
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები არასრული შემადგენლობით რამდენიმე დღეა ვარჯიშობს. ალეკსანდარ ჯიკიჩს გუნდი ფიბა-ს ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის მორიგი ჯგუფური მატჩებისთვის ემზადება. გუნდი, 11 ნოემბრიდან, დიღმის არენაზე შეიკრიბა, მოსამზადებელი ეტაპის ბოლო სამ დღეს კი, თბილისი არენაზე ივარჯიშებს. ამის შემდეგ გუნდი 18 ნოემბერს დილით, ფინეთში გაემგზავრება და უშუალოდ მატჩისთვის იქ მოემზადება. შეგახსენებთ, რომ ამ ფანჯარაში, საქართველოს ნაკრებს ჯერ გასვლაზე, 21 ნოემბერს ჰელსინკიში, შემდეგ კი, თბილისში, 24 ნოემბერს, უწევს ფინეთის ნაკრებთან თამაში.
ქართველთა სერბმა თავკაცმა ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, სადაც ბევრი საინტერესო და ალბათ, უფრო მომავალში საინტერესო სახელია. მაგალითად, სამი დებიუტანტი: „ქუთაისი 2010"-ის წევრი, 20 წლის გიორგი სულაბერიძე, გორის „ივერიონის" ცენტრი, 25 წლის ივანე მეგენეიშვილი და თსუ-ს 16 წლის გამთამაშებელი, ზაზა ფაჩულიას აკადემიის აღზრდილი მათე ყავლაშვილი. გაფართოებულ შემადგენლობაშია დასახელებული ასევე, ესპანეთში მოთამაშე 16-წლამდე ნაკრების კიდევ ერთი წარმომადგენელი, მათე ხატიაშვილი, რომელსაც სანაკრებო „დებიუტი", ბუნებრივია გაფართოებულ შემადგელობაში, კერ კიდევ „ზუროსის დროს" გამოჩნდა.
საბოლოოდ, ჯიკიჩის გაფართოებული შემადგენლობა, რომელთაგან მოთამაშეების ნაწილი, ეროვნულ ნაკრებს, უშუალოდ ფინეთში შეუერთდება ასე გამოიყურება: კამარ ბოლდუინი („ბასკონია" ესპანეთი), ჯო ტომასონო („გრან კანარია" ესპანეთი), რატო ანდრონიკაშვილი („ვეფი", რიგა, ლატვია), გიორგი ოჩხიკიძე („ქუთაისი 2010"), ლუკა ლიკლიკაძე („ორბი" ტყიბული), ლუკა მაზიაშვილი („ამრა" გაგრა), მათე ხატიაშვილი („ბასკონია U18", ესპანეთი), მათე ყავლაშვილი (თსუ), დუდა სანაძე („ანორთოსისი", კვიპროსი), სანდრო სანაძე („მარგვეთი"), დავით კაკუბაძე (ვსა), კახაბერ ჯინჭარაძე („ალ რაიანი", ყატარი), ალექსანდრე ფეცვაძე (თსუ), გიორგი სულაბერიძე („ქუთაისი 2010"), თორნიკე შენგელია („ვირტუს ბოლონია", იტალია), ბექა ბურჯანაძე („კორუნა" ესპანეთი), გიორგი კორსანტია („ქუთაისი 2010"), ილია ლონდარიძე („ბათუმი"), ივანე მეგენეიშვილი („ივერიონი", გორი), გიორგი შერმადინი („ტენერიფე", ესპანეთი), გიორგი ბაქრაძე („დელტა" გურჯაანი).
როგორც ხედავთ, საქართველოს ნაკრების თავკაცმა, კალათბურთელს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, კამარ ბოლდუინს, ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება მისცა. ის გუნდს პირდაპირ ფინეთში შეუერთდება, ისევე როგორც გუნდის მეორე ლეგიონერი ჯო ტომასონი. ფინეთში შეუერთდებიან გუნდს ქართველი ლეგიონერები გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე და კაპიტანი, თორნიკე შენგელია. შესაბამისად, აღნიშნულ მოთამაშეებს ზემოთხსენებული გაფართოებული შემადგენლობიდან, კიდევ 9 მოთამაშის დასახელება მოუწევთ. აი, მათ შორის 12 კი, უშუალოდ ნოემბრის სანაკრებო თამაშების განაცხადში იქნება.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ცნობით, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მატებაა. ალეკსანდარ ჯიკიჩის ასისტენტების სიას, რომელსაც ანატოლი ბოისა და მანუჩარ მარკოიშვილი შეადგენენ, დაემატა ნიკა ცინცაძე, რომელიც ეროვნულ ნაკრებთან 11 ნოემბრიდან უკვე შეუდგა მუშაობას. რაც შეეხება ანატოლი ბოისასა და მანუჩარ მარკოიშვილს ისინი ნაკრებს ფიბა-ს ფანჯრის ოფიციალური გახსნის შემდეგ შეუერთდებიან.





ჩვენ







