
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მეინ-რაუნდის მეორე მატჩი საფრანგეთში 5-2 წააგო. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ორლეანში თამაში შემდეგი შემადგენლობით დაიწყო - თორნიკე ბუკია, ირაკლი თოდუა, ვახტანგ კეკელია, გიორგი ღავთაძე, გიორგი ჩიმაკაძე (მატჩის სრული ოქმი).
ალბათ, როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა, რომლებმაც მეინ-რაუნდის სასტარტო შეხვედრაში ბულგარეთის ნაკრები 0-11 გაანადგურეს, საკუთარ კედლებში, საქართველოს ნაკრებთანაც, იმავეს გაკეთებას გეგმავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგებს ქართულ გუნდთან თამაშის გამოცდილება ჰქონდათ, მაშინ ჩვენს გუნდში ნატურალიზებული ბრაზილიელები იყვნენ, ახლა კი, ასათიანის გუნდის თითქმის სრულად სახეცვლილი ჩავიდა სათამაშოდ. შესაბამისად, ფრანგებმაც უფრო თამამად დაიწყეს და პირველივე წუთზე ჰქონდათ ანგარიშს გახსნის მცდელობა. თუმცა, საქართველოს ნაკრებმა, რომელიც მთელი თამაში, რეალურად დაცვაში „იჯდა" პირველი გოლი 9'30'' წუთზე გაუშვა. თუმცა, 14'19'' წუთის შემდეგ, ფრანგები უკვე 2-0-ს იგებდნენ. ალბათ, რომ არა თორნიკე ბუკია, ანგარიში უფრო დიდი იქნებოდა შეხვედრის ამ მონაკვეთშიც და მეორე ტაიმშიც, სადაც რეალურად ქართულმა გუნდმა გიორგი ღავთაძის (30'48'') გატანილი გოლის მერე დაიწყო მეტოქის შეწუხება. თუმცა, ამ მომენტში ფრანგები უკვე 5 ბურთით იყვნენ წინ და ერთი ბურთის გაქვითვა, მხოლოდ მცირედი შვება იყო. ისევე, როგორც შეხვედრის მიწურულს, 39'46'' წუთზე ნიკოლოზ გაბრიჩიძის მიერ გატანილი კიდევ ერთი გოლი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს ნაკრები, რომელიც გადახალისებული და თავიდან ბოლომდე ქართული შემადგენლობით, ძირითადად საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებით თამაშობდა, თანაც, თუ არ ჩავთვლით 2024 წელს გამართულ 8 ამხანაგურ შეხვედრას, რომლის დროსაც ავთანდილ ასათიანის სამწვრთნელო შტაბი, გუნდის შემადგენლობის ძიებაში იყო, ამასთან, ამ ფორმაციის გუნდმა რამდენიმე დღის წინ, კოსოვოსთან პირველად ითამაშა ოფიციალური ტურნირის მატჩი, ფრანგებთან დაფიქსირებული შედეგი, ზოგადად ვითარების ადექვატურია.
რადგან კოსოვო ვახსენეთ, აქვე გეტყვით, რომ ამ ტურში კოსოვომ, საკუთარ მოედანზე ბულგარეთის ნაკრები დამარცხება მოახერხა 6-2, თუმცა, პირველ ტურში კოსოვოსთან მოგებული თამაშის ხარჯზე, ამ ეტაპზე, საქართველოს ნაკრები ჯგუფში, ფრანგების შემდეგ, კვლავ მეორე ადგილზეა.
მომდევნო შეხვედრებს ავთანდილ ასათიანის გუნდი უკვე მომავალ წელს, 31 იანვარს თბილისში გამართავს ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ. 4 თებერვალს კი, პლოვდივში ბულგარეთის წინააღმდეგ, მეინ რაინდის საპასუხო შეხვედრას გამართავს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზურს მეინ რაუნდის ათი ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, კიდევ რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას ფლე-ოფში გააგრძელებს.
ფოტო: © სფფ არქივი / ლაშა კუპრაშვილი





ჩვენ







