთამაშეა, წინა სანაკრებო ფანჯრის პერიოდში, ის უგუნდოდ იყო და მისი არგამოძახების მიზეზიც ეს იყო. თუმცა, გუნდში კვეკვესკირის მსგავსი ფეხბურთელი ფუფუნებაა, დიდი მოტივატორია ახალგაზრდებისთვის. ამიტომ არის ის გუნდში, ნონიკაშვილი და ალთუნაშვილი კი ამ ეტაპზე არ არიან, თუმცა, სამომავლოდ ასეთი კონკურენცია საჭიროა. ნოემბერში უნდა მოვახერხოთ საუკეთესოდ თავის წარმოჩენა", - ამბობს სანიოლი.
სანიოლმა ილაპარაკა იმ ცვლილებებზე, რომლის გაკეთებაც ოდესმე მას გუნდში აუცილებლად მოუწევს. მაგალითად, სამომავლო ცვლილებებზე დაცვის ხაზში, სადაც ბევრი ვეტერანია. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ პერმანენტულად მან თავის გამოჩენის შესაძლებლობა ახალგაზრდებსაც მისცა, მაგალითად საბა ხვადაგიანს, სანდრო კალანდაძეს.
„ყოველთვის რთულია ამ თემაზე ლაპარაკი რადგან დამოკიდებულია ფეხბურთელების სათამაშო კონდიციაზე. მაგალითად, გიორგი გულიაშვილს ოქტომბერში პირველად დავუძახეთ. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მისი გუნდთან ერთად ნახვა. ვფიქრობ, ბოსნიის ჩემპიონატის და სანაკრებო დონე ამ ეტაპზე განსხვავებულია. უნდა გააგრძელოს მუშაობა, რომ საკუთარ თავს ნაკრებში დაბრუნების შესაძლებლობა მისცეს. რაც შეეხება საბა გოგლიჩიძეს, ჰქონდა შანსი ეჩვენებინა რა შეეძლო, მას მიეცა თამაშის დაწყების საშუალებაც. რადგან ის ახალგაზრდაა მას ექნება მომავალში ნაკრებში შანსი, მაგრამ 3 თვის წინ არავის შეეძლო ეფიქრა რომ ის ეროვნულ ნაკრებში გამოჩნდებოდა. ჩვენ, ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების სამწვრთნელო შტაბი, ერთად ვმუშაობთ, მაგრამ ყოველთვის ჩემი გუნდის ინტერესიდან გამოვდივარ. როცა ახალგაზრდა ფეხბურთელი სტაბილურია იტალიის სერია A-ში, ის ჩვენთვის საინტერსოა და პირველ ნაკრებში უნდა თამაშობდეს, მას ამის შანსი უნდა მიეცეს. ახალგაზრდულ ნაკრებს კი, ახლა აქვს შანსი გავიდეს დიდ ფორუმზე ჯერ ევროპაზე, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე. ახალგაზრდულის წარმატება მნიშნელოვანია ეროვნული ნაკრებისთვისაც", - ამბობს ვილი.
მედიასთან შეხვედრისას ვილიმ ისაუბრა ზურიკო დავითაშვილზე, რომელიც საფრანგეთის ლიგა 1-ს ეჩვევა და ჟორჟ მიქაუტაძეზე, რომელსაც კვლავ რთული პერიოდი აქვს, თუმცა, ბოლო პერიოდში მეტი სათამაშო დროც მიეცა და თავდაჯერებულობაც მოემატა. ისაუბრა ხვიჩა კვარაცხელიაზეც:
„როდესაც მოკლე დროში ბევრი რამ ერთად ხდება, ფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად გააკეთე. მაგრამ ხშირად აქ იბნევიან. მე იმიტომ ვარ, რომ მოთამაშეებს მივახვედრო, მხოლოდ მაღალი დონის ფეხბურთი უნდა იყოს მათი სამიზნე სფერო და ეს არის დიდი გამოწვევა. მაგალითად, ხვიჩა „ნაპოლიში", პირველი სეზონის შემდეგ, ცოტა მოდუნდა, ჩავარდნაც ჰქონდა, თუმცა გააცნობიერა, რომ ის წელი წარსულია. ამიტომ უნდა იფიქრო მომავალზე, იმუშავო თავდადებით. ამ მხრივ ეს არის კარგი მაგალითი ყველასთვის. ჩვენ უკვე გვაქვს ასეთი კარგი გამოცდილება, როგორც გასულ ზაფხულს და გვინდა კიდევ გავიმეოროთ, თუმცა, საკმაოდ რთული გასაკეთებელი", - ამბობს ვილი სანიოლი.
ბუნებრივია, მოახლოებული თამაშების წინ, ვილიმ უკრაინასთან პოზნანში გამართული თამაშიც გაიხსენა, თუმცა, უკრაინის თემას, უშუალოდ მატჩის წინ დავუბრუნდებით, მანამდე კი, ქართველთა მთავარი მწვრთნელის თქმით, გუნდში კარგი ატმოსფეროა და ბიჭები ისეთ განწყობაზე არიან, როგორც ევრო-ს წინ და ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს იყვნენო.





ჩვენ







