ლუკა მაისურაძე ტატამს უბრუნდება!
ლუკა მაისურაძე ტატამს უბრუნდება!
04.12.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ლუკა მაისურაძე იძულებითი შესვენების შემდეგ, ტატამს უბრუნდება, -90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი, შეგახსენებთ, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დოპინგ სკანდალში იყო გახვეული. ჩვენთვის რთული სათქმელია, მოხერხდა თუ არა, რეალური მიზეზების გარკვევა და აგო თუ არა პასუხი, IJF-ის მიერ დასჯილი ქართველი ჯუდოკის გარდა ვინმემ, მაგრამ ფაქტია, რომ ლუკას საკმაოდ მნიშნელოვანი ოლიმპიური წელი გაუცდა და ამას გარდა, ახლა დიდი გარჯა მოუწევს, რომ მისთვის კუთვნილ რეიტინგს დაუბრუნდეს.


ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მაისურაძე პირველ გრან-სლემზე იასპარეზებს და საქართველოდან, ამომავალი მზის ქვეყანაში, მარტო იქნება წარმოდგენილი. ტოკიოს გრან სლემზე, რომელიც რამდენიმე დღეში, 7 და 8 დეკემბერს გაიმართება და რომელიც ძიგორო კანოს სახელითაც არის ცნობილი, საერთო ჯამში, 46 ქვეყნის 283 ჯუდოკა მიიღებს მონაწილეობას.  ეს იქნება საკმაოდ გრძელი სეზონის ბოლო ტურნირი, რომელიც IJF-ის ეგიდით გაიმართება.


აქვე გეტყვით, რომ დღემდე, ძიგორო კანოს ტურნირი, სამ ქართველს აქვს მოგებული: 1982 წელს, დავით ბოდაველს, 2015 წელს ავთანდილ ჭრიკიშვილს  და 2019 წელს ბექა ღვინიაშვილს. რაც შეეხება ლუკას, ტოკიოს გრან სლემზე მან 2023 წელს იასპარეზა და ვერცხლის მედალი მოიგო. აქვე გეტყვით იმასაც, რომ 2024 წლის 21 დეკემბერს, ლუკა ევროპის საკლუბო ჩემპიონატზეც არის დარეგისტრირებული. ამ მომენტისთვის 26 წლის ქართველი, მსოფლიო რეიტინგის მე-14 ნომერია. წონას კი, მოგეხსენებათ, 6000 ქულით ასევე საქართველოს წარმომადგენელი ლაშა ბექაური ლიდერობს.



ფოტო: (C) IJF / თამუნა ყულუმბეგაშვილი