
საქართველოს ეროვნული ნაკრების კალენდარი დადგინდა. მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებს E ჯგუფში მყოფი ვილი სანიოლის გუნდი 2025 წლის სექტემბრიდან დაიწყებს.
„რთული ჯგუფია. ესპანეთი და ნიდერლანდები მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შორის არიან. თურქეთის ნაკრებს, როგორც ევროპის ჩემპიონატზე ვიხილეთ, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც სწრაფად ვითარდებიან და წამყვან ევროპულ კლუბებში თამაშობენ. თურქეთში თამაში ყოველთვის რთულია, რადგან დიდი მხარდაჭერა აქვთ გულშემატკივრებისგან. ბულგარეთის ნაკრები კი არ არის ისეთი ძლიერი, როგორც 20 წლის წინ იყო, თუმცა მაინც რჩება ანგარიშგასაწევ გუნდად. რთული ჯგუფია, სადაც გამოკვეთილ ლიდერს თუ არ ჩავთვლით, სამივე გუნდს შეუძლია ერთმანეთთან ქულების დაკარგვა. მნიშვნელოვანია, როგორ ჩავატარებთ საშინაო შეხვედრებს, რადგან სწორედ საშინაო კედლებში ნაჩვენები შედეგები იქნება წარმატების ერთ-ერთი საწინდარი", - ამბობს ვილი სანიოლი, რომლის კომენტარსაც სფფ-ს სანაკრებო გვერდი ავრცელებს.
ამავე წყაროზე დაყრდნობით საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფის პირველ შეხვედრას 2025 წლის 4 სექტემბერს, სახლში, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, თუმცა, თუ სად ჩატარდება თამაში, ამ ეტაპისთვის არ კონკრეტდება.
„შეიძლება ითქვას ჩვენ ერთ-ერთ რთულ ჯგუფში მოვხდით. თუმცა, ყველა გუნდთან სათამაშოდ მზად ვართ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის მეტოქე. ვფიქრობ, ძლიერი გუნდების წინააღმდეგ თამაში უფრო ზრდის მოტივაციას. ესპანეთი, ბოლო ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. მესამე კალათიდან, ყველაზე რთული მეტოქე საქართველო იყო. გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტი ქულა აქვს ბულგარეთია, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ საკმაოდ კარგი ახალგაზრდული გუნდი გვყავს, ასეთ მაღალი დონის ჯგუფში თამაში ფეხბურთელებს ფიზიკურად და მორალურად გააძლიერებს. მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენ არ ვიყავით 22 წელი, ეს ძალიან დიდი დროა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამ ჯგუფისთვის და გვინდა მოგება. იმ შემთხვევაშიც თუ ჯგუფს ვერ მოვიგებთ, გვინდა ვიყოთ მეორე, რათა გავაგრძელოთ ბრძოლა და ფლეი-ოფში თამაშის შანსი", - ამბობს ვინჩენცო მონტელა, თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
საქართველოს ნაკრების შესახებ, ჩვენი პირველი მეტოქის ოფიციალურ გვერდზე ლაპარაკობს თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიჰუნ ქაზანჯიც, რომელიც ამავე დროს ფიფა-სა და უეფა-სთან სანაკრებო მეკავშირეა. მისი აზრით, მე-3 და მე-4 კალათებიდან საკმაოდ რთული მეტოქეები შეხვდათ და ამ ჯგუფიდან ყველაფერს ელის. „საქართველო არის გუნდი აღმავლობის გზაზე. ჩვენ სამივე საშინაო შეხვედრა უნდა მოვიგოთ", - ამბობს ქაზანჯი. მსოფლიოს შესარჩევზე ჩვენი პირველი მეტოქე, თურქეთის ნაკრები ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატზე 2002 წელს თამაშობდა. შესაბამისად, მეზობელ ქვეყანაში თვლიან, რომ ახლა, ზუსტად ის დროა, რომ 22 წლის შემდეგ მუნდიალზე დაბრუნდნენ. მეზობლებთან თამაშში, როგორც ჩანს მინიმუმ საშინაო თამაშებში ქულების მაქსიმუმის აღებას გეგმავენ, ამასთან ჯგუფის მეოთხე გუნდად უფრო ნიდერლანდებისკენ იხრებიან და ამიტომ ესპანეთისა და ნიდერლანდების დაპირისპირებაშიც ამ უკანასკნელის მხარდამჭერები იქნებიან. ერთია, მერე არ „შემოუბრუნდეთ".
„რა თქმა უნდა რთული ჯგუფია, ესპანეთიც და ნიდერლანდებიც წამყვანი გუნდები არიან მსოფლიოს მასშტაბით. ესპანეთის წინააღმდეგ საკმაოდ ბევრი თამაში დაგვიგროვდა, დღესდღეობით ვთვლი, რომ საუკეთესო ნაკრებია. თურქეთს გამორჩეული ინდივიდუალური მოთამაშეები ყავს, ამ გუნდს კარგად ვიცნობთ, მათ წინააღმდეგაც ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე, ბულგარეთი ტრადიციული საფეხბურთო ქვეყანაა. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის. ვიცით, რომ ეს რთული იქნება, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. კარგია, რომ ივნისის თვეში გვექნება ამხანაგური მატჩები და მოვემზადებით საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებისთვის, რომელიც სექტემბერში დაიწყება. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, მარტის პლეი-ოფი წარმატებით ვითამაშოთ და შემდეგ მთელი კონცენტრაცია იქნება საკვალიფიკაციო ეტაპის მოსამზადებელ პერიოდზე და უშუალოდ ამ თამაშებზე", - ამბობს ალექსანდრე იაშვილი, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი.
საქართველოს ნაკრები გუშინ, ციურიხში გამართული წილისყრის შემდეგ, მუნდიალის E საკვალიფიკაციო ჯგუფში მოხვდა ესპანეთი/ნიდერლანდების, თურქეთისა და ბულგარეთის ნაკრებებთან ერთად. ყველაზე ცუდ სცენარში, ვილი სანიოლი გუნდმა მეორე ადგილისთვის უნდა იბრძოლოს და ამისთვის მას დიდი ალბათობით, სწორედ თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ მოუწევს ურთიერთობის გარკვევა. შეგახსენებთ, რომ გუნდები ბოლოს ერთმანეთს დორტმუნდში, საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის სადებიუტო შეხვედრაში დაუპირისპირდნენ და საკმაოდ დაძაბული, საინტერესო და ბევრი სპეციალისტის შეფასებით, ევრო 2024-ის ერთ-ერთი საინტერესო შეხვედრა, რომელიც ალბათ, თუ რეალურად შევაფასებთ ვითარებას უფრო საყაიმო დასასრულს იმსახურებდა, 3-1 დასრულდა თურქების სასარგებლოდ. ამასთან, შეგახსენებთ, რომ იმ შეხვედრაში ბოლო გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-7 წუთზე გავიდა, მას შემდეგ, რაც ჩვენებმა შანსები ვერ გამოიყენეს გასათანაბრებლად, თურქებმა კი, ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნეს.
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2025 წლის მარტში ორი მნიშვნელოვანი თამაში ელის უეფა-ს ერთა ლიგა-ში B ჯგუფში დასარჩენად, სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ. ამას გარდა, დღეს, სანაკრებო გვერდზე გამოქვეყნებული სტატიიდან ირკვევა, რომ ჩვენები ივნისში ამხანაგურ მატჩებსაც გეგმავენ. რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფის მატჩების კალენდარს, ასე გამოიყურება:
4 სექტემბერი / საქართველო - თურქეთი
7 სექტემბერი / საქართველო - ბულგარეთი
11 ოქტომბერი / ესპანეთი/ნიდერლანდები - საქართველო
14 ოქტომბერი / თურქეთი - საქართველო
15 ნოემბერი / საქართველო - ესპანეთი/ნიდერლანდები
18 ნოემბერი / ბულგარეთი - საქართველო
და ბოლოს, ამ ეტაპისთვის ჩვენი გვერდისთვის უცნობია, თუ რომელ სტადიონებზე გაიმართება საქართველოს ნაკრების, როგორც საშინაო, ასევე გასვლითი თამაშები.





ჩვენ







