გოგა გვქომაგობს, დუდა მოდის...
გოგა გვქომაგობს, დუდა მოდის...
14.11.2024
ავტორი: ირაკლი პერტაია / კალათბურთის ფედერაცია

გოგა ბითაძე


გოგა ბითაძის წარმატებული თამაში გრძელდება. ქართველ ცენტრთან ერთად წარმატებულად ასპარეზობს მისი გუნდი ორლანდო მეჯიქი, რომელმაც მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად მისი მეტოქე იყო გოგას ყოფილი კლუბი „ინდიანა პეისერსი", რომელიც „მეჯიქმა" დაძაბულ ბრძოლაში 94-90 დაამარცხა. ეს გამოდგა ზედიზედ მე-12 შინ მოგებული მატჩი ორლანდოსთვის.


ქართველი ცენტრი კვლავ სასტარტო შემადგენლობაში იყო და NBA-ის მიმდინარე სეზონში მესამე ორმაგი დუბლი ჩაიწერა: 12 ქულა, 12 მოხსნა. მან მოედანზე 28 წუთი გაატარა, 7-დან 6 ორქულიანი გამოიყენა და სტატისტიკა თითო ჩაჭრა-პასითა და 2 დაფარებით გაიმდიდრა.


კვლავ გამორჩეული მატჩი ჰქონდა „ორლანდოს" გერმანელ ფორვარდს, ფრანც ვაგნერს, რომელმაც 29 ქულა ჩააგდო.


„მეჯიქს" 7 მოგება, 6 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მესამე ადგილზეა.


დუდა სანაძე


დუდა სანაძემ და მისმა ანორთოსისმა ფიბა ევროპის თასზე ბოლო შეხვედრა გამართა. კვიპროსულმა გუნდმა ლიმასოლში ესპანურ სარაგოსას უმასპინძლა და ბრძოლაში  76-83 დამარცხდა. შედეგად, ანორთოსისმა ჯგუფური ეტაპი მოუგებლად, 6 მარცხით დაასრულა. ქართველ ლეგიონერებს კვიპროსულ კლუბთან კონტრაქტი მხოლოდ ფიბა ევროპის თამაშებისთვის ჰქონდა და შესაბამისად, სანაძისა და ანორთოსისის ურთიერთობა ამ ეტაპზე დასრულდა.


სარაგოსასთან მატჩში სანაძემ 10 ქულა, 4 პასი და 2 მოხსნა დააგროვა. ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 28 წუთი დაყო. ქართველმა უკანახაზელმა 8-დან 3 ორქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, პერიმეტრიდან კი 5 ცდიდან ყველა სროლა აუცდა.


სანაძემ კვიპროსი უკვე დატოვა და ოთხშაბათს თბილისში იქნება. 15 ნოემბრიდან ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება, რომელიც ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკციო ტურნირის მატჩებისთვის ემზადება.