მსოფლიო ჩემპიონატისკენ გზა მარტიდან მარტამდე გადის!
მსოფლიო ჩემპიონატისკენ გზა მარტიდან მარტამდე გადის!
13.12.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს 2025 წლის მარტიდან დაიწყებს. ჯერ-ჯერობით თამაშების ზუსტი განრიგი არაა ცნობილი, თუმცა, უკვე ნათელია, რომ ვილი სანიოლის გუნდს, საკმაოდ ცხელი მარტი ელის.


ქართველთა ნაკრებს კი, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაგებად E ჯგუფში, ესპანეთისა და ნიდერლანდების წყვილს შორის გამარჯვებულ, თურქეთისა და ბულგარეთის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ მოუწევს თამაში.  ჯგუფი დღეს, ციურიხში გამართული წილისყრისას გაირკვა.


ტურნირის დებულების თანახმად, ევროპიდან მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისის პერიოდში, სამ ქვეყანაში, აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება, 16 გუნდი იასპარეზებს. მათ შორის, პირდაპირი წესით ევროპის საკვალიფიკაციო 12 ჯგუფის გამარჯვებული გავა. დანარჩენი საგზურებისთვის ბროლას კი, 12 მეორეადგილოსანი ფლეი-ოფში გააგრძელებს ასპარეზობას.


ბუნებრივია, წინასწარ ჯგუფში ადგილის განსაზღვრა აბსურდულია, თუმცა, არც თუ შორეული წარსულიდან გამომდინარე (მომავალ და პოტენციურ მეტოქეებთან ბოლო წლებში ჩატარებული თამაშები გვაქვს მხედველობაში), საქართველოს ნაკრები დიდი ალბათობით, თურქებთან გაარკვევს საუკეთესო მეორე ადგილოსნის ვინაობას. შესაბამისა, ალბათ, საინტერესოა თავად ფლეი-ოფის ფორმატსაც გადავხედოთ.


2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის 12 მეორეადგიოლოსანი, 2024-2025 წლების უეფა-ს ერთა ლიგის უკეთესი რეიტინგის მქონე ჯგუფის გამარჯვებულთან ერთად მოხვდება, თუკი ბუნებრივია, ეს უკანასკნელები ვერ მოახერხებენ მსოფლიო საკვალიფიკაციოდან ვერც პირდაპირი წესით გასვლას და ვერც საუკეთესო მეორე ადგილოსანთა შორის მოხვედრას.


ამგვარად, ფლეი-ოფში მოგროვდება 16 გუნდი, რომელიც თავის მხრივ, წილისყრის შედეგად, ოთხ ჯგუფს შექმნის, სადაც ე.წ. 1/2 ფინალები და ფინალი გაიმართება. აღნიშნულ ჯგუფებში მატჩები ერთ-რაუნდიანი იქნება. თამაშები 2026 წლის მარტში ჩატარდება. ასე, რომ ჯერ 2025 წლის მარტით უნდა დავიწყოთ და ვეცადოთ, მინიმუმ 2026 წლის მარტამდე მივიდეთ და შემდეგ, მარტი ხომ ჩვენი თვეა!


ჯგუფური ეტაპის თარიღები

მარტი - ნოემბერი, 2025

ფლეი-ოფის დღეები

26 და 31 მარტი, 2026

ფინალური ტურნირი

11 ივნისი - 19 ივლისი 2026