ბითაძის 8 ქულა, 5 დაფარება და მისი ორლანდოს მე-11 გამარჯვება ბოლო 12 მატჩში
ბითაძის 8 ქულა, 5 დაფარება და მისი ორლანდოს მე-11 გამარჯვება ბოლო 12 მატჩში
30.11.2024
ავტორი: ირაკლი პერტაია / კალათბურთის ფედერაცია

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა" ბოლო თორმეტი შეხვედრიდან მეთერთმეტე მატჩი მოიგო. ფლორიდელებმა ამჯერად ნიუ იორკის შემოგარენში, „ბრუკლინ ნეტთსთან" გაიმარჯვეს 123-100.


ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე 26 წუთი გაატარა და ამჯერად თავი დაფარებებით გამოიჩინა: მის ანგარიშზე 5 ბლოკ-შოტი, 8 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრაა. სასტარტოში იყო სეზონის დასაწყისში ორლანდოს ნომინალური ცენტრი ვენდელ კარტერი. მან გოგაზე 1 წუთით მეტ ხანს ითამაშა და შედეგიანი იყო - 12 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი. ორლანდოელთაგან ქულების მხრივ საუკეთესო გერმანელი ფრანც ვაგნერი იყო - 29 ქულა.


„მეჯიქს" 14 მოგება, 7 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-3 ადგილზეა. ოთხი გამარჯვებით ჩამორჩება ლიდერ „კლივლენდს".


ბითაძეს მომდევნო მატჩი კვლავ ბრუკლინში 2 დეკემბერს ელის.