გიგა გვენცაძე საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მომდევნო 4 წელი უხელმძღვანელებს
გიგა გვენცაძე საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მომდევნო 4 წელი უხელმძღვანელებს
24.11.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, თბილისში, „დინამო არენაზე" საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ყრილობა გაიმართა. დღეიდან, მომავალი 4 წლის მანძილზე ქართველ სპორტულ ჟურნალისტებს სპორტული კომენტატორი გიგა გვენცაძე უხელმძღვანელებს. 


„საერთოდ, კონკურენცია ყველგან ჯობია, მაგრამ ისე მოხდა, რომ პრეზიდენტობის მხოლოდ ერთი კანდიდატი ვარ. თუმცა ამას ის პლუსი აქვს, რომ ყველამ გავიმარჯვეთ, დამარცხებული კი არავინაა", - ამბობს გიგა გვენცაძე, რომელიც ასოციაციის წევრი ჟურნალისტებისგან მზადაა ახალი იდეები, მათი განხორციელების გზებთან ერთად, მოისმინოს.


სსჟა-ის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციას, რომელსაც 101 დელეგატი დაესწრო, დიდი არჩევანის გაკეთება არ მოუხდათ, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ ერთი, გიგა გვენცაძე იყო. შესაბამისად, გვენცაძემ დელეგატების აბსოლუტური უმრავლესობის ხმა მიიღო და აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ აბაიშვილი შეცვალა, რომელიც ორგანიზაციას 8 წელი ხელმძღვანელობდა.


პრეზიდენტთან ერთად, ორგანიზაციის სამი ვიცე-პრეზიდენტი აირჩეს, რომელთა შორისაა მიხეილ აბაიშვილი, ასევე ბიძინა ბარათაშვილი და თენგიზ პაჭკორია, რომელიც აღნიშნულ პოსტზე წინა საარჩევნო ციკლიც მუშაობდნენ. ასოციაციის გენერალურ მდივნად, ყრილობამ ზურაბ თალაკვაძე დაამტკიცა.


აღსანიშნავია, რომ ყრილობამ, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წესდების ახალი რედაქცია დაამტკიცა.



ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი