
ერთი თვის წინ პოზნანში გამართული მატჩის შემდეგ, უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერჰეი რებროვმა ბათუმის „აჭარაბეთ არენას" საფარი დაიწუნა, მძიმე იყოო და შესაბამისად, ის რომ მეტი გოლი არ გაიტანეს, როგორ ჩანს ამას დააბრალა. თუმცა, იმავე სტადიონზე ითამაშა საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც საბა კვერკველიას ავტოგოლის შემდეგ, რა დასამალია და შოკიდან გამოსასვლელად დაახლოებით 20 წუთი დასჭირდათ. სწორედ, ამ 20 წუთზე ილაპარაკა ვილი სანიოლიმ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, თუმცა, მოდით ყველაფერი, თანმიმდევრობით მოვყვეთ...
დღეს დილიდან ბათუმში კოკისპირულად წვიმდა. მთელი დღის მანძილზე, რიგ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ მიზეზით, შესაძლოა მატჩი გადადებულიყო. როგორც ჩანს, ვიღაცას, მსგავსი აურზაური, ძალიან აწყობდა. თუმცა, არც უეფა და არც სფფ-ი მატჩის გადადების საშიშროებას ვერ ხედავდა. ერთადერთი, რაც დღეს გადაიდო, ქართველი ქომაგების მსვლელობა იყო.
სავსე ტრიბუნები და საკუთარი გულშემატკივრის მხარდაჭერა, რებროვის კიდევ ერთი არგუმენტი იყო იმის გასამართლებლად, რომ დღეს ბათუმში „სხვა თამაში" იყო, ვიდრე, ოქტომბერში.
„ასეთ მძიმე საფარზე რთული თამაში იყო. საქართველოს გულშემატკივრისგან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, მაგრამ მაინც შეგვეძლო ბოლოს თამაშის მოგება. მიუხედავად ამისა, გვაქვს ის, რაც გვაქვს. შესვენებაზე, მუდრიკმა ბევრი იშრომა, მას ავუხსენი რაზე უნდა გაემახვილებინა ყურადღება. სწრაფია, მაგრამ დღეს მისთვის რთული იყო ასეთ მინდორზე სისწრაფეების გამოყენება", - ამბობს რებროვი.
სხვათა შორის, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, ვილი სანიოლის შეეკითხებიან, ჩაკვეტაძის შეცვლის მიზეზს, რაზეც, ქართველთა მწვრთნელი უპასუხებს, რომ მას სჭირდებოდა მოთამაშე, რომელიც უკრაინელების საჯარიმოში „ სწრაფად აურევდა". ბუნებრივია, ვილის ასე, სიტყვა-სიტყვით არ უთქვამს, მაგრამ შინაარსი ეს იყო და თანაც დაამატა, რომ ზუკამ ამის გაკეთება შეძლოო. მართლაც, მეორე ტაიმში, მინდორზე შემოსული დავითაშვილმა, უკრაინელთა დაცვლის ხაზი გვარიანად ააწიოკა.
სწრაფი გოლი გახდა ორივე მთავარი მწვრთნელის საკვანძო მომენტი. უკრაინელები ამ ფაქტორის გამოყენებას სასიკეთოდ ცდილობდნენ, ქართველები კი, შოკიდან გამოსვლას.
„სწრაფი გოლი გადამწყვეტი ფაქტორი იყო, ამის შემდეგ ვცდილობდით ანგარიშის შენარჩუნებას და დაცვიდან ჩვენი შანსის ლოდინს, მაგრამ საქართველოს ნაკრები ძალიან მოტივირებული იყო", - ამბობს რებროვი.
„გოლის შემდეგ ცოტა ბიჭებს ცოტა დაბნეულობა დაეტყოთ, რადგან კარგად დავიწყეთ და ის გოლი, მენტალურად, რთულად მისაღები იყო. ამის შემდეგ, ნახევარი ტაიმი არ ვითამაშეთ კარგად. თუმცა, არის მეორე მხარეც. ზოგჯერ ასეთ მომენტებს, პოზიტიურადაც უნდა შევხედოთ, იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რომ რაღაცეებს ვსწავლობთ. ჩვენ, ახლა ვართ ევროპის ტოპ გუნდებთან ახლოს და ზოგჯერ, უნდა ვისწავლოთ. ეს რთული პროცესია, როგორც სკოლაში, როდესაც მასწავლებელი რაღაცას გიხსნის და შენ ეს არ გესმის რთულია. ასეა აქაც. მენტალური სიძლიერეა საჭირო, რომ თამაშის დროს გააანალიზო რა იყო კარგი და რა არა, ეს სწავლის პროცესია. მეორე ტაიმში, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, ნათლად დამანახეს, რომ ეს გაკვეთილი კარგად გაიაზრეს, რადგან მეორე ტაიმი, ძალიან კარგად ითამაშეს", - ამბობს ვილი სანიოლი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უკრაინის დღევანდელი დაპირისპირების წინა დღით, რებროვს, კვარაცხელიას საკითხის „გადაჭრაზე" შეეკითხნენ, რაზეც უკრაინელთა თავკაცმა უპასუხა, რომ ამას, როგორც პოზნანში გამართულ თამაშზე, ამჯერადაც ისე გააკეთებდნენ. „კონოპლიას თამაშით კმაყოფილი ვარ, მან და სხვებმაც კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაშს თავი მეტ-ნაკლებად კარგად გაართვეს, რადგან ხვიჩა ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელია", - ამბობს რებროვი, რომელიც არ ვიცით, როგორ ახსნიდა „კვარას" განეიტრალებას, თუკი, ეს უკანასკნელი ხარიხაზე კი არა, რამდენიმე მილიმეტრით დაბალი ტრაექტორიით გაუშვებდა ბურთს. არადა, ხვიჩას, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, ჰქონდა კარგი მომენტები. ალბათ, ისევე როგორც გიორგი მიაქუტაძეს, რომლის დარტყმულიც ასევე მცირე მანძილით ასცდა საწადელს.
ბუნებრივია, მატჩის შემდგომი პრეს-კონფერენცია ვერ ჩაივლიდა ქართულ-უკრაინული მეგობრობის თემის გარეშეც. „მადლობა გულშემატკივარს, ისინი პირველ ტაიმში ძალიან საინტერესო სიმღერას მღეროდნენ. ქართველი ხალხის მხარდაჭერას ომის დაწყების პირველივე დღიდან ვგრძნობთ და მადლობა ამისთვის", - ამბობს რებროვი. სხვათა შორის, ჩვენ შევეცადეთ ქომაგებთან გადაგვემოწმებინა, პირველ ტაიმში ნამღერი და მივედით დასკვნამდე, რომ უკრაინელებს ალბათ ეცნოთ, და მოეწონათ, ქომაგების მიერ შესრულებული საუნდთრექი ფილმიდან „ბაში აჩუკი". თუმცა, ამ მეგობრობის მიუხედავად, პატარა არასასიამოვნო კურიოზი, ტრიბუნაზე სადაც უკრაინელი ქომაგები ისხდნენ უკრაინულ-ქართული დროშებითა და პლაკატებით, მაინც მოხდა... და მაშინვე ჩაცხრა, ისე, რომ ალბათ, ჩემს გარდა, ვინც კონკრეტულად, სტუმართა გუნდის ფან-სექტორის ძირში ვაფარებდი წვიმას თავს, არც არავის დაუნახავს და გაუგია. აქ ჩემი პირადი მოსაზრება - გულშემატკივარი, ალბათ, დროა შევეჩვიოთ, რომ გოლი რომელიც გადის, ვიღაცას მოსწონს და მეორეს აღიზიანებს. თუ გვინდა ცივილურ სამყაროში ცხოვრება კიდევ, უნდა ვისწავლოთ ასე, გვერდი-გვერდ თამაშის ცქერა, რადგან სანაკრებო ფეხბურთში, „ულტრასობა" არაა ტრენდული.
„ვფიქრობ, თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ გოლის დროს დაშვებულმა შეცდომამ, 20 წუთი ჩვენს თამაშზე ცუდად იმოქმედა. საერთო ჯამში, ფეხბურთელებმა დღეს მაღალი სტანდარტის თამაში უჩვენეს. ახლა, ჯერ რთულია გააანალიზო ბოლომდე, მაგრამ ჩემი აზრით, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო, რაც საქართველოში ვმუშაობ. ბედნიერი ვარ, რომ იმ ხუთმა ფეხბურთელმაც, რომლებიც შეცვლაზე შევიდნენ და მთლიანად გუნდმა, იბრძოლეს ქვეყნისთვის. შესაძლოა თავს ვიტყუებ, მაგრამ მეორე ტაიმში შეგვეძლო მეტი გაგვეტანა. ამ დონეზე ამდენი შეცდომის დაშვება არ შეიძლება", - ამბობს ვილი სანიოლი, რომლის გუნდმაც, დღეს, ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე", უეფა-ს ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეხუთე შეხვედრა ფრედ, 1-1 ითამაშა (მატჩის სრული სტატისტიკა).
შეგახსენებთ, რომ ანგარიში მე-7 წუთზე, უკრაინელთა კონტრშეტევის დროს გაიხსნა, როდესაც საბა კვერკველიას, საკუთარ კარში ჩაეჭრა ბურთი (ისე, მამარდას, აუღებელი კი დაურტყა). მიუხედავად იმისა, რომ პირველი მცდელობის შემდეგ არ გაუმართლა, „ბომბარდირმა" ბათუმში კიდევ ერთხელ გაიტანა. 76-ე წუთზე სწორედ, გიორგი მიქაუტაძის გოლის შემდეგ, გადაარჩინა ქულა საქართველოს ნაკრებმა. ჩვენებს შეეძლოთ კიდევ გატანა. თუმცა, შეეძლოთ უკრაინელებსაც. მაგალითად ბოლო წუთებზე, როდესაც გიორგი მამარდაშვილმა ერთმანეთზე მიყოლებით, ერთი შეტევის დროს, ორო მკვდარი ბურთი მოიგერია...
და ბოლოს, მატჩის მიმდინარეობა რომ გავიხსენოთ და მწვრთნელების მიერ გაკეთებული განცხადებებით არ ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ, უეფა-ს ვებ-გვერდზე, მატჩის შემდგომ სტატისტიკასაც მოვიშველიებთ - საქართველოს ნაკრებმა უკრაინელთა კარის მიმართულებით 18-ჯერ დაარტყა, მაშინ როცა მეტოქემ ეს მხოლოდ 7-ჯერ მოახერხა (ორი უკანასკნელი, გიორგი მამარდაშვილის ის „სეივები" იყო).
ჩვენს ჯგუფში, მეორე შეხვედრა, ალბანეთსა და ჩეხეთს შორის ფრედ 0-0 დასრულდა. ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ჩეხეთი, რომელსაც საქართველოს ნაკრები 19 ნოემბერს, უნდა სტუმრად ეთამაშოს, 8 ქულით პირველ ადგილზეა. 7-7 ქულით მეორე ადგილზე საქართველოსა და ალბანეთის ეროვნული ნაკრებები არიან. ბოლო, მე-4 ადგილზე 5 ქულით უკრაინის ნაკრებია. ასე, რომ ჯგუფში, რომელშიც თავიდანვე ნათელი იყო, რომ ყველას შეუძლია იყოს პირველიც და ბოლოც, ყველაფერს ბოლო ტური გადაწყვეტს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები, ბოლო მატჩის ჩასატარებლად, ბათუმიდან, ჩარტერული რეისით ხვალ გაემგზავრება.





ჩვენ







