
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 15 ნოემბერს, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ფლეი-ოფის პირველ მატჩს მიხელ მესხზე, ხორვატიის წინააღმდეგ ითამაშებს.
21-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა: „მიმაჩნია, რომ ხვალინდელი მატჩისთვის მზად ვართ. მოწინააღმდეგეს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ. ახალგაზრდული ნაკრების წარმატებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ ვიასპარეზოთ.
წინასამატჩო განწყობა დადებითია. სხვანაირად ვერც იქნებოდა. ახალი გუნდია და ბევრი ახალი მოთამაშეა. მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ ჩვეულ სულისკვეთებას და ხასიათს გამოვიჩენთ", - ამბობს სვანაძე.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რომელმაც მედიასთან შეხვედრამდე რამდენიმე წუთით ადრე, ოფიციალურად 2028 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი, ხვალინდელ თამაშზე, მოთამაშეების გარდა მეტი აქტიურობისკენ, ქართველ ქომაგებსაც მოუწოდა: „გულშემატკივარის მხარდაჭერა, განსაკუთრებით ევროპის ჩემპიონატზე უკვე გამოვცადეთ. მოწოდება არ იქნება სწორი, უბრალოდ, მინდა მათ ვთხოვო, რომ ჩვენს გუნდს მხარი დაუჭირონ", - ამბობს სვანაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში რამდენიმე ახალწვეულია, გუნდს აქვს დანაკლისიც და რამდენიმე ფეხბურთელი, რომელიც ტრავმის შედმეგ დაუბრუნდა 21-წლამდებს. შესაბამისად, გასაგებია, ქართული მედიის ინტერესი ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ხომ არ შეიცვლებოდა საქართველოს ნაკრების სათამაშო სქემა ხვალინდელ მატჩში. სვანაძემ დეტალები არ დააკონკრეტა, ბუნებრივია, არც სქემაზე გაამახვილა ყურადღება, თუმცა, აღნიშნა, რომ ვინც ამ მომენტში მის განკარგულებაში არის, ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებთან, ხვალინდელი მატჩისთვის მზად არის და სჯერა, რომ თავს არავინ დაზოგავს.
„ჩვენი თამაშის სტილი, ზოგჯერ მართალია მეტოქიდან გამომდინარე იცვლებოდა, მაგრამ ის არის, რასაც აქამდე ვაჩვენებდით. არ ვიცი ივიცა ოლიჩმა რა იგულისხმა, მაგრამ ჩვენ ჩვეულ სტილში ვაპირებთ თამაშს", - ამბობს რამაზ სვანაძე და კონკრეტული ფეხბურთელების შესახებაც პასუხობს მედიის კითხვებს:
ირაკლი აზაროვი მზადყოფნაშია. საბედნიეროდ, მისი ტრავმა არ აღმოჩნდა იმ სირთულის, რაც ერთი შეხედვით ჩანდა. ხვალ, ის, აუცილებლად ითამაშებს.
ლუკა ლაცაბიძეს რაც შეეხება, მას შემდეგ, რაც სათამაშო პრაქტიკა მიიღო პროგრესირებს. მართალია ის გუნდში განსხვავებულ პოზიციაზე დგას, მაგრამ მისი უნივერსალიზმი კარგია. მას ორ პოზიციაზე შეუძლია თამაში, მაგრამ დღეს იმას არ ვიტყვი თუ სად ვათამაშებ.
გაბრიელ სიგუას თაობაზე, ვერ გეტყვით რამდენ წუთს ითამაშებს, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ ის სათამაშოდ მზად არის.
დაჩი ლორთქიფანიძე პირველად გვყავს შეკრებაზე. მას საკმაოდ კარგად ვიცნობთ, რადგან ასაკობრივ ნაკრებებში ითამაშა და მასზე საკმარისზე მეტი ინფორმაცია გვაქვს. მისი იმედი მაქვს, მაგრამ ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, საქართველოსა და ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების შეხვედრა, თბილისში, მიხეილ მესხზე 19:00 საათზე დაიწყება. ქართველი ფეხბურთელები, მათ შორის ეროვნული ნაკრების სახეები, მოუწოდებენ, ყველას, არ დაიზარონ და მივიდნენ სტადიონზე, რადგან ხვალ, ახალგაზრდულ ნაკრებს მე-12 მოთამაშე ძალიან სჭირდება. მითუმეტეს, რომ საპასუხო შეხვედრა გასვლაზე რიეკას რუევიცას სტადიონზე იქნება და თბილისიდან წაღებული დადებითი ბალანსი, ორ-რაუნდიან დაპირისპირებაში, ძალიან დაგვეხმარება.





ჩვენ







