ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელ-ნელა უფრო თამამად ბრუნდება
ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელ-ნელა უფრო თამამად ბრუნდება
19.12.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დამოუკიდებელი საქართველოს ყველა დროის საუკეთესო კაცი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალი წლიდან ძველ-ახალ სირთულეებს შეეჭიდება. მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგების ერთ დროს მე-16 ნომერი, იძულებითი შესვენების გამო, მოგეხსენებათ, საკმაოდ დაქვეითდა და სამ ასეულსაც ჩასცდა, თუმცა, ბასილამ მოახერხა ნელ-ნელა „ფსკერიდან" ამოსვლა და მართალია, ჯერ-ჯერობით მისთვის და ჩვენთვისაც უჩვეულო, 208-ე საფეხურიდან, მაგრამ დიდი სლემის ტურნირებზე ბრუნდება.

ავსტრალიის ღია პირველობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ორგანიზატორებმა იმ ჩოგბურთელთა სია ატვირთეს, რომლებიც Australian Open-ს კვალიფიკაციიდან დაიწყებენ ასპარეზობას. ქართველი ჩოგბურთელი ასპარეზობაში 2025 წლის 6 იანვრიდან ჩაერთვება, სამი მატჩის მოგების შემთხვევაში კი, ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდება.


საერთო ჯამში ახალი წლის პირველ საჩოგბურთო ტურნირში, მელბურნ პარკ-ზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან მთავარ ბადეში მოსახვედრად 128 ქალი და 128 მამაკაცი იბრძოლებს. მათ შორის არიან წარსულში საჩოგბურთო რეიტინგების ტოპ 30-ში მყოფი ჩოგბურთელები, ავსტრალიელი ჩოგბურთელები, ამომავალი ვარსკვლავები და დიდი სლემის ტურნირების გამარჯვებულებიც. ერთ-ერთი ამ ჩამონათვალიდან ჩვენი ბასილაც არის.


საკვალიფიკაციო ბადის თამაშები 6-9 იანვრის ჩათვლით გაიმართება. 9 იანვარს კი ის 16 ჩოგბურთელი (16 კაცი და 16 ქალი) გაირკვევა, რომლებიც მთავარ ბადეში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ.


ჩვენი გვერდი წარმატებას უსურვებს ბასილას და ველოდებით მას ჯერ, მთავარ ბადეში და მერე, რატომაც არა...