
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეტოქეები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე პორტუგალიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ნაკრებები იქნებიან. ახალგაზრდული ჩემპიონატის წილისყრა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა მეორედ იასპარეზებს, ბრატისლავაში, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ბუნებრივია, წილისყრას, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძეც ესწრებოდა, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებთან ალექსანდრე იაშვილთან და კახა ჭუმბურიძესთან ერთად. შესაბამისად, ჯგუფის შესახებ შეფასებებსაც მოგვიანებით გაგიზიარებთ.
მანამდე კი გეტყვით, რომ ქართული გუნდი თამაშებს ჟილინაში და ტრენჩინში გამართავს 11-17 ივნისის პერიოდში. აქედან რამაზ სვანაძის გუნდის, ევროპის ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრას 11 ივნისს, ჟილინაში, პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. ჟილინაში მოუწევს ჩვენს გუნდს, მეორე შეხვედრის გამართვაც, 14 ივნისს საფრანგეთის წინააღმდეგ. ჯგუფის ბოლო შეხვედრას ჩვენი ფეხბურთელები 17 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებენ და თამაში უკვე ტრენჩინში გაიმართება.
წილისყრამ, რომელიც ვივალდის მშვენიერი „წელიწადის დროებით" გაიხსნა, ოთხი დროის მსგავსად, გუნდები 4 ჯგუფში გადაანაწილა.
A ჯგუფი
სლოვაკეთი
ესპანეთი
იტალია
რუმინეთი
B ჯგუფი
ჩეხეთი
ინგლისი
გერმანია
სლოვენია

C ჯგუფი
პორტუგალია
საფრანგეთი
პოლონეთი
საქართველო
D ჯგუფი
ფინეთი
ნიდერლანდები
უკრაინა
დანია
სლოვაკეთი, რომელიც მზად არის ფეხბურთის მომავალი ვარსკლავების თაობას უმასპინძლოს, ახალგაზრდულ ჩემპიონატს მეორედ მასპინძლობს. თუმცა, ადრინდელისგან განსხვავებით, ამჯერად მასპინძელი ქალაქების რიცხვი სამიდან რვამდე გაზარდა. ფინალი, ბრატისლავაში ჩატარდება. საერთო ჯამში კი, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფარგლებში 31 მატჩი ჩატარდება. სხვათა შორის, მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ხვალიდან, 4 დეკემბრიდან განახლდება.
და ბოლოს, წილისყრის დაწყებამდე ორგანიზატორებმა, რუმინეთსა და საქართველოში გამართული ახალგაზრდული ევროს ამსახველი ვიდეო-რგოლი აჩვენეს, სადაც ქართველი ფეხბურთელებისა და ქომაგების დასამახსოვრებელი მომენტები სოლიდურად იყო წარმოდგენილი.





ჩვენ







