საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა
24.11.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თითქმის საათით დაგვიანებით დაწყებული თამაში, წაგებული პირველი მეოთხედი და გზადაგზა დალაგებული თამაში, რომელიც საბოლოოდ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვებით 81-64 დასრულდა.

ფინეთში, რამდენიმე დღის წინ გამართული შეხვედრის მსგავსად, ჩვენი დღევანდელი მეტოქე, ამჯერადაც პერიმეტრიდან ცდილობდნენ ქულების აღებას, თუმცა, განსხვავებით 21 ნოემბერს გამართული შეხვედრიდან, ამჯერად ჩვენები მეტოქეს გაქცევის საშუალებას არ აძლევდნენ. კამარ ბოლდუინი რომელმაც დღეს, თბილისი არენაზე სადებიუტო შეხვედრა გამართა, სულაც არ იმჩნევდა უცხოობას და პირიქით, შეიძლება ითქვას, გუნდის დირიჟორიც კი გახდა, თორნიკე შენგელიასთან ერთად.


„კამარა არის გულიანი ბიჭი. თუ არ ვცდები, მან გუნდთან ერთად რამდენიმე სრულფასოვანი ვარჯიში ჩაატარა (ამბობს შენგელია და დასტურის მისაღებად ჯიკიჩს უყურებს, რაზეც ეს უკანასკნელი ეთანხმება). ამ მცირე პერიოდში აჩვენა, რომ გუნდურად თამაში შეუძლია და აქვს მაღალი საკალათბურთო IQ.   მან საკმაოდ მარტივად მოახერხა გუნდთან ადაპტაცია და მისით, კმაყოფილი ვართ. ის, უკვე ჩვენი ოჯახის წევრია", - იტყვის მატჩს შემდეგ თორნიკე შენგელია, საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალ ნატურალიზებულ  კალათბურთელზე, რომელმაც დღევანდელი შეხვედრა სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო, გიორგი შერმადინთან, დუდა სანაძესთან, ალექსანდრე ფევაძესთნ და თორნიკე შენგელიასთან ერთად, პარკეტზე 37:12 წუთი გაატარა და საბოლოოდ, ქართველთა გუნდში, მარგი ქმედების კოეფიციენტით (34%) საუკეთესო იყო, არა მხოლოდ ქართულ, არამედ ორივე გუნდში. ამას გარდა, კამარამ 22 ქულა დააგროვა და ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა.  ალბათ, აქვე უნდა ვთქვათ, რომ კამარამ მხოლოდ პირველი ტაიმში 14 ქულა დააგროვა.


მატჩს შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იტყვის, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი თამაში იყო და ეს მიუხედავად იმისა, რომ ფინელებს, როგორც მასპინძლებს, ევრობასკეტი 2025-ზე თამაშის უფლება განაღდებული აქვთ. დღევანდელი მოწინააღმდეგე იყო სწრაფი გუნდი, რომელიც საკუთარ ფარში გაუშვებდა თუ არა ბურთს, უკვე მთელი გუნდით წინ იყო.


„კი, დღევანდელი თამაში დავიწყეთ ცუდად. მეორე ნახევარში მოწინააღმდეგეს საკმაოდ ვაჯობეთ. მინდა, ჩემი გუნდის ყველა წევრს მადლობა გადავუხადო, ჩემი გაძლება მარტივი არ არის", - იტყვის ჯიკიჩი მატჩის შემდეგ, რომლის გუნდმაც პირველი მეოთხედი ცოტა, ჩვენი აზრით, უფრო ემოციურ ფონზე ჩაატარა და ამის ხარჯზე 17-21 წააგო. ერთ მომენტში სხვაობა, 9 ქულაც შეადგინა სტუმართა სასარგებლოდ. საბედნიეროდ, სტუმრებსაც ეშლებოდათ და რა დასამალია, ეს წაგვეშველა. მეორე მეოთხედში, ქართველთა გუნდი ცოტა დალაგდა თამაშში და მეოთედის მოგებაც მოახერხა, 21-19, თუმცა პირველი ტაიმი მაინც მასპინძლების სასარგებლოდ 38-40 დასრულდა. სხვათა შორის, ბოლო 21 წამი, ბურთით საქართველოს ნაკრები იყო, ასე, რომ ცოტა რომ ეჩქარათ (რაც სხვათა შორის, საქართველოსა და ფინეთის ნაკრებების პირველი დაპირისპირებისას, ჩვენი აზრით, ქართველთა გუნდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წუნი იყო) და დრო არ გაპარვოდათ, შეგვეძლო ტაიმიც მოგვეგო.


„ერთი მინდა აღვნიშნო, ის რაც ამ ბიჭმა (თოკოზე უთითებს), ბოლო დღეებში გააკეთა, ჩემთვის წარმოუდგენელია. დაახლოებით 3 ნოემბრიდან დღევანდელი დღის ჩათვლით 10 თამაში ითამაშა. 10 თამაში, ამის მეტი ვერაფერს ვიტყვი..." - ამბობს ჯიკიჩი. თოკომ, რომელსაც რეალურად ჯიკიჩის ხსენებულ პერიოდში, ამოსუნთქვის საშუალება არ მისცემია, ქულების აგროვება „გამოზომილად" დაიწყო. პირველი მეოთხედის შემდეგ 9 ქულა ჰქონდა, თამაშის ბოლოს კი, კაპიტანი 25 ქულით საუკეთესო იყო ორივე გუნდში. კაპიტანმა პარკეტზე 35:02 დაჰყო.


„პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ მე გმირი არ ვარ. მე ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს - ვთამაშობ ეროვნულ ნაკრებში და ამაში მთელს ენერგიას ვდებ. ამ გუნდის კაპიტნობა ჩემთვის ბევრს ნიშნავს", - ამბობს თორნიკე შენგელია.


მეორე ტაიმში, ჯიკიჩის გუნდი აშკარად უფრო „მშვიდად" გამოვიდა და 3 ქულით დაწინაურებაც მოახერხა. ქართველების დაცვაში კარგად თამაშის პარალელურად, ფინელებმა ნელ-ნელა სროლები გააცუდეს. ამ მონაკვეთში ქართველთა შორის რატი ანდრონიკაშვილს გამოვყოფდით, რომელმაც, ალბათ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდამტეხი როლი ითამაშა, ჩაჭრა ბურთები, დაასრულა შეტევა და გააკეთა შედეგიანი გადაცემა. საბოლოოდ, ქართულმა გუნდმა მეოთხედი 17-13 მოიგო, ბოლო მეოთხედის წინ ანგარიში უკვე 55-53 იყო საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. ბოლო მეოთხე მეოთხედში, საქართველოს ნაკრებმა ბოლოს და ბოლოს, მოახერხა 8 ქულით გაქცევა. აქ „ლოკომოტივის" ფუნქცია თორნიკე შენგელიამ ითავა. საკმაოდ, კარგად წაუვიდა თამაში ბექა ბურჯანაძეს, რომელიც თუ ფარს არ უტევდა, მოწინააღმდეგეს, საკმაოდ ბევრ თავსატეხს უქმნიდა.  ბოლო მონაკვეთში, არ ვიცი ჯიკიჩი რამდენად, მაგრამ მე მაშინ დავმშვიდდი, როცა, საქართველოს ნაკრებმა 10 ქულიან სხვაობას მიაღწია ანგარიშში. სხვათა შორის, ერთ-ერთ ერთ მომენტში, დაახლოებით 3 წუთნახევრით ადრე, ქართველთა ერთ-ერთი წარმატებული შეტევის შემდეგ, თვალში სერბის გაღიმებული სახე მომხვდა. რაღა დაგიმალოთ და მე მსგავსი პირველად შევნიშნე. საქართველოს ნაკრებმა ბოლო მეოთხედი 26-11, საბოლოოდ შეხვედრა კი 81-64 (მატჩის სრული სტატისტიკა) 17 ქულიანი სხვაობით მოიგო.


ჯიკიჩმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა კარგად იცის, რომ წარმატებული ნოემბერი, ბევრი არაფრის მთქმელია, რადგან საქართველოს ნაკრებს ნაკრებში ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა, თუმცა, თუ კაპიტანს დავესესხები, 15 სხვადასხვა გუნდში მოთამაშე კალათბურთელის მცირე დროში, ერთ სისტემაში მოიყვანა ბევრ მწვრთნელს არ ეწიფება ხელთ. ამის გამო კაპიტანმა სერბს მადლობაც გადაუხადა.


ვიდრე ოკეანის გადაღმა მყოფი ლეგიონერები შემოგვიერთდებიან, შეიძლება ითქვას, რომ ალექსანდრ ჯიკიჩმა მოძებნა ხუთეული რომელსაც დიდი ალბათობით დანიასთან თამაშში დაეყრდნობა სანაძე, შენგელია, ბოლდუინი, ბექაური, ანდრონიკაშვილი. თუმცა, მოკლე სკამი, რის შესახებაც, დღეს პრეს-კონფერენციაზე ბევრი არაფერი უთქვამთ, ცოტა არ იყოს მე პირადად მაფიქრებს. დღევანდელმა შეხვედრამ 8 კალათბურთელზე გადაიარა. პარკეტზე „მეცოტავა" გიორგი შერმადინი (21:56 წუთი და 5 ქულა), დუდა სანაძე, პირველი შეხვედრის მსგავსად, სტაბილური იყო.


და ბოლოს, საქართველოს ეროვნული ნაკრები G ჯგუფში ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვებას ახერხებს და ევრობასკეტზე ასპარეზობას უახლოვდება. თუმცა, 2025 წელს, ევროპის მთავარ საკალათბურთო ფორუმზე საასპარეზოდ, დარჩენილი ორი თამაშიდან, ერთი სახლში, დანიასთან 21 თებერვალს, აუცილებლად უნდა მოვიგოთ.



სტატია რედაქტირებულია 25.11.24  01:30 საათზე - ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა სერბეთსა და დანიას შორის 98-51 დასრულდა სერბების სასარგებლოდ.