პირველად, ქართული სპორტული წყვილი გრან პრის ფინალში იასპარეზებს
პირველად, ქართული სპორტული წყვილი გრან პრის ფინალში იასპარეზებს
26.11.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

5-8 დეკემბერს, ფრანგულ გრენობლში გრან პრის ფინალი გაიმართება ფიგურულ ციგურაობაში, სადაც ქართული სპორტული წყვილი, ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა იასპარეზებენ. საინტერესო დეტალი - საქართველოს  ფიგურული  ციგურაობის ისტორიაში  ასეთი   მასშტაბის ტურნირზე  ჩვენი  ქვეყანა პირველად იქნება  წარმოდგენილი სენიორების სეგმენტში  სპორტული  წყვილთა კატეგორიაში.


სპორტის ამ ლამაზი სახეობის მოყვარულებმა კარგად იციან, თუმცა, სხვებს შევახსენებთ, რომ აღნიშნულ ფინალში, გრან პრის სერიებზე მოპოვებული საუკეთესო შედეგის მქონე მოციგურავეები ასპარეზობენ. ქართველებმა კი, ჯამში 24 სარეიტინგო ქულა დააგროვეს და მსოფლიოს 5 საუკეთესო წყვილთა (კანადა, იაპონია, გერმანია, იტალია და  აშშ) ერთად, აღნიშნულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.


გამომდინარე იქიდან, რომ ანასტასიამ და ლუკამ, ორი დღის წინ პოლონეთში, ვარშავაში დასრულებული ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირი მოიგეს, ჩვენები აშკარად საბრძოლო განწყობაზე არიან. პოლონურ ჩელენჯერზე, ქართულმა წყვილმა 14 ქვეყნის 15 წყვილს შორის იასპარეზა და 202.03 ქულით, ორი პროგრამის ჯამში პირელი ადგილი დაიკავა. ანასტასიამ და ლუკამ უკან ბრიტანეთისა და კანადის წარმომადგენლები ჩამოიტოვეს. წყვილის ეს გამარჯვება, ზემოთხსენებული გრან პრის ფინალის წინ, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ბევრად მნივშნელოვანია, რადგან იაპონიის გრან პრის ეტაპის მოგების შემდეგ, კიდევ ერთი მოგებული ტურნირი, მათ თავდაჯერებულობასა და მოტივაციას ზრდის.


ამჯერად სათანადო ქულები ვერ დააგროვეს ქართველ მოციგურავეთა გუნდის სხვა წარმომადგენლებმა, რომლებმაც მონაწილეობა ჩინეთში გამართულ გრან პრის ბოლო ეტაპზე მიიღეს. მამაკაცებს შორის ნიკა ეგაძემ 247.54  ქულით მე-4 ადგილით  დაასრულა ასპარეზობა, ქალთა შორის ანასტასია გუბანოვა  სამწუხაროდ მე-8 ადგილს დასჯერდა. ასევე მე-8 ადგილზე გავიდა დაიანა დევისისა და გლებ სმოლკინის  წყვილმა.