
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, თბილისის „იბერია 1999"-მა ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა. ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა, „გაგრა", 1-2 დაამარცხა. საქართველოს უკვე ორგზის ჩემპიონმა, ორი განსხვავებული ტაიმი ითამაშა, საიდანაც მეორეში სრული უპირატესობა მოიპოვა. შეცვლაზე შემოსულმა გიზი მამაგეიშვილმა, და ჯერ თავად გაიტანა, 50-ე წუთზე, შემდეგ, კი 84-ე წუთზე სილას გაატანინა. „იბერია 1999", რომელიც აღნიშნულ ტიტულს 2018 წელს პირველად დაეუფლა, კუთვნილ ფარს ბოლო ტურში, „პეტრო არენაზე", წყალტუბოს „სამგურალის" წინააღმდეგ მატჩის დასრულების შემდეგ მიიღებს.
აღნიშნულ ტურში, „სამგურალმა" საშინაო მატჩში „ტორპედო" დაამარცხა, 2-1 და ჩემპიონატს მე-5 ადგილზე დაასრულებს. აი, „ტორპედო" კი, რომელიც მიმდინარე სეზონში, ყველაზე დაბალანსებულ გუნდად მიიჩნეოდა და ბევრი გარემოებების გამო, მას ჩემპიონობასაც უწინასწარმეტყველებდნენ, ბოლო ტურში გაარკვევს, გადაასწრებს გორის „დილას" და მეორე ადგილით დაასრულებს ჩემპიონატს, თუ დარჩება სატურნირო ცხრილის მესამე საფეხურზე.
გორის „დილამ" თავის მხრივ ბათუმში მოუგო „დინამოს" 0-2 და შესაბამისად, აჭარული გუნდი მომავალ წელს ევროტურნირების გარეშე დატოვა. უკვე ცნობილია, რომ უეფა-ს ევროტურნირებზე 2025-2026 წლების სეზონზე „იბერია 1999", „დილა" და „ტორპედო" ითამაშებენ. ევროსარბიელზე, მეოთხე ქართული გუნდის ვინაობას კი, 5 დეკემბრის სათასო ფინალი გამოავლენს, რომელშიც ლიგა 2-ის წარმომადგენელი „სპაერი" , „დინამო თბილისს" დაუპირისპირდება.
სხვათა შორის, „იბერიას" დღევანდელი გამარჯვება სამაშველო რგოლი გამოდგა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბისთვის „დინამო თბილისისთვის", რომელიც სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ხმაურიანი ტიტულის მიღმა, ელიგის ყველაზე ახალგაზრდული გუნდია და მთელი წელი ცდილობს სათამაშო სტილის პოვნას. ერთი ტურით ადრე ჩემპიონატის დასასრულამდე, დინამოელები ფოთის „კოლხეთი 1913"-თან მშრალი ანგარიშით 3-0 დამარცხდნენ. თუმცა, გუნდმა ბოლო ტურის წინ, გადასათამაშებელ ზონაში მყოფ უახლოეს კლუბს 4 ქულით გადაუსწრო და უხერხულ ვითარებას თავი დააღწია. შესაბამისად, ახლა ქართული ფეხბურთის ფლაგმანს, შეუძლია სრულად, სათასო თამაშზე გადაერთოს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ტურის ბოლო შეხვედრა, ხვალ 2 დეკემბერს გაიმართება, უკვე ნათელია, რომ „სამტრედია" მომავალ სეზონში ლიგა 2-ში დაქვეითდება. „თელავი" და „გაგრა" კი, ფლეი-აუთს ითამაშებენ.
და აქვე შეგახსენებთ, დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ჩემპიონს:
19-გზის ჩემპიონი - „დინამო თბილისი" - (1990, 1991, 1991-92, 1992-93, 1993-94, 1994-95, 1995-96, 1996-97, 1997-98, 1998-99, 2002-03, 2004-05, 2007-08, 2012-13, 2013-14, 2015-16, 2019, 2020, 2022)
4 - „ტორპედო" (1999-2000, 2000-01, 2001-02, 2017)
2 - „იბერია 1999" (2018, 2024)
2 - „ვიტ ჯორჯია" (2003-04, 2008-09)
2 - „რუსთავი" (2006-07, 2009-10)
2 - „ზესტაფონი" (2010-11, 2011-12)
2 - „დინამო" ბათუმი (2021, 2023)
1 - „სამტრედია" (2016)
1 - „დილა" (2014-15)
1 - „სიონი" (2005-06)
ფოტო:სკ "იბერია 1999"





ჩვენ







