
ტრადიციული თარიღისგან დაგვიანებით, მაგრამ 16 ოქტომბერს, „დუდუ დადიანის სახელობის მემორიალის" მორიგი გათამაშება აიღებს სტარტს. ტურნირში, რომელიც სამსახურის, საქართველოს კალათბურთს ფედერაციის დერეფანში მოკლული, 90-იანების ცნობილი ქართველი კალათბურთელისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის დუდუ დადიანის ხსოვნას ეძღვნება, წელს 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
თავდაპირველად, გუნდები ორ ჯგუფში გადანაწილებულები გაარკვევენ ჯგუფებში საუკეთესოებს. კენჭისყრის შედეგად პირველ ჯგუფში თბილისის „დინამო", „რუსთავი", „ბათუმი", „თსუ-ჰიუნდაი" და „მარნეული" მოხვდნენ. მეორე ჯგუფში კი, „ქუთაისი", „მგზავრები", „კაკტუსი", „ოლიმპი" და „ტიტები-შსს აკადემია" მოხვდნენ.
თამაშები ტრადიციულად თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება და ჯგუფური ეტაპის დღეებში მატჩები, დღის 12 საათიდან დაიწყება. ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული გუნდები 22 ოქტომბერს ფინალურ მატჩს ითამაშებენ.
შეგახსენებთ, რომ „დუდუ დადიანის მემორიალის" მოქმედი გამარჯვებული თბილისის „დინამოა", რომელიც წინა სეზონისგან განსხვავებით სრულიად განახლებული შემადგენლობით იწყებს ახალ საკალათბურთო სეზონს. ცვლილებებია სუპერლიგის მონაწილე სხვა გუნდებშიც. აღნიშნული ტურნირი ერთგვარი ტესტ-ტურნირია სუპერლიგის დაწყებამდე. შესაბამისად, ამა თუ იმ გუნდის, ქვეყნის მთავარი ტურნირისთვის მზადყოფნის შესახებაც, გულშემატკივარს უკვე წლებია, სწორედ დადიანის ტურნირიდან ექმნებათ შტაბეჭდილება.
გეტყვით იმასაც, რომ უკვე წლებია, სწორედ, „დუდუ დადიანის მემორიალით" იწყება ქვეყანაში ახალი საკალათბურთო სეზონი. დადიანის ტურნირის დასრულების შემდეგ, სუპერლიგის დაწყებამდე საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი სუპერთასის 2017-18 წლების გამარჯვებულსაც გამოავლენენ.





ჩვენ








