მეტი შეტევა და აგრესია, ის რაც ოქტომბერში დაგვაკლდა, ნოემბერში უნდა ავინაზღაუროთ
მეტი შეტევა და აგრესია, ის რაც ოქტომბერში დაგვაკლდა, ნოემბერში უნდა ავინაზღაუროთ
15.11.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, „აჭარაბეთ არენაზე" ბოლოს უკრაინის ნაკრებმა ივარჯიშა. მედიისთვის განკუთვნილი ღია 15 წუთის შემდეგ, სტუმრებმა ისე „დახურეს" ვარჯიში, რომ მოედნის ტერიტორიიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადა და ფიჩსაიდი ექიმიც (ეს არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ფეხბურთელის დაშავების შემთხვევაში, შეუძლია მსაჯის ნებართვის გარეშეც შევიდეს მინდორზე) კი, შენობაში, სავარჯიშო პროცესიდან შორს გაუშვეს. ვარჯიშამდე, ქართველ და უკრაინელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ხვალინდელი მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა, სერჰეი რებროვმა განაცხადა, რომ ხვალ მისი გუნდი საბრძოლოდ გამოვა - უკრაინისთვის.

ხვალ, 2023 წლის მარტის შემდეგ, ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე" საბრძოლოდ გამოვა საქართველოს ეროვნული ნაკრებიც, ფრანგი თავკაცის, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, რომლის მედიასთან დღევანდელი შეხვედრის მთელი ამბები, მოგვიანებით, უკრაინელთა მთავარ მწვრთნელს, ჩვენმა სტუმარმა კოლეგებმა, სულ სიტყვა სიტყვით მოახსენეს.




„ვიცოდით, რომ საკუთარი გულშემატკივრის მხარდაჭერით, საქართველო საპასუხო შეხვედრაში იქნებოდა უფრო აგრესიული და თამაშიც განსხვავებული ვიდრე ეს ოქტომბერში იყო. ასე, რომ ვნახოთ რა მოხდება. გუნდში ნამდვილად არის დანაკლისი, მაგრამ ვინც გამოვა მოედანზე გამოვა მოსაგებად და იბრძოლებს უკრაინისთვის... ხვიჩას, ისევე „მოვერევით", როგორც ეს წინა თამაშზე გავაკეთეთ", - ამბობს რებროვი.


ვილიმ კი, ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ მალე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ახლოვდება. ილაპარაკა იმის შესახებაც, რომ ახალგაზრდა და ახალი ფეხბურთელებისთვის, გამოსაცდელად, ყველაზე ხელსაყრელი ამხანაგური თამაშებია, აი, ისეთები როგორი მაგალითად, ტაილანდთან გამართული თამაში იყო, მაგრამ „ახლა, ფიქრისთვის, დრო არ არისო", დასძინა სანიოლიმ.


„ვფიქრობ, ბოლო წლებში ბევრი რამ შეიცვალა, ჩვენ გვყავს ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების ნაზავი გუნდი. უნდა შევინარჩუნოთ ის ვითარება რაც ახლა არის და არც, ახალი თაობით ჩანაცვლების ტენდენცია უნდა დაგვავიწყდეს. მათ, ახალგაზრდებს სჭირდებათ სივრცე, შანსი, რომ თავი გამოიჩინონ, თუმცა, ეს ცოტა სხვა არის, ვიდრე, ოფიციალურ თამაშებში მონაწილეობა. ამისთვის ამხანაგური თამაშებია საჭირო",  - ამბობს ვილი.




ხვალინდელ მატჩს, მოგეხსენებათ, ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება, მაგალითად, ჩვენთან არ იქნებიან საბა გოგლიჩიძე, რომელიც ტრავმირებულია და ლაშა დვალი, რომელსაც დისციპლინარული ვერდიქტის გამო უწევს თამაშის გამოტოვება. თუმცა, დვალმა დღეს, ბათუმში, გუნდთან ერთად ივარჯიშა.  ნაკრებთან ერთად, მხოლოდ, ბუნებრივია უკრაინის, ივარჯიშა არტიომ დოვბიკმაც, თუმცა, ხვალ ითამაშებს თუ არა, ამას მისი კონდიციიდან გამომდინარე შევხედავთო, განაცხადეს ჩვენმა მეტოქეებმა.


სხვათა შორის, ორივე გუნდის თავკაცი, დღეს მეტოქის სიძლიერეზე და თავისებურებებზე ლაპარაკობდა. პრინციპში, თუ არ ჩავთვლით, რეალურად ესპანეთის ნაკრების ყველა მწვრთნელის დამოკიდებულებას, გარდა ბოლო, კიოლნში გამართული ესპანურ-ქართული დაპირისპირებისა, ყველა მეტოქისთვის უბრალოდ ნორმაა, მოწინააღმდეგე შეაქოს, თუნდაც, საპირისპიროს იძახდეს შეტრიალებული.


პრესკონფერენციაზე შემოსული მოთამაშე ვიტალი  მიკოლენკომ აღნიშნა, რომ კარგად იცნობს ქართულ ფეხბურთს და იცის, რომ ყოველთვის კარგი გუნდი იყო. მას უთამაშია „დინამო თბილისისა" და  საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წინააღმდეგ.




ხვალ, ვილის უნდა „ბევრი შეტევა და აგრესია" უკრაინის ძლიერ გუნდთან, თუმცა, არც ისე, რომ დაცვა დაგვავიწყდესო. ოქტომბრის ფანჯარაში, სწორედ, ეს აგრესია დაგვაკლდაო. საქართველოს ძლიერ და სუსტ მხარეებზე ლაპარაკიდან თავი აირიდა რებროვმა. ჩვენთან, ოქტომბრის თამაშის შემდეგ, შეცვლილი ტაქტიკით ითამაშა, შევხედავთ, რა იქნება ხვალ და ამის მიხედვით ავეწყობითო, ამბობს მოწინააღმდეგე გუნდის მთავარი მწვრთნელი.


„მათემატიკური გამოთვლები არ მიყვარს. ის ვიცი, რომ ორი თამაშია დარჩენილი და თუ მოვიგებთ, ჯგუფში პირველ ადგილზე გავალთ. თუმცა, ჩვენი მიზანი არაა დავამთავროთ ჯგუფი პირველი ადგილით, ჩვენი გეგმაა ვაჩვენოთ კარგი თამაში და მოვიგოთ თამაშები. ჩემთვის თამაშის სტილი არის მთავარი", - ამბობს ვილი.


საქართველოს ნაკრები, რომელმაც შეკრება 11 ნოემბერს საგურამოში დაიწყო, დღეს ბათუმში გადმოფრინდა და საღამოს ივარჯიშა. ვილი სანიოლმა ვარჯიშზე ნიკა კვეკვესკირი იახლა, რომლის შესახებაც თვის დასაწყისში, თბილისში, მიხეილ მესხზე ბევრიც ისაუბრა, როგორც გამოცდილ ფეხბურთელზე, მოტივატორზე, რომელსაც „გასახდელში" სიტყვა ეთქმის.




„როდესაც ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობ, წარმატებული სერია გაქვს თავდაჯერება იზრდება. წინა შეკრება, მცირეოდენნი ფეხის დაცდენა იყო და ამაზე გუნდური რეაქცია უნდა გვქონდეს. თავდაჯერებულობა ზედმეტად არ უნდა აგივარდეს. ფეხბურთში,  ცოტა სითავხედე საჭიროა, მაგრამ უნდა იპოვო ბალანსი თავდაჯერებულსა და სითავხედეს შორის. ამ ნაკრებს ამის კონტროლი შეუძლია და ამას მომდევნო ორ თამაშში ვაჩვენებთ", - ამბობს ნიკა.


სხვათა შორის, უკრაინული წარმოშობის იოჟეფ საბომ, უკრაინის ნაკრებს ხვალინდელ მატჩში მარცხი უწინასწარმეტყველა. რებროვმა, ყველას თავისი აზრი აქვს, ჩვენ ხვალინდელი თამაშისთვის სერიოზულად ვემზადებითო. ფაქტია, რომ ხვალინდელ თამაშში, რომელიც „აჭარაბეთ არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში წვიმაა გამოცხადებული, უკრაინელებს, იმ გადახნული ყანისგან განსხვავებით, გამართულ დრენაჟიანი მოედანი დახვდებათ. ალბათ, ერთადერთი პრობლემა გულშემატკივარი იქნება, რომელიც უკრაინისადმი სოლიდარობისა და სიყვარულის მიუხედავად, ხვალ საკუთარი ქვეყნის, საქართველოს ირგვლივ გაერთიანდება.




და ბოლოს, ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში, ოთხი ტურის შემდეგ, ჯგუფს ის ჩეხეთი ლიდერობს, რომელიც სექტემბერში ვილის გუნდმა თბილისში გაანადგურა და 19 ნოემბერს კიდევ ერთხელ შეებრძოლება. საქართველო, ალბანეთთან ერთად 2-3 საფეხურს იყოფს. 4 ქულით ბოლოა უკრაინა - ეს ის „მათემატიკის გაკვეთილია", რომელიც ვილის არ უყვარდა. თუმცა, ხვალ მისი თავკაცობით, საქართველოს ნაკრები, ამ ციფრების შეცვლას და წინ წაწევას შეეცდება.