
გოგა ბითაძე
როცა გოგა ბითაძეს სათამაშო დრო აქვს, ის აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში შედეგიანად თამაშობს. ვენდელ კარტერის ტრავმის გამო ქართველი ცენტრი ორლანდო მეჯიქის სასტარტო ხუთეულში დამკვიდრდა და უვე მესამე თამაშია, ან ორმაგ დუბლს აკეთებს, ან ამ შედეგამდე მცირედი აკლდება.
ასე იყო გასულ შეხვედრაშიც, რომელშიც ორლანდოელებმა ნიუ ორლეან პელიკანსი 115-88 დაამარცხეს. ბითაძემ სასტარტოში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 27 წუთში 11 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. ბითაძემ მეტოქის ფარს საშუალო დისტანციიდან 6-ჯერ შეუტია და 5-ჯერ წარმატებით, ზუსტი აღმოჩნდა მისი ერთადერთი საჯარიმო სროლაც. ბურთი მეტოქის ფარზე 5-ჯერ, ხოლო საკუთარზე 4-ჯერ მოხსნა და ამ მაჩვენებლით (9 მოხსნა) მოედანზე საუკეთესო იყო. ქართველი კალათბურთელი სამჯერ დაჯარიმდა.
ორლანდო მეჯიქს, რომელსაც ტრავმების გამო პაოლო ბანკერო და ვენდელ კარტერ-უმცროსი ვერ ეხმარებოდნენ, 27 ქულით ფრანც ვაგნერმა ულიდერა. 17 ქულით დაასრულა თამაში მისმა ძმამ, მორიცმა. სტუმართა გუნდში, რომელსაც ლიდერები ვერ ეხმარობდნენ, 26 ქულით ბრენდონ ბოსტონი გამოირჩა.
ორლანდო მეჯიქს ჩატარებულ 10 თამაშში 4 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციას იკავებს. მომდევნო შეხვედრას გოგა ბითაძის გუნდი ისევ საკუთარ მოედანზე, ვაშინგტონ უიზარდსთან გამართავს.
თორნიკე შენგელია
თორნიკე შენგელიას ლიდერობით ვირტუს ბოლონიამ ევროლიგაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ბოლონიელებმა იტალიაში თელ ავივის მაკაბის უმასპინძლეს და 84-77 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24:23 წუთი გაატარა. მის ანგარიშზე 16 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩჭრა დაგროვდა. თორნიკემ 6-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი მძიმე ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ის მასპინძელთა რიგებში მხოლოდ ხორვატ ანტე ჟიჟიჩს ჩამორჩა, რომელმაც 14 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.
2 მოგებითა და 6 მარცხით ვირტუს ბოლონია სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 12 ნოემბერს, მადრიდში, რეალთან ჩაატარებს.





ჩვენ







