
თორნიკე შენგელია
თორნიკე შენგელიას გამორჩეული შედეგიანობა და მისი ვირტუსის დასანანი მარცხი სერია A-ში. იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში ბოლონიური კლუბი სტუმრად "ბრეშას" შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში - 97-98 დამარცხდა.
ვირტუსის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და ორმაგი დუბლიც მიითვალა თორნიკე შენგელიამ. მან 32 წუთში 20 ქულას, 13 მოხსნას, 1 პასს, 1 ჩაჭრას და 1 დაფარებას მოუყარა თავი. თოკომ 9-დან 7 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო გამოიყენა, მან ბურთის ჩაგდება პერიმეტრიდან ოთხჯერ სცადა, თუმცა, უშედეგოდ. აქვე ვიტყვით იმასაც, რომ შენგელიამ ბურთი 5-ჯერ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდა.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა - მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 8 ქულით მოიგეს, მაგრამ დიდ შესვენებამდე ვირტუსმა წინ გასვლა 5 ქულით მოახერხა. ბოლო პერიოდამდე ბოლონიელებმა უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდეს, თუმცა, ბრეშამ თამაში მაინც გადაარჩინა და საბოლოო ჯამში, 1 ქულით მოიგო.
მასპინძლების მხრიდან საუკეთესო 24 ქულით ჯეისონ ბერნელი იყო, 22 ქულა კი ნიკოლა ივანოვიჩს ჰქონდა.
ვირტუსს 7 მოგება და 2 მარცხი აქვს და ამ შედეგით მეორე ადგილს ტრაპანისთან და ბრეშასთან ერთად იყოფს. მომდევნი ტურში, 8 დეკემბერს შენგელიას გუნდი ოლიმპია მილანოს დაუპირისპირდება.
გოგა ბითაძე
გოგა ბითაძემ სეზონში მე-6 ორმაგი დუბლი მიითვალა, მისმა ორლანდომ კი ბოლო 13 მატჩიდან, რომლებშიც ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში შეუცველად იდგა, 12 მოიგო. მორიგი მატჩი ორლანდოელებმა ბრუკლინში მოიგეს, სადაც 2 დღის წინ უკვე მოიპოვეს გამარჯვება. ბითაძემ პირველ პერიოდში 9 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, მთლიანად მატჩში კი თავი 12 ქულას, 13 მოხსნას, 3 ჩაჭრას, 2 პასს და 2 დაფარებას მოუყარა.
სასტარტო ხუთეულში კვლავ 2 ნომინალური ცენტრი იდგა. თუკი ზოგადად ძირითადი ცენტრი კარტერი იყო, რომელსაც ბითაძე ცვლიდა ხოლმე, ან მისი ტრავმის პერიოდში ხუთეულში ადგილს იკავებდა, ახლა ვითარება შეიცვალა. სრულიად ჯანმრთელი კარტერიც ხუთულშია და ქართველიც მის გვერდზე. ბითძე ცენტრის პოზიციაზე დგას, კარტერი კი - მძიმე ფორვარდის. ზოგადად ორივე ერთი ყაიდის მოთამაშეა, თუმცა გოგა უფრო ფარისკენაა შეწეული, მაგრამ ათლეტური ტანისა და თხელი ფორმების ხარჯზე ის მშვენივრად გადაადგილდება მოედანზე, გარბის სწრაფ შეტევაში და პერიმეტრზეც მშვენივრად სოლირებს. მთავარი კი ისაა, რომ ორლანდოს მთავარი მწვრთნელი მიხვდა, რომ ბითაძის ადგილი სასტარტოშია და პაოლო ბანკეროს ტრავმის შემდეგ სასტარტო ხუთეულის ფუნდამენტური როტაცია განახორციელა და ეს ძალიან ამართლებს. რა იქნება ბანკეროს დაბრუნების შემდეგ, ძნელი სათქმელია, თუმცა ბითაძის როლი და შედეგიანობა რომ თვალდა ხელს შუაა გაზრდილი, ეს თვალნათელია.
რაც შეეხება შეხვედრას, ორლანდომ ბრუკლინი ამჯერად 100:92 დაამარცხა. ორივე გუნდის შემაგენლობაში 25 ქულით საუკეთესო ბრუკლინელი ქემერონ ჯონსონი იყო, ბრუკლინ ნეტსიდან ასევე გამოირჩა დენის შროდერი, რომელსაც 20 ქულა ჰქონდა. ორლანდოს მხრიდან ქულების ყველაზე დიდი მაჩვენებელი ფრანც ვაგნერმა დააფიქსირა - 20 ქულა, კარტერის ანგარიშზე კი 14 ქულა და 7 მოხსნაა.
ორლანდოს შესანიშნავი სერია გრძელდება - ფლორიდულმა გუნდმა ზედიზედ მე-6 შეხვედრა მოიგო და ბოლო 13 მატჩში მხოლოდ 1 აქვს წაგებული. მეჯიქი ახლა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს და მხოლოდ ბოსტონ სელტიკსი და კლივლენდ კავალიერსი უსწრებენ. გოგა ბითაძეს შემდეგი თამაში 4 დეკემბერს ნიუ იორკ ნიქსთან უწევს.
რატი ანდრონიკაშვილი
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. 23 წლის გამთამაშებელს, რომელიც სანაკრებო ფანჯრამდე რიგის ვეფ-ში 3-კვირიანი კონტრაქტით იყო, "მონბუს ობრადოიროში" იასპარეზებს. ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე კლუბმა ქართველ გამთამაშებელს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმა.
ანდრონიკაშვილის შესახებ კლუბის ოფიციალურ გვერდზე შემდეგი კომენტარი დაიწერა:
"ანდრონიკაშვილი გამთამაშებლის პოზიციაზე თამაშობს, მისი მოწვევა კი იმ პრობლემას უკავშირდება, რაც ტომს ლეიმანისისა და ტომეუ რიგოს ტრავმებმა გამოიწვია. ის რიგის ვეფ-იდან შემოგვიერთდა, რომლის რიგებშიც ბოლო პერიოდში ირიცხებოდა და საშუალოდ 8.3 ქულას, 4.7 მოხსნასა და 2.7 პასს აგროვებდა"
ქართველი უკანახაზელის ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ექტორ გალანმაც:
"რატი ის კალათბურთელია, რომელმაც ჩვენი უკანა ხაზი უნდა გააძლიეროს. მას თამაში შეუძლია როგორც პირველ, ასევე - მეორე ნომერზე. ანდრონიკაშვილი ჯერ კიდევ მზარდი მოთამაშეა, რომელსაც ლიგა ენდესაში თამაშის გამოცდილებაც გააჩნია, როდესაც მურსიასა და სარაგოსას ღირსებას იცავდა. ის მეტ ენერგიას შეგვძენს, რადგანაც თავისი პოზიციისთვის შესაშური ფიზიკური მონაცემები გააჩნია, მთელს მოედანზე დაცვაში ძალიან ძლიერია და შეტევაში გადასვლაც კარგად შეუძლია. საერთო ჯამში, რატი ძალიან გაგვაძლიერებს. ანდრონიკაშვილს ვუსურვებ, რომ ადაპტაციის პერიოდი მალე გაიაროს და კლუბს სარგებელი მოუტანოს".
ესპანეთის მეორე ლიგას Primera FEB-ი ეწოდება და იქ ობრადოირო გასული სეზონის შემდეგ დაქვეითდა. გუნდმა მე-17 ადგილი დაიკავა და უმაღლესი ლიგა დატოვა. მიმდინარე სეზონში ობრადოირო მონბუსი მე-6 ადგილზეა. გუნდს 6 მოგება და 3 მარცხი აქვს, შენდეგ შეხვედრას კი 5 დეკემბერს, სტუმრად პალენსიასთან ჩაატარებს.





ჩვენ







