
გუშინ, ბრატისლავაში ევროპის 2025 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა, რომლის დროსაც საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ჯგუფი და მეტოქეების ვინაობა გაირკვა. ჩვენი გვერდი როგორც გაუწყებდათ, ცერემონიას, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე, სფფ-ის ვიცე პრეზიდენტი და სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელი ალექსანდრე იაშვილი და სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე ესწრებოდნენ.
საქართველოს ნაკრები, მისთვის მეორე ევროპის ჩემპიონატს, 11 ივნისს, პოლონელებთან მატჩით გახსნის. თამაში სლოვაკურ ჟილინაში ჩატარდება, რომელიც პოლონეთთან მოსაზღვრეა და შესაბამისად, მეტოქე გუნდის ქომაგებიც ბევრი დაესწრება აღნიშნულ შეხვედრა.

„საინტერესო ჯგუფია, რა თქმა უნდა რთული მატჩები გვექნება, თუმცა ასეთ გუნდებთან დაპირისპირება ჩვენთვის საფეხბურთო დღესასწაულია. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ კარგად წარმოვაჩინოთ ქართული ფეხბურთი ამ ტურნირზე. ევროპის ჩემპიონატზე უკვე მეორედ ვთამაშობთ, თუმცა, აქ ყოფნის უფლება ამჯერად ჩვენი თამაშით და უდიდესი შრომით მოვიპოვეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ჩვენი სამწვრთნელო შტაბი, ასევე ჩვენი ფეხბურთელები ივნისში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი გუნდი აქ ღირსეულად წარმოვაჩინოთ", - ამბობს რამაზ სვანაძე.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომელსაც ნოემბერის სანაკრებო ფანჯრის დაწყებამდე სფფ-მ კონტრაქტი 2028 წლამდე გაუხანგრძლივა, ფიქრობს, რომ ჯგუფთან და მომავალ მეტოქეებთან დაკავშირებულ დეტალებზე მოგვიანებით ილაპარაკებს. მისი კომენტარიდან, რომელის სფფ-ის სანაკრებო გვერდმა გამოაქვეყნა ვიგებთ, რომ დიდი ალბათობით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მარტში შეიკრიბება, ივნისში კი, სლოვაკეთში გამგზავრებამდე ამხანაგური შეხვედრის გამართვასაც მოასწრებს. „იმედი მაქვს, რომ ყველა ფეხბურთელი ამ თამაშებს მწყობრში შეხვდება"-ო ამბობს სვანაძე.
ევროპის 2025 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომელი 11-დან 28 ივნისის ჩათვლით სლოვაკეთის 8 ქალაქში გაიმართება, 16 გუნდს უმასპინძლებს. ჩვენს გუშინდელ სტატიაში ვიუწყებოდით, რომ მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს, ევროპული დროით 12:00 საათიდან განახლდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც C ჯგუფში მოხვდა პირველ ორ შეხვედრას ჟილინაში, გამართავს. სწორედ ამ პატარა სლოვაკურ ქალაქში გამართავს პოლონეთისა და საფრანგეთის ნაკრებების წინააღმდეგ ჯგუფის პირველ ორ შეხვედრას საქართველოს ნაკრები.

„თავიდანვე ვიცოდით, რომ მარტივი ჯგუფი არ შეგვხვდებოდა, რადგან ამ ტურნირზე ევროპის საუკეთესო 16 ნაკრები თამაშობს. კი, პორტუგალიაც და საფრანგეთიც არიან ტოპ ქვეყნები, მაგრამ 2023 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება. ახლა მთავარია კარგი მოსამზადებელი პერიოდი გავიაროთ და ფეხბურთელები ჯანმრთელად შეხვდნენ ტურნირს. დანარჩენი გამოჩნდება მოედანზე", - ამბობს ალექსანდრე იაშვილი.
საქართველოს ნაკრები პოლონელ თანატოლებს აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში ოფიციალურ მატჩებში ექვსჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 4 მატჩი წააგეთ, ერთი მოიგეს და ერთიც ფრედ ითამაშეს. ორიდან ორი წაგება გვაქვს ფრანგებთან. აი, პორტუგალიის ნაკრებს კი, საქართველოს ნაკრები ერთხელ, 2023 წლის ევროზე, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე" შეხვდა და გიორგი გაგუასა და საბა საზონოვის გოლებით დაამარცხა. თუმცა, ალბათ, როდესაც პორტუგალიის ნაკრებზე ვლაპარაკობთ, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ 2022 წლის 24 სექტემბერს კუვილიაში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, პორტუგალიელებმა 4-1 დაგვამარცხეს.
ძალიან საამაყოა, რომ ზედიზედ მესამე ზაფხული საქართველო თამაშობს ევროპის ჩემპიონატზე, რაც ძალიან დიდი მიღწევა მგონია, მაგრამ მთავარი უკვე ტურნირზე გასვლა აღარ არის, განვლილი ორი ტურნირიდან გამომდინარე გვაქვს იმის ამბიციაც, რომ ფინალურ ეტაპზე ჩვენი სიტყვა ვთქვათ და კიდევ ერთ ახალ ნიშნულს მივაღწიოთ", - ამბობს იაშვილი.

სტატიაში გამოყენებულია სფფ-ის ფოტო





ჩვენ







