ერთი ნაბიჯი, ერთი „ფინალი“ - ევროს ფინალამდე
ერთი ნაბიჯი, ერთი „ფინალი“ - ევროს ფინალამდე
15.11.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვილი სანიოლის და რამაზ სვანაძეს, ხშირად უთქვამთ, რომ ისინი ქართული სანაკრებო ფეხბურთის განვითარებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა გუნდები და სხვადასხვა ტურნირები აბარიათ, ერთიანი გეგმით მუშაობენ. პირადად ჩვენ, ამით თუ ავხსნით, იმ შესამჩნევ ცვლილებებს, რომელიც ერთმა, 2024 წლის ზაფხულში ჩატარებულმა ევროპის ჩემპიონატმა საქართველოს მოუტანა. ევრო 2024-ის გამოძახილს გვაგონებს შემართება და ზოგჯერ შეიძლება წაგების დროსაც, რაც საქართველოს როგორც ქალთა, ასევე, ვაჟთა ნაკრებებს დაეტყოთ. თუმცა, ახლა, კონკრეტულად რამაზ სვანაძის გუნდის დღევანდელ თამაშზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება, რომელიც თბილისში, მიხეილ მესხზე ჩატარდა და ხორვატებზე, ქართველთა გამარჯვებით, 0-1 დასრულდა.

ვიღაცამ, რომელიც მხოლოდ ოქმს ჩახედავს, შესაძლოა თქვას, რომ  „უფ, ავტოგოლით მოუგიათო", თუმცა, ავტოგოლად მხოლოდ ოქმში ჩაიწერა დანარჩენი კი, თამაშის საწყის წუთებზე შესანიშნავი შეტევა იყო, რომელსაც თუ არა მარკო სოლდო, აბდულ შაჰილის არ იყოს, კვერნაძის მიერ წამოწყებულ შეტევას, რომელმაც გამარჯობის თქმა არ აცალა ხორვატებს, ისე წაიღო ბურთი ფლანგიდან, გადასცა მამაცაშვილს, რომელსაც მხარი გიზი მამაგეიშვილმა აუბა და საბოლოოდ, ბურთიც "ლელოდ" გარდაისახა კარში. ისე, სოლდო რომ არ ჩარეულიყო საქმეში, იქვე ლაშა ოდიშარიაც იყო, რომელიც მთელი თამაში ფლანგიდან საკმაოდ მწვავედ თამაშობდა.


დღეს, განსაკუთრებით მომეწონა ირაკლი აზაროვი, რომელმაც ზონებში, თითქმის ყველაფერი ასუფთავა. თამაშის ბოლოს, ირაკლი, კოჭლობით დატოვა მოედანი, სამედიცინო გუნდის წევრების თანხლებით, თუმცა, ჩვენი გვერდის ინფორმაციით, აზაროვი თავს კარგად გრძნობს, ისევე, როგორ ლუკა გაგნიძე, რომელსაც საკმაოდ ბევრი „მოხვდა" და რამდენჯერმე ექიმებსაც დასჭირდათ მისი „მონახულება". სხვათა შორის, ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრები საკმაოდ უხეში და ხისტი გუნდი აღმოჩნდა.


სიხისტის გარდა, ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების მოწინააღმდეგე, გაშვებული გოლის შემდეგ, ანგარიშის გათანაბრებას შეეცადა. თუმცა, მეორე ტაიმში, სვანაძის გუნდმა უფრო იაქტიურა. ერთ-ერთ ასეთ აქტიურობას სტუმართა მეკარის ნიკოლა ჩავლინას გაძევება მოჰყვა, გიზო მამაგეიშვილის წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო. თუმცა, ამ მომენტამდე შეცვლაზე შემოსულ გაბრიელ სიგუას ჰქონდა საინტერესო მომენტი. კიდევ ერთხელ, გოლისგან, უკვე შეცვლაზე შემოსულმა მეკარემ იხსნა ხორვატთა კარი.


„დავალებების შესრულებით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ მთლიანობაში მიზანს მაინც მივაღწიეთ და ეს მახარებს. დაძაბული და დიდი მნიშვნელობის თამაშის ფონზე ფეხბურთელების მონდომება და ნაჩვენები შედეგი დასაფასებელია. ვიცოდით, რომ ხორვატებს დანაკლისი ჰქონდათ. ველოდით და გამოჩნდა, რომ შემადგენლობაში მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავთ. ჩვენ ჩვენი მიზანი გვაქვს და შევეცდებით, საპასუხო მატჩშიც სასურველ შედეგს მივაღწიოთ", - ამბობს მატჩის შემდეგ რამაზ სვანაძე.


მომეწონა გაბრიელ სიგუაც, რომელიც სანაკრებო ფერხულში საკმაოდ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ჩაერთო. იმ შეცდომების მიღმა, მეორე ტაიმით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, არ გამოიყურებოდა ურიგოდ. თუმცა, საპასუხო მატჩის წინ, რომელიც 19 ნოემბერს რიეკაში, რუიევიცას სტადიონზე გაიმართება, სვანაძეს გუნდთან კიდევ აქვს დეტალები „გასვლელი".


და ბოლოს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ხორვატიაში, 16 ნოემბერს, საღამოს გაემგზავრება და თამაშამდე 3 დღით ადრე, ბოლო ნაბიჯისკენ იქ მოემზადება.

 

 

ფოტო:სფფ / თამუნა ყულუმბეგაშვილი