
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საფეხბურთო არდადეგები გამოცხადდა, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები რამდენიმე დღეა შეკრებაზე იმყოფება. ირის ანტმანის განკარგულებაში ეროვნული ნაკრების წევრებთან ერთად ასაკობრივი ნაკრებების მოთამაშეებიც არიან. მათ შორის არის ანანო წიქარიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქალთა ლიგის 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
„როგორც წელს ვნახეთ, გვყავს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებსაც აქვთ როგორც პირადი, ისე გუნდური მიზნები. ვიმედოვნებ, მომავალ წელს ავისრულებთ ოცნებას. გვსურს, რომ B ლიგაში დავწინაურდეთ, ვიყოთ საუკეთესო გუნდი ჩვენს ჯგუფში. ეს რთული იქნება, რადგან ერთა ლიგას თებერვალში ვიწყებთ. აქამდე არასდროს გვითამაშია ოფიციალური მატჩები წლის ამ პერიოდში, როდესაც ჩემპიონატი ჯერ კიდევ არ არის დაწყებული. თუმცა, აქ სწორედ იმიტომ ვარ, რომ მიყვარს ჩემი ფეხბურთელები, ვენდობი და მჯერა მათი შესაძლებლობების", - ამბობს ირის ანტმანი, რომელიც გოგონებს თბილისური სუსხის მიუხედავად სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში ავარჯიშებს.

მიმდინარე შეკრებაზე ანტმანს 24 ფეხბურთელი ჰყავს გამოძახებული. სამწუხაროდ გუნდთან ერთად არ არის ანა ჩემინავა, გუნდის კაპიტანმა რამდენიმე კვირის წინ ოპერაცია გაიკეთა და 2025 წელი სეზონის გამოტოვება მოუწევს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2025 წელს უეფა-ს ერთა ლიგის გათამაშებაში დაიწყებს ასპარეზობას. C ლიგის მეორე ჯგუფის პირველ შეხვედრას, ქართველი გოგონები 2025 წლის 21 თებერვალს სახლში, ანდორას წინააღმდეგ გამართავენ, 25 თებერვალს კი, ჯგუფის მომდევნო მატჩს, კვიპროსზე ჩაატარებენ. ამ ორი გუნდის გარდა, ირის ანტმანის გაწვრთნილ გუნდს მალტას ქალთა ნაკრებთანაც მოუწევს დაპირისპირება.
„როდესაც საქართველოში ჩამოვედი, მსურდა შემექმნა გუნდი, რომელიც იქნებოდა თავდაჯერებული, ფეხბურთელებს კი ეყვარებოდათ საკუთარი საქმე და ბედნიერები იქნებოდნენ ქვეყნის სახელით თამაშით. რაც მთავარია, ფეხბურთელებს ჰქონდათ რწმენა ამ პროცესის დროს. მათთან მუშაობა ძალიან მომწონს. რა თქმა უნდა, გასაუმჯობესებელი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს, მაგრამ ფეხბურთელები ყველაფერს აკეთებენ მიზნის მისაღწევად", - ამბობს ანტმანი, რომელსაც სფფ-ამ დღეს კონტრაქტი 2026 წლამდე გაუგრძელა.
ირის ანტმანი საქართველოს ქალთა ნაკრებს 2023 წლის აპრილიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით ჩვენმა გუნდმა 18 მატჩი გამართა, საიდანაც 8 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 7 დათმო. ირის ანტმანთან ერთად, საქართველოს ქალთა ნაკრები, ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფში. ამასთან თუ ამხანაგურ სერიასაც დავამატებთ, ჩვენს გოგონებს პირველად ჰქონდათ წაუგებელი მატჩების სერიაც.
„ძალიან წარმატებული წელი გვქონდა, როგორც ვაჟთა, ისე ქალთა ფეხბურთში. ეროვნული ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, ახალგაზრდულმა ნაკრებმა კი ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური სპორტული პრინციპით. პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფში ქალთა ნაკრებმა, რაც დიდი წარმატებაა. წარმატებული სეზონი ჰქონდათ ქალთა ასაკობრივ ნაკრებებს. მიხარია, რომ მოვახერხეთ და სამივე ნაკრებში შევინარჩუნეთ მთავარი მწვრთნელები. გზა, რომელსაც ერთად გავდივართ წარმატებულია, თუმცა წინ კიდევ უფრო დიდი გზა გველის. ირის ანტმანი საოცარი სამუშაოს ატარებს. ქალთა ნაკრები სხვა ეტაპზე გადაიყვანა და ძალიან პროფესიონალური გუნდი ჩამოაყალიბა. უდიდესი სიამოვნებაა მათი ყურება ვარჯიშებზე და თამაშებზე. 2025 წელს, ჩვენი მიზანი ერთა ლიგის ჯგუფში გამარჯვების მოპოვებაა", - ამბობს ალექსანდრე იაშვილი, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი.

სხვათა შორის, ქალთა ეროვნული ნაკრების და ზოგადად, 2024 წელს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრების დამაჯერებელი ასპარეზობა, დომინოს პრინციპივით გავრცელდა ასაკობრივ ნაკრებებზე, როგორც გოგოებზე, ასევე ბიჭებზე. შესაბამისად, ვილი სანიოლისა და რამაზ სვანაძის შემდეგ, სფფ-ის გადაწყვეტილებით, კონტრაქტი გაუხანგრძლივდა ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელსაც. ანტმანი ქალთა ნაკრებს 2026 წლის ჩათვლით იმუშავებს.





ჩვენ







