
ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარ 2028 წლამდე „გვირილაზე მკითხაობას" და „ყავაში ჩახედვას", დარჩება ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად, თუ რომელიმე სხვა შემოთავაზებას დასთანხმდება, რომლის შესახებაც თითქმის ევრო 2024-დან მოყოლებული ლაპარაკობს ქართული მედია და პრეს-კონფერენციებზეც უკვე ტრადიციულ კითხვად ჩამოყალიბდა, დღეს, სფფ-ის სანაკრებო გვერდმა საბოლოოდ დაუსვა წერტილი.
„საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. ახალი კონტრაქტის თანახმად ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებში 2028 წლის ჩათვლით იმუშავებს", - ნათქვამია სფფ-ის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება. ნაყოფიერი პერიოდი გვაქვს ვილი სანიოლთან ერთად და ბევრ წარმატებას მივაღწიეთ. მინდა მადლობა გადავუხადო მას და დარწმუნებული ვარ, მომავალში, საქართველოს ნაკრებთან ერთად კიდევ უფრო მეტი შედეგს მიაღწევს", - ამბობს ლევან კობიაშვილი.
მოგეხსენებათ, ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვალში ჩაუდგა სათავეში. იყო რთული პერიოდებიც და იყო ევრო 2024-იც. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, 42 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 20 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 16-ჯერ დამარცხდა. თუმცა, დღეს მარცხზე მეტად, თბილისის 2024 წლის საპატიო მოქალაქის გვართან, მაინც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობა ასოცირდება.
„მას შემდეგ, რაც ერთი ლამაზი ისტორია უკვე დავწერეთ, კიდევ ერთი მსგავსი ისტორიის დაწერა შეგვიძლია ახალ პროექტად მივიჩნიოთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეგვიძლია და მსურს ამის ნაწილი ვიყო. საქართველოში თავს ბედნიერად ვგრძნობ და რაიმეს შეცვლის მიზეზი არ მქონია. საქართველოს ნაკრები უკვე ანგარიშგასაწევი გუნდია ევროპაში და ამას უნდა მივეჩვიოთ. კიდევ უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ, რათა გავაგრძელოთ ჩვენი დონის გაუმჯობესება. გვსურს იმ გამოცდილების კიდევ ერთხელ გაზიარება, რომელიც გასულ ზაფხულს არა მხოლოდ გუნდმა, არამედ მთელმა ქვეყანამ მიიღო", - ამბობს სანიოლი, რომელიც გუნდში მისი დარჩენა-არდარჩენის საკითხთან დაკავშირებით, ყოველთვის ამბობდა, რომ საქართველოში მუშაობა მისთვის კომფორტული იყო და მისი გადაწყვეტილებაც, უფრო ხელსაყრელ დროს გახდებოდა ცნობილი. როგორც ჩანს ეს დრო, დღეს დადგა. უეფა-ს ერთა ლიგის ნოემბრის თამაშებამდე ოთხი დღით ადრე.

ვილი სანიოლს უკავშირდება საქართველოს ნაკრების ყველაზე წარმატებული პერიოდი. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და ევრო 2024-ის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა. უეფას ერთა ლიგის C ლიგაში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ამ დროისთვის B ლიგაში ასპარეზობს.
„ძალიან მიხარია, რომ ვილი სანიოლთან ახალი კონტრაქტის გაფორმება შევძელით. ძალიან ბევრი ნაკრები და კლუბი იჩენდა ინტერესს მის მიმართ. ერთად დიდი და წარმატებული გზა გამოვიარეთ. ჩვენი მიზანია, რომ მიღწეულით არ დავკმაყოფილდეთ და უფრო მეტს მივაღწიოთ ერთად", - ამბობს ალექსანდრე იაშვილი.
2025 წლიდან ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ჩვენი გუნდი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის წილისყრა13 დეკემბერს გაიმართება. მანამდე კი, საქართველოს ნაკრების თავკაცს და მის გუნდს, ორი მნიშნელოვანი თამაში ელის, ჯერ ბათუმში, უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ. შემდეგ კი, ჩეხეთში.
სფფ-ის ფოტო





ჩვენ







